საქართველო კავკასიური ცარცის წრეში - კვირის პალიტრა

საქართველო კავკასიური ცარცის წრეში

ერთი კვირის მანძილზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი მოასწრო: ბრიუსელში, სადაც საქართველოს მთავრობის წევრები შეხვდნენ ევროკავშირისა და„ნატოს ხელმძღვანელობას, და ყაზახეთში, სადაც მათი მასპინძელი ყაზახეთის პრეზიდენტი გახლდათ.

ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას საქართველოს პრემიერი ისეთი პროევროპული და პრონატოური მესიჯებით გამოვიდა, როგორც არასდროს: ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის მეორე ფაზის მნიშვნელობას საქართველოსთვის და იმას, რომ საქართველო რიგის სამიტისთვის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ასევე დადასტურებულად ითქვა, რომ საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი აუცილებლად გაიხსნება. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ ამ მიღწევის, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებიდან სულ რამდენიმე თვეში მოლდავეთმა უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მართალია, ერთია მოლდავეთის განაცხადი და მეორეა, როდის დააკმაყოფილებს ევროპა მას, მაგრამ მოლდავეთისთვის დღის წესრიგში ამ საკითხის დაყენება უკვე სერიოზული სტიმულია.

იმავდროულად, ყაზახეთში საქართველო დელეგაციის ვიზიტისას, სხვა საკითხებთან ერთად, როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ყაზახური გაზის საქართველოში კვლავ მოწოდებაზეც იყო საუბარი, რაც ფაქტობრივად რუსული გაზის შემოტანას ნიშნავს. ეს კი, ერთი მხრივ, აზერბაიჯანული გაზის მონოპოლიას კი დაარღვევს საქართველოში, მაგრამ მეორე მხრივ, რუსული ბაზრისა არ იყოს, ამჯერად უკვე ყაზახურ-რუსულ გაზზე საქართველოს კვლავ მიბმას გამოიწვევს.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს კვლავ გააგრძელოს ბოლო ორი წლის არჩეული კურსი: ერთი ნაბიჯი რუსული ბაზრისკენ, მეორე - დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირებისკენ. ძნელი სათქმელია, სადამდე მიგვიყვანს მსოფლიო პოლიტიკის მოლიპულ გზებზე ასე გაჩაჩხული სიარული, რასაც ჩვენებურად კი ჰქვია ბალანსის ძიება, მაგრამ არცთუ სასიამოვნო შესახედია არც დასავლეთის და არც რუსეთის მხრიდან. ამ გზაზე საქართველო სულ უფრო მეტად ემსგავსება "კავკასიურ ცარცის წრეში" ჩაყენებულ სტურუასეულ პატარა მიხეილს, რომელიც ეს-ესაა, გაიხლიჩება: რუსეთი თავისკენ გვექაჩება, ჩვენ კი - დასავლეთისკენ. ეს პოლიტიკა საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სულ ორიოდე დღის წინ ეკა მიშველაძესთან ეთერში შეაფასა, როგორც ერთგვარი ფორმულა: წინ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ფრთხილად რუსეთთან! თავისთავად, ამ ფორმულის რეალობად ქცევა საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური და მომგებიანია, თუმცა, რამდენად გამოგვივა, ბუნებრივია, მხოლოდ ჩვენს მონდომებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს ახლო და არცთუ შორეულ სამეზობლოში ვითარდება.

რეალობა კი ძალზე მოკლედ ასეთია: რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა რუბლის მკვეთრი დაცემა გამოიწვია. მაშინ, როცა რუსეთის სავალუტო რეზერვი დაახლოებით 500 მილიარდია. მხოლოდ  ოქტომბერში, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 29 მილიარდი დოლარი დასჭირდა რუბლის ვარდნის შეჩერებას. ამის გამო რუსეთის ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა რუბლის კურსის ხელოვნურად შეკავებაზე. პარალელურად, აშშ წარმატებით ახერხებს მსოფლიოში ნავთობზე ფასის ხელოვნურად დაცემას, რომელიც გასულ კვირას 70-80 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც უკრაინის კრიზისამდე არსებულ ფასებთან შედარებით საშუალოდ, 30 პუნქტით ნაკლებია. რუსეთის ბიუჯეტი, რომლის შემოსავლების 50%-მდე სწორედ ნავთობისა და გაზის გაყიდვით ივსება, გათვლილია ნავთობზე მინიმუმ 100 დოლარის ფასზე. ყველაფერი ეს, სხვა თანამდევ შედეგებთან ერთად, რუსეთს უახლოეს წლებში სოციალური და ეკონომიკური კოლაფსისკენ მიაქანებს, რაც ბუნებრივია, აიძულებს თვითგადარჩენის ტაქტიკა და სტრატეგია შეიმუშაოს. ის, რომ პუტინს ძალიან ეშინია მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესებისა, ამას სულ ახლახან მისი განცხადებაც მოწმობს: "ფერადი რევოლუციები"" ჩვენთვის გაკვეთილი და გაფრთხილებაა და ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მსგავსი არაფერი მოხდეს რუსეთში".

"ფერად რევოლუციებთან" ბრძოლის პუტინისეულ ტაქტიკაში ინტერნეტის კონტროლიც შედის. იმავდროულად, რუსეთი ცდილობს, მონახოს დასავლეთის ზეწოლის საპირწონე ჩინეთთან ეკონომიკური და სამხედრო კავშირების სახით. ჩინეთი, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის დასავლეთზე მეტად საშიშია, დღეს მას დროებითი ამოსუნთქვის ილუზიას უქმნის. დასავლური პრესა მოსწრებულ შედარებას გვთავაზობს: რუსეთისთვის ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე ხელშეკრულების გაფორმება იგივეა, რაც ჰიტლერისა და სტალინის თანამშრომლობის პაქტიო. მაგრამ ახლა, როცა რუსეთის აზიური ზურგი დროებით მაინც დაცულია, მას უფრო თამამად შეუძლია მოიცალოს თავისი აკვიატებული იდეის - პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის აღდგენის რეალიზაციისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ეს არის: მსოფლიოში არავის აქვს პასუხი კითხვაზე, რას მოიმოქმედებს რუსეთი გართულებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის პასუხად - წავა დათმობებზე დასავლეთთან თუ პირიქით, მზარდი შიდა უკმაყოფილების შესაკავებლად კიდევ უფრო გააფართოებს თავის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის, საქართველოს და მოლდავეთის მიმართულებით.

დასავლეთს იმედი აქვს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ისეთივე ეფექტი ექნება, როგორიც გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირზე წამოცმულ "ავღანურ მარყუჟს", როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა სწორედ იმიტომ, რომ მისმა ეკონომიკამ ვერ შეძლო მის მიერვე წარმოებული საგარეო პოლიტიკის მომსახურება. თუმცა, დასავლეთი არ გამორიცხავს, რომ პუტინი უფრო შორს წავიდეს ევროკავშირისა და ნატოს დისკრედიტაციის გზაზე და ბალტიის ქვეყნების დესტაბილიზაციასაც კი შეეცადოს, რათა დაანახოს მსოფლიოს, რამდენად ქმედითია და რეალური ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმას ნატოს ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს და შესაბამისად, მისი დახმარების ვალდებულებას აღიარებს. დასავლეთს ჯერ არა აქვს პასუხი, რამდენად შორს შეჰყვება პუტინს დაპირისპირებაში.