"დავუპირისპირდები ყველას, ვინც შეცდომებს დაუშვებს" - კვირის პალიტრა

"დავუპირისპირდები ყველას, ვინც შეცდომებს დაუშვებს"

"განცხადებები, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო"

"ალასანიამ ამდენი შეკითხვების ფონზე თავმჯდომარედ არჩევა ისურვა, რაც  შეცდომაა

"ალასანია თავისი გამოსვლებითა და პოზიციით  გამოძიებას პრაქტიკულად, დაუპირისპირდა"

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. ის პროცესებს  პოლიტიკურ კრიზისად არ აფასებს და მიიჩნევს, რომ სახეზე იყო მხოლოდ "კრიზისის ნიშნები".

მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის  შეფასებით, ცუდი არაფერია იმაშიც, რომ ქვეყანაში და მათ შორის პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება. ამავე დროს, აღნიშნა, რომ პროკურატურასთან დაპირისპირება ირაკლი ალასანიას შეცდომა იყო.  "ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანა პროცესი და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პრაქტიკულად, დაპირისპირება მოხდა პროკურატურასთან, რაც შეცდომა იყო. იმ გამოცდილების მქონე პოლიტიკოსისგან, როგორიც ირაკლია, ერთადერთი სწორი პოზიცია იქნებოდა, მაქსიმალურად მიეცა საშუალება პროკურატურისთვის და თვითონაც დახმარებოდა. თავისი გამოსვლებითა და პოზიციით კი ის გამოძიებას, პრაქტიკულად, დაუპირისპირდა", - განაცხადა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.

"ამას პოლიტიკური სარჩული დაუდეს, პოლიტიკურად ანგაჟირებულიაო, თუმცა, ამის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. გასაგებია, რომ პროკურატურასთან არის შეკითხვები, უფრო მეტად საზოგადოებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო ლამაზი უწყების დიდჩინოსანთა დაკავება მაშინ, როცა მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა, მაგრამ ესეც კი ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ "დალაგებული" არ იყო. ეს რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილიყო, თავდაცვის მინისტრის დაბრუნებას დაელოდებოდა ის პოლიტიკოსი, ვინც დაუკვეთა

- პრემიერზე თუ ვისზეც აქვთ მინიშნება, მაგრამ ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.  მისი თქმით, ე. წ. "კაბელების საქმეზე" ალასანიასთან კითხვები აქვს.

"5 მილიონი ლარი, რომელიც სარეზერვო ფონდიდან მიიღო ალასანიამ, ორი კვირის შემდგომ, თითქმის ასი პროცენტი, კომპანია "სილქნეტს" გადაურიცხა. აი, სად ეჩქარებოდა. რისთვის გადაირიცხა ამხელა თანხა და ასე სწრაფად, წელიწად-ნახევრით ადრე?" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.  ყოფილი პრემიერის თქმით, თავდაცვის სამინისტროს არ სჭირდებოდა მაგისტრალის ასაგებად ტენდერის გამოცხადება, როცა სხვა ინტერნეტპროვაიდერს ქუჩის მეორე მხარეს მაგისტრალი ჰქონდა გაყვანილი.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს შეეძლო უფასოდაც გამოეყენებინა კომპანია "დელტაკომის" მიერ გაყვანილი მაგისტრალი, მაშინ, როცა კომპანია "სილქნეტს" მილიონობით ლარი გადაურიცხა.  მისივე თქმით, სამხედროების საკვებით უზრუნველყოფის კომპანიასა და შესაბამის ტენდერთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ მისი პრემიერობის დროიდან მოდის. როგორც ივანიშვილმა  განაცხადა, ალასანიას მუდმივად უთითებდა, რომ აღნიშნული ვალდებულება არ დაკისრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაფუძნებულ კომპანიას, თუმცა ის პირდაპირი წესით მაინც მომმარაგებელ ფირმად აღმოჩნდა.

რაც შეეხება მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებულ განცხადებას, რომ საზოგადოება ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს, ივანიშვილის განმარტებით, მან არ იცის, რა სიურპრიზები შეიძლება არსებობდეს.

"ბევრი განცხადება და მცდარი ქმედება იყო პოლიტიკოსებისა და ჩემი თანამებრძოლების მხრიდან და მათ რიცხვში, ალასანიას მხრიდან.

მე ვუთხარი ირაკლის, არ გიღირს ასეთ სიტუაციაში თავმჯდომარედ არჩევა-მეთქი. მარტივი პასუხია, როდესაც ლიდერთან არის სერიოზული შეკითხვები, ის თავმჯდომარე რომ ყოფილიყო, უნდა გადამდგარიყო.

არ უნდა დააზიანოს თავისი პარტია და თანაგუნდელები. მან შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი და მერე დაუბრუნდეს პარტიას. ის ამ შემთხვევაში არათუ გადადგა, არამედ ამდენი შეკითხვების ფონზე თავმჯდომარედ არჩევა ისურვა, რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებისთვის ყველა მოვლენას აუცილებლად მიეცემა სწორი შეფასება.

"მე ყველა პოლიტიკოსს დავუდგები გვერდით, ვინც ჩემს ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს. დავუპირისპირდები ყველას, ვინც შეცდომებს დაუშვებს და ქვეყნის საზიანო ნაბიჯებს გადადგამს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" არასწორ დროს დატოვეს კოალიცია.

ივანიშვილის განმარტებით, განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. "პრემიერი ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელიც, რა თქმა უნდა. თუ გნებავთ, ის განცხადებები, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს. ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა პრეზიდენტიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოსმენების კანონს მარგველაშვილმა ვეტო იმიტომ დაადო, რომ "ვეტოს დადება უნდოდა". მან პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გაიხსენა. "არა მაქვს დიდი ეჭვი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობს, მაგრამ მისი და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები ძალიან დიდ თანხვედრაშია", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს შეფასება ექსპერტებს ვთხოვეთ:

"კა-გე-ბეს მსგავს დაწესებულებად ნამდვილად აღვიქვამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს"

სოსო ცისკარიშვილი (მან ახალ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ივანიშვილის კრიტიკა დაიმსახურა): "ცივილიზებულ სამყაროში უკვე კარგა ხანია თავდაცვის მინისტრები არიან სამოქალაქო პირები. ჩვენთანაც ასე იყო. ახლა მივბაძეთ რუსეთს და პოლკოვნიკის ჩინის მქონე ადამიანი გავამწესეთ თავდაცვის მინისტრის პოსტზე. "კა-გე-ბეს" მსგავს დაწესებულებად ნამდვილად აღვიქვამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა".

"რთულია, "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოახერხონ და ჩაანაცვლონ "ნაციონალური მოძრაობა"

ვახტანგ ძაბირაძე: "საზოგადოების ნაწილს ამ ინტერვიუს შემდეგ გაუჩნდა კითხვა - ხომ არ არის ალასანიას ოპოზიციაში წასვლა ხელოვნური? პირადად მე არა მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" თავის რიგებში შეექმნა კონსტრუქციული ოპოზიცია, თუმცა, თუ ასეთი რამ მართალია და "ქართულ ოცნებას" შეუძლია ამგვარი პოლიტიკური თამაში ითამაშოს, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ასეთი ტიპის თამაშმა არ დააზარალოს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები. დასავლეთში არ უნდა გაუჩნდეთ დამატებითი კითხვები. მეც ძალიან მინდა, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" დაიკავონ ოპოზიციური ნიშა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ მხოლოდ სურვილი ამისთვის საკმარისი არ იქნება. ეს არის საკმაოდ რთული და მძიმე პროცესი. ძალიან რთული გზა ელით "თავისუფალ დემოკრატებს", რათა მათ მოახერხონ და ჩაანაცვლონ "ნაციონალური მოძრაობა". ივანიშვილი საკმაოდ კრიტიკული იყო ალასანიას მიმართაც, მაგრამ გააკრიტიკა პრემიერიც - მე არა მგონია, საქართველოში ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ღარიბაშვილის მიერ ალასანიას შეფასება მოსწონებოდა. პრეზიდენტზე კი ივანიშვილის პრეტენზიები აქამდეც მოგვისმენია".

"ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მტრებად არ აღიქვამს, რაც ქართული პოლიტიკისთვის დადებითი სიახლეა"

სანდრო თვალჭრელიძე: "ბიძინა ივანიშვილს ბევრ შეფასებაში ვეთანხმები.  პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, მისი პოზიცია ირაკლი ალასანიას მიმართ არის 5-ჯერ უფრო რბილი, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილისა. ვეთანხმები, რომ ყოფილ თანაგუნდელებზე იმ ფრაზებით არ უნდა ისაუბრო, როგორიც გამოიყენა პრემიერ-მინისტრმა.  ივანიშვილი ოპოზიციაში გადასულ ყოფილ თანაგუნდელებს მტრებად არ აღიქვამს, რაც ქართული პოლიტიკისთვის დადებითი სიახლეა. მას, როგორც მოქალაქეს, აქვს ლეგიტიმური კითხვები და ამას ვერავინ აუკრძალავს. მეორე მხრივ, მთლად უსაფუძვლო არა მგონია ირაკლი ალასანიას განცხადება, როდესაც პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა. აქ ისმის კითხვა, რომელიც თავის დროზე დასვა მარტინ ლუთერმა - ვინ გააკონტროლებს გამკონტროლებლებს? ცივილიზებულ ქვეყნებშიც კი ჩნდება კითხვები სამართალდამცავ უწყებებთან, ბოლოს და ბოლოს, კენედის მკვლელობა არ არის გამოძიებული. ცხადია, კითხვები იქნება და ამ კითხვებს უნდა გაეცეს დამაჯერებელი პასუხი. აAსევე, ვეთანხმები ივანიშვილს იმაში, რომ  "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ასრულებს ოპოზიციის ფუნქციას, რადგან მისი პოლიტიკური ლექსიკონი ორ სიტყვამდე არის დასული - პოლიტიკური დევნა".

ვახო ბერიძე