"საქართველოს გაერთიანებას ვაპროტესტებ (?!)" - რეპორტაჟი აქციის "კულუარებიდან" - კვირის პალიტრა

"საქართველოს გაერთიანებას ვაპროტესტებ (?!)" - რეპორტაჟი აქციის "კულუარებიდან"

ვარდების მოედანზე  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შუადღის ორ საათზე გამოჩნდნენ. მათ დროდადრო რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა უერთდებოდა. ოთხის ნახევარზე ყოფილი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. მომიტინგეებს წინ ნასვამი მამაკაცი მიუძღოდა, რომელიც შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული დღევანდელის ჩათვლით, ყველას მკვდარსა და ცოცხალს უტრიალებდა. კაცი ხაშურელი აღმოჩნდა...

- რისი მოლოდინი გაქვთ?

- არაფრის. ჩემი მოთხოვნაა საქართველო გაერთიანებული იყოს. იმედი მაქვს, რომ შეიძლება მოვიდეს ისეთი მთავრობა, რომელიც დაგვასაქმებს. ხელოსანი ვარ და "ლაფათკაზე" მაინც მამუშავონ...

- ამ აქციისგან რას ელოდებით?

- იმას, რომ დამასაქმებენ.

მოგვიანებით მამაკაცი სამართალდამცავებმა მოედნიდან გაიყვანეს. რატომღაც რეგიონებიდან ჩამოსულები თბილისელობას იჩემებდნენ, არადა, უმრავლესობა მეგრული თუ იმერული აქცენტით საუბრობდა...

გორელი ქალბატონი თბილისში მეზობლებთან ერთად ჩამოსულა: "ვაპროტესტებთ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ყოფა-ქცევას. რომ უკან მიდის საქართველო და წინ - არა". სამეგრელოდან ჩამოსული ქალბატონი კი აქციაზე "თავისუფლების დასაცავად" გამოსულა. ხობელმა მამაკაცმა აქციაზე "შემთხვევით" გამოიარა: "ბავშვი ჯარში მსახურობს და იმას ჩამოვაკითხე. მეზობელი მოდიოდა მანქანით, გამოვყევი და აქაც გამოვიარე. საქართველოს გაერთიანებას ვაპროტესტებ (?!)".

აბაშელი მამაკაცი ჩიოდა: - პენსიონერი ვარ, სოციალურად დაუცველი. ვინც ხელს მომიმართავს, ყველა მთავრობას ვენაცვალე. არც ერთ ვემდური და არც მეორეს...

- დღეს რატომ ხართ აქციაზე?

- წამოვიდნენ და გამოვყევი...

- რას აპროტესტებთ?

- არაფერს არ ვაპროტესტებ. არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი იქნება თუ - ვინ! ვინც პატივს მცემს, ღმერთმა გაუმარჯოს.

- აქ რითი ჩამოხვედით?

- "მარშრუტკით".

- კვება გქონდათ?

- საჭმელი გვქონდა გზაში. ხორციც იყო, არაყიც და ღვინოც. ახლა აქ ვიკრიბებით, რომ ისევ უკან დაგვაბრუნონ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხუცი ქალბატონი აქციის მონაწილეებს წყევლიდა: - ეს უკანასკნელი აქციაა, რომელიც "ნაციონალებმა" გამართეს.

- აქციიდან მოდიხართ?

- რა მინდოდა "ნაცებთან"! ესენი უნდა გადაშენდნენ. აქვე ვცხოვრობ და კარგად მახსოვს 7 ნოემბერი. მაშინ რამდენ დაშავებულს გავუწიე დახმარება. მთავრობას "ნაცებისთვის" გაზი უნდა გაეშვა და ისე უნდა ამოწყვეტილიყვნენ ესენი... ვითომ რუსულ ანექსიას აპროტესტებენ, არადა, ის აინტერესებთ, ხალხი თუ უჭერთ მხარს.

მომიტინგეთა უმრავლესობა ნაყიდია. 30 ვერცხლი მისცეს სამშობლოს გაყიდვაში. ქუთაისელებმა თქვეს - 30 ლარი მოგვცესო.

თორნიკე ყაჯრიშვილი