მეტი გლეხი - ევროპაში - კვირის პალიტრა

მეტი გლეხი - ევროპაში

ბოლო დროს კიდევ ერთხელ გააქტიურდა ვადამდე საპარლამენტო არჩევნების თემა. საინტერესოა, რა ბერკეტები და მექანიზმები აქვს ორ ძირითად საგარეო მოთამაშეს: დასავლეთსა და რუსეთს საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც დასავლური იდეები, პროდასავლური პარტიები და ელექტორატი უპირობო ლიდერი იყო, მომავალ არჩევნებში რუსეთი შეეცდება, პრორუსული ძალების სერიოზული წარმომადგენლობა შევიდეს საქართველოს პარლამენტში.

საინტერესოა ის თემატიკა და ტაქტიკა, რომელსაც იყენებს ან უნდა გამოიყენოს ერთმა ან მეორე საგარეო მოთამაშემ.

რუსული ტაქტიკა ასეთია: საქართველოს საზოგადოების მისამხრობად გამოიყენოს რბილი ძალის მეთოდები - საინფორმაციო პროპაგანდა და რუსული ბაზრის, როგორც საქართველოსთვის ეკონომიკური სასწაულის ხატის დანერგვა მოსახლეობაში. რუსული საინფორმაციო პროპაგანდა ორი მიმართულებით იშლება: პირველი - დასავლეთის, როგორც შეუცვლელი და შედეგიანი პარტნიორის იმიჯის შერყევა. ამ მიმართულების ძირითადი მესიჯებია - დასავლეთი უნაყოფოა: მან საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა ვერ მოუტანა; ევროკავშირი და ნატო ფანტომია და ისინი საქართველოს არ მიიღებენ; დასავლეთი უზნეოა და ებრძვის ქართულ ტრადიციებს; მეორე - ამ ფონზე, რუსეთის, როგორც მართლმადიდებლური ტრადიციების დამცველის და საქართველოს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ეკონომიკური მხსნელის როლის თავსმოხვევა. მაგრამ რუსული პროპაგანდა შიგადაშიგ გვახსენებს: თუ მაინც გაჯიუტდებით და არც ტრადიციების დაცვა გინდათ, არც კარგი ცხოვრება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იურიდიულ ანექსიას ხომ უკვე ვახდენ, ახლა თრუსოს ხეობის მიერთების თემას ვააქტიურებ ოსების პირით, რუსეთიდან კახეთში შემომავალი ახალი სამხედრო გზის გაჭრის პროექტსაც ვამუშავებ და...

გარდა საინფორმაციო პროპაგანდისა, არჩევნებისას უმნიშვნელოვანესია ის ხელშესახები შედეგი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ან მიმართულებამ დადო. შედეგიც სახეზეა: საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა რუსული ბაზრის გახსნით და რუსეთს დღეს, სამწუხაროდ, საკუთარ ჯარისკაცებზე მეტად სწორედ ამ ტაქტიკის იმედი აქვს. აბა, წარმოვიდგინოთ, რუსეთმა რომ კვლავ ჩაკეტოს თავისი ბაზარი, რამხელა მასშტაბის სოციალური აფეთქების მოწყობა შეუძლია საქართველოში მათი მონაწილეობით, რომლებმაც მრავალწლიანი შიმშილის შემდეგ, შარშან და წელს თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით რაღაც შემოსავალი ნახეს.

სწორედ ამაზეა გათვლილი "ახალი" რუსული პოლიტიკა: რას აირჩევს ქართველი - მშიერ წარსულს თუ "მაძღარ" მომავალს და იმედი აქვს, რომ სოციალური ბუნტის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებასაც და დამოუკიდებლობასაც ქართველისვე ხელით მოუღებს ბოლოს. სწორედ ეს არის საქართველოს ყველა ხელისუფლების მთავარი დანაშაული, რომ მრავალწლიანი გაჭირვების ფონზე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დააყენა უმძიმესი არჩევანის წინაშე: ეკონომიკური კეთილდღეობა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა. იმას ხომ არავინ უხსნის მოსახლეობას, რომ რუსეთისგან ეკონომიკური აღმავლობის მოლოდინი ილუზიაა, ფანტომია, რომელიც მაშინვე გაქრება, როგორც კი რუსეთი საქართველოს თავისი გავლენის სივრცეში დაიბრუნებს.

ამ ფონზე რა უნდა დაუპირისპიროს რუსეთს და რა უნდა შესთავაზოს საქართველოს მოსახლეობას ხელშესახები და რეალური დასავლეთმა?! ფაქტია, მოლოდინით კვებას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ აპირებს. პირველი და უმნიშვნელოვანესი: 2016 წლის არჩევნებამდე საქართველოს უნდა მიეცეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. მეორე - საქართველოში უნდა შეიქმნას ახალი, გაუსვრელი, პროქართული და იმავდროულად პროდასავლური პოლიტიკური ძალა; არსებული პროდასავლური ძალები უნდა ეცადონ, იმიჯს თუ არ გაიუმჯობესებენ, გადაირჩინონ მაინც; მესამე - "სახელგადარჩენილმა" პროდასავლურმა ძალებმა უნდა მოახერხონ 2016 წლის მოახლოების კვალობაზე საქართველოში ჩამოიყვანონ ამერიკის მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის ფავორიტები; მეოთხე - სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საშუალო ბიზნესის ევროპულ ბაზართან ადაპტირების ფართომასშტაბიანი პროგრამები, უნდა ამოქმედდეს საქართველოს რეგიონების გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვანი სოფლის მეურნეობის ქვეყნებში, სადაც ქართველ გლეხებს, ფერმერებს, გააცნობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ახალი ტიპის ფერმერული გაერთიანებების სპეციფიკას და ა.შ.; მეტი გლეხი - ევროპაში: ევროპა რამდენიმეათასკაციანი საქართველოს ელიტის პრივილეგიად არ უნდა დარჩეს. ქართველმა გლეხმა, ფერმერმა, საშუალო მეწარმემ, რომელმაც იცის, რა იყო რუსეთი, თავისი თვალით უნდა ნახოს, რა არის ევროპა და განვითარების როგორ შესაძლებლობებს სთავაზობს იგი. ხელისუფლებამ დასავლეთს უნდა დააფინანსებინოს ჩვენი სოფლის მეურნეობის და საშუალო ბიზნესის ევროკავშირის მოთხოვნებთან ადაპტირების პროგრამები.

საქართველომ და დასავლეთმა ამ მიმართულებით უამრავი დრო გაუშვეს ხელიდან: მთელი ოცი წელი, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, და თუ მოვინდომებთ, შეუძლებელი არაფერია.