აუდიტის სამსახურის დასკვნა მორიგ სკანდალს გამოიწვევს?
17-11-2014
აუდიტის სამსახურის დასკვნა მორიგ  სკანდალს გამოიწვევს?
რა კავშირია თავდაცვის სამინისტროსა და სომხურ კომპანიას შორის

"სხვადასხვა უწყებაში ხშირად საეჭვო ვითარებაში იშლება ტენდერები. კერძო სექტორის მხრიდან არცთუ იშვიათად იკვეთება კარტელური შეთანხმებები"


თავდაცვის სამინისტროში, პროკურატურის გარდა, დარღვევები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გამოავლინა. აუდიტი 2011, 2012 და 2013 წლის I ნახევრის პერიოდს მოიცავდა, ანუ ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის გარდა, შემოწმება ალასანიას მინისტრობის ერთწლიან პერიოდსაც შეეხო. უამრავ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს, ამიტომ სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თორდია დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ჩვენთვის
ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო დარღვევები აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს შპს ""საქართველოს კვების კომპანიაში"" უკვე დააფიქსირა. არსებული ინფორმაციით, დარღვევები იკვეთება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ""დელტაშიც", თუმცა ანგარიშს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ასევე, არ არის გამორიცხული, სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა კიდევ ერთი
სკანდალური საქმე აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის მარტში განახორციელა - სამხედრო მანქანებისთვის საბურავები შუამავალი სომხური კომპანიის მეშვეობით შეიძინა. საქმეში ჩახედული პირების ცნობით, კომპანია "არპანივი" საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დარეგისტრირდა და გაიმარჯვა კიდეც.

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას ლაშა თორდია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო გამონაკლისი არ არის. 2013 წელს შედგენილი ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 132 მლნ ლარით იზარალა. აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება, მაგრამ ათობით მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც.

ლაშა თორდია, სახელმწიფო აუდიტორი: - თავდაცვის სამინისტრო მოწმდება 2013 წლის 7 ივლისიდან თავად ამ უწყების მოთხოვნის საფუძველზე. პარლამენტის ნდობის ჯგუფმა გვთხოვა ჩვენს ხელთ არსებული მასალების გადაგზავნა და ვალდებული ვართ, საკანონმდებლო ორგანოს კანონით დადგენილ ვადაში მივაწოდოთ. რასაკვირველია, ვამოწმებთ სხვა სამინისტროებსაც და წარვადგენთ კონკრეტულ ანგარიშს. მოწმდება მუნიციპალიტეტები, საქვეუწყებო დაწესებულებები და ა.შ. თავდაცვის სამინისტროს შესახებ მასალას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გრიფი "საიდუმლო" ადევს. საუბარია კონკრეტულ შესყიდვებზე.

- ანუ თავდაცვის სამინისტროს დარღვევებზე გაქვთ კონკრეტული მასალები?
- დიახ, და მას გადავუგზავნით პარლამენტის ნდობის ჯგუფს.

- ბრძანეთ, რომ სხვა სამინისტროებიც შეამოწმეთ... შეგიძლიათ გვითხრათ, რომელია ყველაზე პრობლემური უწყება?
- უფრო მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია. ეს არის: ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და შს სამინისტრო. ზოგადად, ამ უწყებებში შემოწმების მასშტაბიც ძალიან დიდია, ვინაიდან მეტია შესყიდვები და ფინანსური ტრანზაქციები. ეს უწყებები ბუნებრივად მაღალი რისკის მატარებლები არიან და ცხადია, ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენენ. დარღვევები ფიქსირდება სხვა, შედარებით ნაკლებ ბიუჯეტიან უწყებებშიც. მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჩვენ მიერ გამოვლენილ ფაქტებში იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, საუბარია სპორტული მოედნების მოწყობაზე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება უზუსტობები (როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში), რაზეც ალბათ პროკურატურას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს და გვექნება კონკრეტულ თანხებზე ინფორმაცია. დარღვევები ჩანს განათლების სამინისტროშიც, მაგალითად, მერხების შესყიდვისას (შაშკინის მინისტრობის პერიოდი. ვ.ბ.) პროკურატურაში გადავგზავნეთ რამდენიმე თვითმმართველობის მიერ სავარაუდო კანონდარღვევის შემცველი მასალებიც.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: სისტემა კარგად არ მუშაობს, განსაკუთრებით რთული ვითარებაა შესყიდვებთან დაკავშირებით. და მეორე - აუდიტის მიერ სხვა უწყებების შემოწმება გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკური სარჩულით შესვლას, რაზეც აპელირებენ ალასანიას თანაგუნდელები. კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი. აქვე უნდა ითქვას, რომ დარღვევები ყოველთვის არ არის გამოწვეული კორუფციული მოსაზრებებით. ზოგ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არაპროფესიონალიზმი, სატენდერო სისტემის არაკვალიფიციურობა და ზერელედ მუშაობა. თუმცა, ფაქტია, რომ სხვადასხვა უწყებაში ხშირად საეჭვო ვითარებაში იშლება ტენდერები. კერძო სექტორის მხრიდან იკვეთება კარტელური შეთანხმებები. ვფიქრობ, შესაქმნელია უნივერსალური მექანიზმი ამ სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დასახვეწად. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან ხშირად იშლება ტენდერები, რაც საერთო ჯამში საკმაოდ დიდ ზარალს იწვევს.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია": - როგორც წინა, ისე ამჟამინდელი მთავრობის დროს პრობლემურია გამარტივებული შესყიდვების თემა, რომელიც მთავრობას აძლევს საშუალებას, ე.წ. საზოგადოებრივი საჭიროების საბაბით, ნებისმიერი მოცულობის თანხა განკარგოს. რეალურად, ეს სრულიად გამორიცხავს კონკურენციას და ფინანსების რაციონალურად განკარგვას.

ვახო ბერიძე
ნუგზარი
22 ნოემბერი 2014 12:58
მოსაწონია რომ თორდია როგორც, ნაციონალი და მიშას ჯიბის ჩინოვნიკი განკარგავს აუდიტის სამსახურს. ის დასკვნებს დადებს თუ არა ახალაიაზე და შაშკინზე ნაკლებად მაინტერესებს, ისედაც ნათელი იყო წინა ხელისუფლების ელიტური კორუფციისა და ქვეყნის ბიუჟეტის გაფლანგვის ფაქტები.
მოსაწონია ის რომ მან გამოავლინა დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს კორუფციული სქემები, რომლისთვისაც აუცილებლად პასუხი უნდა აგოს ამ სქემის ყველა მონაწილემ. მათ შორის ალასანიამაც, თუ მას ამ საქმეზე რაიმე შეხება ქონდა (მეჩვენება რომ ის კავშირშია).
თუ ქვეყანაში კანონი არ იმოქმედებს ჩინოვნიკებზე, ისე როგორც ის მოქმედებს რიგით მოქალაქეებზე, მაშინ ისევე მივიღებთ სააკაშვილ-2-ს, ახალაია-2 და მერაბიშვილ-2-ებს. სხვების ჩამოთვლას აზრი არა აქვს.
papa
20 ნოემბერი 2014 21:22
რა მიკვირს იციით??
იქნებ და მაგ სამინისტოში (და არა მარტო მანდ) მართლა ,,რაღაცეები ხდებოდა,,????
რა მასალებსაც აქვეყნებენ და რა კითხვებსაც სვამენ, მათზე პასუხები არაა და მიდი და იძახეთ ეხლა გინდათ თუ არა პოლიტიკური ზეწოლააო.
..მაშ ეს კითხვები რა არი??
ისე კი სხვა სამინისტროებშიც რომ ყველასთვის დედა ეტირათ(ვისაც ეკუთვნის) ძაან კარგი იქნებოდა.
თუ არადა ........ევროპულ კურსს საფრთხე ელიიის??
თქვენ ზეწოლა რა არი არ გცოდნიათ.....
ჰკითხეთ ანგელოზ მიშას და გასწავლით რაც არის ზეწოლა
ან .......ქვეწოლა
luxo
20 ნოემბერი 2014 15:54
ბიძინას შეეძლო ომი მოეგო, ასეთები საქართველოს თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავს, ის კი ერთი, ისიც არა
პროპორციული ძალის გამოყენებით
მოგებულ ბრძოლით, აპირებს ისტორიაში შესვლას.

რედაქტორის რჩევით