სად შეცდა ივანიშვილი - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

სად შეცდა ივანიშვილი - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

სად შეცდა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა თანამდებობიდან და პოლიტიკიდან ნაადრევად წასვლით დაუშვა. შედეგად - ქვეყნის არაფორმალური მმართველობა მივიღეთ. მართალია, თვითონ ამას უარყოფს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ივანიშვილს რომც არ უნდოდეს, ღარიბაშვილი ძალიან არის მასზე დამოკიდებული. თავადაც ხომ თქვა, ადრე თუ კვირაში ერთხელ მირეკავდა, ახლა თვეში ერთხელ მაწუხებსო, ანუ დამოუკიდებლობას ეჩვევა ბიჭიო. კი ეჩვევა, მაგრამ როდის შეეჩვევა? ის დღეს საკუთარ შეცდომებსაც მხოლოდ ივანიშვილის კრიტიკის შემდეგ აღიარებს. როგორც კი ივანიშვილმა თქვა, ალასანიას ლანძღვით ღარიბაშვილმა შეცდომა დაუშვაო, პრემიერმა მაშინვე განაცხადა, არც მე მომეწონა ჩემი საქციელიო. ივანიშვილის წასვლა იმიტომ იყო შეცდომა, რომ შეუძლებელს შეეჭიდა. შეუძლებელია, წახვიდე და თან პასუხისმგებლობა დაიტოვო მთავრობაზე. თუ პასუხისმგებლობას იტოვებ, მაშინ უნდა ჩაერიო კიდეც. თუ ერევი, უკვე არაფორმალური მმართველობა გამოდის, რასაც დემოკრატიასთან არაფერი ესაქმება. რაც მთავარია, თავად ვერ ხვდება, რას აშავებს და გულუბრყვილოდ კითხულობს: აბა, სად ჩანს, რომ კულისებიდან ვმართავო. არადა, სანამ ამას იტყოდა, ორჯერ დაესწრო კოალიციის შეკრებას და იქ ალასანიას საქმეც კი გაურჩია! რა სტატუსით? "ოცნების" წევრები ამბობენ, კოალიციის დამფუძნებლის სტატუსითო. თუ ასე უნდოდა, მაშინ მხოლოდ თანამდებობიდან წასულიყო და დარჩენილიყო პარტიის თავმჯდომარედ! მაგრამ არა, პოლიტიკიდან სრულად წასვლა მოინდომა. თან ვერც მიდის!

თინა ხიდაშელმა თქვა, სანამ ღარიბაშვილია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი, არ მაინტერესებს, ის რჩევებს ვისგან მიიღებსო, ანუ პასუხს მაინც მას მოვთხოვთო. დაახლოებით იგივე თქვეს ევროსაბჭოშიც, როდესაც "ნაციონალები" რეზოლუციაში არაფორმალური მმართველობის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვდნენ: მთავრობის მეთაურს შეუძლია, რჩევა ვისგანაც უნდა, იმისგან მიიღოსო. რა თქმა უნდა, მაგრამ საკითხავია, ღარიბაშვილისთვის ივანიშვილის სიტყვა რჩევაა თუ კანონი?! ბევრი მოქალაქე, რომელიც გადაცემის მსვლელობისას მირეკავს, აცხადებს, - აბა, რა უნდა ქნას, მისი შექმნილია კოალიცია და უპატრონოდ ხომ არ მიატოვებსო! ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ უმისოდ კოალიციას ვერ მართავენ, მაშინ მანამ ემართა, სანამ მისი რჩეულები მზად იქნებოდნენ, ქვეყანას დამოუკიდებლად გასძღოლოდნენ!  ხოლო თუ წავიდა, მაშინ მართლა უნდა წასულიყო. ხომ გვითხრა, შესანიშნავ მთავრობას და მხოლოდ კარგ და ძალიან კარგ მინისტრებს ვტოვებო? ან მისი დატოვებული კარგი და ძალიან კარგი მინისტრებიდან სადაა ახლა უმეტესობა?!

პ.ს. ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში გაიხსენა ჩემი ადრინდელი კითხვა, რომელიც მისი ოპოზიციაში ყოფნისას დავსვი და განაცხადა, - მაშინ მეტრეველმა იჩქარაო. ეს ის დღე იყო, როდესაც ივანიშვილმა ერთ-ერთ აქციაზე გაახმოვანა იდეა - ჩვენს საზოგადოებას კიდევ ოცი წელი დასჭირდება ევროპელ საზოგადოებად ჩამოსაყალიბებლად და ამაში მე დავეხმარებიო. სწორედ მაშინ ვიკითხე, 20 წელი აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას-მეთქი? ამან ბატონი ბიძინა ისე გაანაწყენა, რომ სულ "ის ვაჟბატონი" მეძახა. მერე, როცა ხელისუფლებიდან წავიდა, ვიფიქრე, ალბათ მართლა შემეშალა, როცა ეს ვიფიქრე-მეთქი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი... იქნებ არც შემშლია? ეგაა, გააჩნია, ვინ რას ეძახის ხელისუფლებაში ყოფნას!

სად აღმოჩნდა მართალი

ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში ერთი ძალიან ზუსტი რამ თქვა: მარგველაშვილს დიდი უფლებები და პასუხისმგებლობა არ აქვს, ამიტომ მისი სიტყვა უნდა ფასობდესო. დიახაც მარგველაშვილის მთავარი იარაღი დღეს მართალი სიტყვაა. პრეზიდენტიც ნელ-ნელა ერგება ამ როლს. მისი პარლამენტისადმი მიმართვა სანიმუშო იყო: ყველა იმ მთავარ თემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღეს აქტუალურია. მათ შორისაა ინსტიტუციონალური მმართველობა, როდესაც ინსტიტუტები ისეთი ძლიერია, რომ პიროვნებებზე ბევრი აღარაფერია დამოკიდებული, მით უმეტეს, კულისებში მდგარ პიროვნებებზე. "არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები", - თქვა პრეზიდენტმა. მან ასევე ისაუბრა პროკურატურის დამოუკიდებლობაზე. ამის შესახებ მეც დავწერე ცოტა ხნის წინ და მიხარია, რომ ეს თემა სულ უფრო მაღალ დონეზე ხდება აქტუალური. ვიდრე პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არ გამოვა, მანამდე ყველა ხელისუფალს ექნება ცდუნება, ის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენოს! პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა პარლამენტს, გააძლიეროს კონტროლი მთავრობაზე. მოკლედ, პრეზიდენტმა ყველა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელადაა საჭირო და ძალიან არ მინდა, რომ მისი ეს, შეიძლება ითქვას, საპროგრამო გამოსვლა ყურს მიღმა გაატაროს მთავრობამ თუ საზოგადოებამ! ივანიშვილი შეიძლება კადრების არჩევაში ბევრჯერ შეცდა, მაგრამ სწორედ იქ არ შემცდარა, სადაც მას ჰგონია! ფიქრობს, რომ მარგველაშვილმა არ გაუმართლა, არადა, ის არასდროს ყოფილა ისეთი მართალი, როგორც მაშინ, როდესაც გვარწმუნებდა, ეს კაცი საუკეთესო პრეზიდენტი იქნებაო! ჯერჯერობით ასეა და მერე ვნახოთ, რა იქნება!