ვინ რა მოიგო და რა წააგო ბოლო დღეების პოლიტიკური შერკინების შედეგად?! - კვირის პალიტრა

ვინ რა მოიგო და რა წააგო ბოლო დღეების პოლიტიკური შერკინების შედეგად?!

ვინ რა მოიგო და რა წააგო ბოლო დღეების პოლიტიკური შერკინების შედეგად?!

მთავარი დაზარალებული არის ქართული ჯარი და თავდაცვის სამინისტრო, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საყრდენი და როგორც გამწევი ძალა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. უკვე მერამდენედ, მიზეზთა და მიზეზთა გამო, თავდაცვის სამინისტრო ხდება პოლიტიკური ბრძოლის მთავარი დარტყმის ობიექტი. და ყველაზე მძიმე თავდაცვის მინისტრების ბედია საქართველოში: ერთი თავდაცვის მინისტრი - ახალაია - სასჯელს იხდის; მეორე თავდაცვის მინისტრი - კეზერაშვილი - გაქცეულია, მესამე - ოქრუაშვილი - სასჯელმოხდილიც იყო და გაქცეულიც და ახლა რიგში ალასანია დგას, რომელიც გაიზიარებს თუ არა წინამორბედების ბედს, ჯერ არავინ იცის. და ამის მერე გვიკვირს, რატომ არ გვაძლევენ "მაპს" და რატომ არ მიგვაქანებენ ხელში აყვანილებს პირდაპირ ალიანსში. რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ევროპისკენ სავალ გზაზე 4 მილიონი ხელს გააყოლოს, თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, მაგრამ ხელისუფლებას შეეძლო, თავდაცვის უწყებაში ისე წარემართა გამოძიება, რომ ამხელა პოლიტიკური სკანდალის მიზეზი არ გამხდარიყო. ამის დარეგულირება კოალიციის შიდა მოლაპარაკებითაც შეიძლებოდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის მეტად მძიმეა ის შედეგი, რომელიც ბოლო დღეებში მოიმკო: რეპუტაციის შელახვა დასავლეთის თვალში, მომრავლებული კითხვის ნიშნები და რაც მთავარია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პრემიერის (მთავრობის) სიტყვებზე მეტად ისინი ფაქტებს ენდობიან, რომლებიც პრემიერის (მთავრობის) პოზიციებს არ თანხვდება.

ქმედებები უფრო ხმამაღლა მეტყველებს, ვიდრე სიტყვებიო,“- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს შეფასება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის თვალში ნდობას კარგავს და თუ ეს პროცესი შეუქცევადი გახდა, მაშინ დასავლეთში სულ უფრო მეტს ენდომება საქართველოს სათავეში იხილოს სხვა ხელისუფლება და აქტიურად ეძიოს ოპოზიციაში ის ძალა, რომელთან პარტნიორობაც საქართველოს ევროპული სივრცისთვის მისაღებს გახდის. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებისთვის აუცილებელია, არა მარტო რუსული მუქარა გაითვალისწინოს, არამედ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დასავლეთის დედაქალაქებისთვის სულ უფრო უცხო და მიუღებელი არ გახდეს, რაც არანაკლებ საშიშია ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. დასავლეთის კეთილგანწყობაზე ზრუნვა იმ დროს, როცა რუსეთი სულ უფრო მოწყვლადი ხდება, დღეს მმართველ კოალიციას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური კატაკლიზმების თავიდან ასარიდებლად ჰაერივით სჭირდება. სხვა მხრივ, სიტუაცია ასეთია: ცვლილებების შედეგად მთავრობა, ფაქტობრივად, კოალიციურიდან ერთპარტიული, ანუ ერთპიროვნულად პრემიერის დაკომპლექტებული გახდა; თუმცა, პარლამენტში კოალიციაში რჩებიან 30-წლიანი პროდასავლური ბიოგრაფიის მქონე რესპუბლიკელები პარლამენტის თავმჯდომარის თავკაცობით. პოლიტიკური რყევების პირობებში სულ უფრო მეტი ფასი ედება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელმაც საზოგადოების ჩართულობით უნდა განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესის მონიტორინგი; ამასთან, ის, როგორც მთავარსარდალი, უნდა დააკვირდეს ნატოსა“და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტების მიმდინარეობას.

დასასრულ, ძალთა როგორ გადანაწილებას უნდა ველოდეთ ოპოზიციურ ფლანგზე მას შემდეგ, რაც მას "თავისუფალი დემოკრატები" შეემატა?!

ხელისუფლება შეეცდება, ალასანიასგან შექმნას„თავისი ოქრუაშვილი: თუ არ დაიჭერს, იმიჯი მაინც შეულახოს ისე, რომ პოლიტიკური პერსპექტივა მოუსპოს. "ნაციონალები" ასევე ეცდებიან "თავისუფალი დემოკრატების" იმიჯის შელახვას, რათა მათ არავინ შეეცილოს ერთადერთი ოპოზიციური პროდასავლური ძალის გვირგვინში; თავის მხრივ, ალასანიას გუნდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია "ნაციონალებისგან" მკვეთრი დისტანცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ის ლოდი იქნება, რომელიც მას პოლიტიკურ ჭაობში ჩაძირავს.

ბოლო კვლევების თანახმად, ძალიან გაიზარდა საზოგადოების იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც ახალ პოლიტიკურ ძალას ელის, რის გამოყენებასაც, ალბათ, ეცდება ირაკლი ალასანია. თუმცა, გარდა ზემოთ ხსენებული ოპონენტებისა, ალასანიამ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა აჯობოს, რადგან სამწუხაროდ, იგი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ნახევარნაბიჯებით დადიოდა. რისკი, რომელიც აუცილებელი მდგენელია ეროვნული მასშტაბის ლიდერისა, მის პოლიტიკურ გზაზე თითქმის არც ერთხელ არ გვინახავს. ის არ არის რისკიანი პოლიტიკოსი და მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ პირველივე ტელეინტერვიუში კვლავ ნახევარტონებით საუბრობდა.

ალასანიას მომავალი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა იგი სტერეოტიპის ნგრევას. თუ შეძლებს, მაშინ ექნება რეალური შანსი, გარშემო შემოიკრიბოს პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი და მნიშვნელოვანი შედეგი მიიღოს 2016 წლის არჩევნებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად მარგინალიზდება და გახდება ერთ-ერთი რიგითი არასაპარლამენტო პოლიტიკოსი, როგორების ნაკლებობასაც დღეს არ განვიცდით.

საქართველოს ხელისუფლებას კი, იმედია, ეყოფა კეთილგონიერება, რომ რუსეთის კვალად, დასავლეთიც მტრად არ მოიკიდოს, რადგან ასეთ ორმაგ ზეწოლას მისი პოლიტიკურად გამოუცდელი ზურგი ნამდვილად ვერ გაუძლებს.