"თქვენი არჩევანი ევროპაა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"თქვენი არჩევანი ევროპაა" (ექსკლუზივი)

"ევროკავშირი მართლაც კურნავს ბევრ სატკივარს, მაგრამ, როგორც წესი, "განკურნების" პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე და პაციენტის დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს"

"თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გეგმები" - იანოშ ჰერმანი "საქართველო 2020" - ზე

"შეიძლება იყო ღრმად მორწმუნეც და ამავე დროს ევროპული ღირებულებების პატივისმცემელიც და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ."

რამდენიმე ხნის წინ საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება იმაზე, თუ რა არის ჩვენი ე.წ. "ევროპული არჩევანი", ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი კონკრეტული პოლიტიკოსების "კოზირი" თუ ერის მიერ შეგნებულად გაკეთებული არჩევანი? საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, იანოშ ჰერმანს საქართველოს ევროპულ მომავალზე, ასოცირების შეთანხმებაზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ 6 წლიან სტრატეგიულ გეგმა "GEORGIA2020"-ზე და ქვეყანაში ევროპასა და ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოსტიდან გათავისუფლება საქართველოს ევროპულ კურსზე იერიშის მიტანად შეაფასა. შეიძლება ერთი პოლიტიკური ფიგურის ყოფნა-არყოფნა განსაზღვრავდეს ქვეყნის ევროპულ კურსს?

- ვფიქრობ, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები თუ საკადრო გადაადგილებები საქართველოს ევროპულ არჩევანზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ეს იმით დასტურდება, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი არჩევნებში სწორედ ევროპული კურსის ერთგულ პარტიებს აძლევდა ხმას. დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები საკმაოდ ხშირია. ჩვენ ვაფასებთ იმ ადამიანთა ღვაწლს, ვინც ცოტა ხნის წინ მთავრობა დატოვა. მიუხედავად ამისა, ის, რაც მოხდა, ყოველდღიური პოლიტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს.

- რა გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე? მაგალითად, დააბანდებს კი უცხოელი ინვესტორი ინვესტიციებს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები და პარტიები იმაზე ვერ შეთანხმებულან, თუ "ვის ეკუთვნის ქვეყნის ევროპული არჩევანი"?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კარგი რეპუტაცია და სტაბილურობის იმიჯის შენარჩუნება. ამიტომ, როდესაც ამ იმიჯზე ეჭვები ჩნდება, მათი გაქარწყლება აუცილებელია. რაც შეეხება ევროკავშირს, საქმე უფრო მარტივადაა: ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პროცესი სრული სვლით გაგრძელდება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამ. დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიური გზავნილი იყო ინვესტორებისთვის და, საზოგადოდ, ეკონომიკისთვის.

აქვე გეტყვით, რატომ იქნება თქვენი ეკონომიკური სტაბილურობისთვის საუკეთესო გარანტია ასოცირების შეთანხმება და მისი განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

ეს არის დეტალური პროგრამა, რომელიც ევროპული არჩევანის რეალობად გადაქცევაში დაგეხმარებათ. თუ ამ პროგრამის ყველა პუნქტი განხორციელდა, თანდათანობით მივიღებთ ეკონომიკურად მყარ, სტაბილურ სახელმწიფოს ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტებით.

როგორც შეთანხმებაშია ნათქვამი, ევროკავშირი ამ საქმისთვის დიდ დახმარებას გაიღებს. ალბათ, იცით, რომ შეთანხმება საკმაოდ ბევრ ვალდებულებას აკისრებს ორივე მხარეს, ამიტომ მის განხორციელებას ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს. თქვენი არჩევანი ევროპაა - ევროპული არჩევანი კი სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიულ, ფუნქციონირებად, თანამედროვე საქართველოზე შეჩერებული არჩევანი.

- რა დრო დასჭირდება ასეთი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას და რა გამოწვევები გველოდება?

- ცვლილებები უზარმაზარია და ამას დრო დასჭირდება, თან არავინ იცის, რამდენი, მაგრამ ეს არის პროგრამა, რომელიც თქვენს ქვეყანას ძალიან წასწევს წინ. ვერ გეტყვით, რა იქნება ამ პროგრამის შემდეგი ნაბიჯი, მაგრამ გეტყვით შედეგებს: ეს უამრავ შესაძლებლობას გაუჩენს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ განვითარების 6 წლიან გეგმას? (საქართველო 2020). რამდენად შეესაბამება იგი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებს?

- ჯერჯერობით "ახალი" ვარ, მხოლოდ თვენახევარია რაც საქართველოში ჩამოვედი, და გარკვეულ საკითხებს ახლა ვეცნობი. რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს იმ გზით სიარულს, რაც ამ პროექტის სრულად შესრულების საფუძვლებს შექმნის, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. საგულისხმოა, რომ თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გეგმები, თუმცა, ასევე საინტერესოა, როგორ გაართმევს საქართველო თავს ამ გრძელვადიან პროექტს, როგორ შეასრულებს და განახორციელებს მას. სოციალურ სფეროზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის პროექტების ძირითადი მიზანი, თითოული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა... ეს არის მოკლე პასუხი თქვენს კითხვაზე, თუმცა კი, ამ კითხვას უფრო ვრცელი პასუხი სჭირდება. მიუხედავად ამისა, მე გეტყვით, რომ თქვენს ქვეყანას, განვითარების ბევრად უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე გგონიათ.

- კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ: ავიღოთ რიგითი ქართველი ფერმერი, რომელიც ყველს ყიდის. ალბათ, მას 10 წელზე მეტი დასჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია ევროსტანდარტებს მოარგოს. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება მოუწევს გრძელვადიან სამომავლო კეთილდღეობასა და ყოველდღიურ კონკურენტუნარიანობას შორის. რითი შეუძლია ევროკავშირს ამ ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს?

- ბევრი რეფორმა შედეგს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მოიტანს. თქვენს შეკითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვცდილობთ, შევიმუშაოთ პროგრამები, რომლებიც სოფლად მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება. ევროკავშირიდან საქართველოსთვის გაცემული გრანტების მოცულობა ყოველწლიურად100 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს და დამატებით გრანტებზეც ვმუშაობთ. ახალი პროგრამებიც მზადდება. ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების ევროკომისარმა ხელი მოაწერეს რეგიონებისთვის დახმარების გაწევის 30 მლნ ევროს მოცულობის პროგრამას. ევროპული საფინანსო ინსტიტუციები სოლიდურ სესხებს გასცემენ, რათა მოხდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში ინვესტირება.

- საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი ევროკავშირს პანაცეად და ყველა პრობლემის გადასაჭრელ გზად მიიჩნევს, თუმცა, მრავლად არიან ისინიც, ვისთვისაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები ტრადიციული, ეროვნული ღირებულებების გაუფასურებასთან ასოცირდება. რა კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებას ობიექტური, სტერეოტიპებისა და მითებისაგან თავისუფალი წარმოდგენა ჰქონდეს ევროკავშირზე?

- კარგი იქნებოდა, ევროკავშირი პანაცეა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. მე არ მჯერა, რომ სასწაული მოხდება და ერთ წუთში ყველაფერი მოგვარდება. თუმცა, ევროკავშირი მართლაც კურნავს ბევრ სატკივარს, მაგრამ როგორც წესი,"განკურნების" პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე და პაციენტის დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. რაც შეეხება მეორე პოზიციას, ვერაფრით დავეთანხმები, რომ ევროკავშირი ეროვნულ ღირებულებებს უპირისპირდება. ეს სრულიად მცდარი შეხედულებაა. პირიქით, ეროვნული ღირებულებები და ინტერესები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ევროკავშირში. სხვა რომ არაფერი, ევროკავშირი 28 სუვერენული სახელმწიფოსგან შედგება, და მისი დევიზია "მრავალფეროვნება გვაერთიანებს".

რაც შეეხება იმ ღირებულებებს, რომელთაც ტრადიციულს ვუწოდებთ, ევროკავშირი მათ არ ზღუდავს, პირიქით, იცავს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ერთი ჯგუფის უფლებების შეზღუდვა მეორისთვის უფლებების მინიჭების ხარჯზე საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ეს ასეა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი ჯგუფისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება მეორისთვის შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს. ევროკავშირში არსებობს სტანდარტები, მაგალითად, ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს არ უნდა ზღუდავდეს რწმენის არჩევისა და არჩეული რწმენის აღმსარებლობის უფლებას. საგულისხმოა ისიც, რომ ასეთ მტკივნეულ საკითხებზე და მათი მოგვარების გზებზე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც საჯარო და ხშირად ემოციური დისკუსიები მიმდინარეობს. მე პირადად ვფიქრობ, რომ შეიძლება იყო ღრმად მორწმუნეც და ამავე დროს ევროპული ღირებულებების პატივისმცემელიც და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე