"პასუხისგება მოუწევთ იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა"(ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"პასუხისგება მოუწევთ იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა"(ექსკლუზივი)

"არანაირ პოლიტიკურ ერთობაზე "ნაციონალებთან" საუბარი არ იქნება"

"მიმდინარეობს კონცენტრირებული შეტევა პოტენციურ პოლიტიკურ ოპონენტზე"

"გული მწყდება, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრი."

ე.წ. კაბელების საქმის გარშემო, რომელმაც ირაკლი ალასანიას თანამდებობა შეიწირა, დღემდე არ ცხრება აჟიოტაჟი, თავად ირაკლი ალასანია კი კვლავ პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს და აბსურდულად მიიჩნევს იმ ბრალდებებს, რომლებიც მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან გაისმა.

-პოლიტიკის კეთება  ტალახის სროლითა და სხვადასხვა უმსგავსო ნაბიჯით წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ორი წელი დარჩა მომავალ არჩევნებამდე. პოლიტიკური ძალები ახლა იმაზე უნდა იყვნენ გადართული, რომ ის ვალდებულებები, რაც ავიღეთ საზოგადოების წინაშე 2012 წელს, შევასრულოთ.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა დადგეს თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, რომ ქუჩის აქციებს მიმართოთ?

- ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და არა ქუჩაში დაძაბულობის შესაქმნელად. არასტაბილურობა უპირველესად დაარტყამს თითოეულ ჩვენს მოქალაქესა და საინვესტიციო გარემოს.

- რომელ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში  შეიძლება გიხილოთ 2016 წლის არჩევნებზე? "ნაციონალურ მოძრაობასთან" რა ფორმით წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა? ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა თანამშრომლობა შესთავაზოთ თქვენს ძველ პარტნიორს, "ახალ მემარჯვენეებს"...

- არანაირ კოალიციურ პარტნიორობაზე საუბარი არ არის. ამაზე საუბარი თეორიულად შეიძლება დაიწყოს, როდესაც მივუახლოვდებით არჩევნებს. ამ ეტაპზე "თავისუფალი დემოკრატების" მთავარი საზრუნავი საკუთარი ძალების გაძლიერებაა. ბუნებრივია, ჩვენ გავხსენით პარტნიორობის სივრცე და მთავარ პარტნიორად და მოკავშირედ ჩვენი საზოგადოება გვეგულება. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენი გუნდი პოლიტიკაში სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიული განვითარების ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, არანაირ პოლიტიკურ ერთობაზე "ნაციონალებთან" საუბარი არ იქნება.

- გასულ კვირას პრემიერის ბრიუსელში ვიზიტისა და იქ ღარიბაშვილის მიერ  გაკეთებული განცხადებების  შემდეგ ძალაში რჩება თუ არა თქვენი ეჭვები საგარეო კურსის შესახებ?

- ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ქვეყანამ აღებული კურსიდან გადაუხვია, ჩვენ ვამბობთ, რომ შეიქმნა საფრთხე ამ მიმართულებით.

დემოკრატიული განვითარების საფრთხე უპირველესად არის ის, რომ პროკურატურა დარჩა პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად. როდესაც მიმდინარეობს კონცენტრირებული შეტევა პოტენციურ პოლიტიკურ ოპონენტზე, რა თქმა უნდა, ეს არათავსებადია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლითაც გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. როდესაც ყველაზე წარმატებულ და რეფორმისტულ სამინისტროზე ახორციელებ ასეთ შეტევას, ბუნებრივია, შენ პირდაპირ ურტყამ იმ ჯაჭვს, რომელიც ყველაზე მეტად გაკავშირებს ნატოსთან.

- სხვათა შორის, "ნაციონალები", როდესაც მათი მთავრობის დროინდელი მაღალჩინოსნების დაკავებაზე საუბრობენ, პოლიტიკურ დევნაზე აკეთებენ აქცენტს.

- "ნაციონალები" 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და ძალიან ბევრი უკანონობა პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხდებოდა. მე არა ვარ ჩახედული კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ველოდებოდით, რამდენად ეფექტურად იმუშავებდა პროკურატურა. კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში დავინახე მიზანმიმართული ჩანაფიქრი და იერიშის მოტანა ჩვენზე. მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების უდანაშაულობაში. რატომ გახდა აუცილებელი მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება, როდესაც არსად გაქცევას არ აპირებდნენ? რატომ წაუყენეს ბრალი მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მე უმნიშვნელოვანესი ვიზიტით ვიყავი საფრანგეთში და ხელს ვაწერდი შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე? სწორედ ახლა რატომ წამოსწიეს წინ ჯარისკაცების კვებაზე ჩემ მიერვე გადაგზავნილი საქმე?

- თუკი ეს საქმე თქვენ თავად გადაგზავნეთ პროკურატურაში, გამოდის, რეალურად არსებობდა გამოძიების დაწყების საფუძველი...

- მოხდა ფაქტი, რამდენიმე ჯარისკაცმა ცუდად იგრძნო თავი. აღიძრა საქმე, ჩატარდა გამოძიება და, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეული იყო. რატომ წამოსწიეს ეს საქმე ახლა? არ გიჩნდებათ ეს კითხვა? მე გამოძიების წინააღმდეგი არა ვარ, პირიქით, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს თეთრი და შავი. დარწმუნებული ვარ, პასუხისგება მოუწევთ თავად იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა.

- ე.წ. კაბელების საქმეს ორი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ "სილქნეტს" ავანსად თითქმის სრული თანხა გადაერიცხა.

- ეს მიღებული პრაქტიკაა. ის დაინტერესებული იყო ამ გამოძიებით და ამიტომაც მიღრმავდება ეჭვი ამ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე.

- გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია საბურავების შესყიდვის დროს არსებულ დარღვევებზეც. ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის თებერვალში თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ავტომობილების საბურავებისა და აკუმულატორების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მხოლოდ ტენდერის გამოცხადების შემდეგ საქართველოში დარეგისტრირდა სომხური კომპანია "არპანივი", რომელმაც გაიმარჯვა, თუმცა, ის არ არის მწარმოებელი კომპანია და გაირკვა, რომ მას შესასყიდი საქონელი რუსეთიდან შემოაქვს...

-  ჯერ ერთი, ყველა ტენდერის საქმის კურსში ვერ ვიქნებოდი. თავდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი უწყებაა და შესაბამისად, ყველა ტენდერის დეტალები მე არ მეცოდინება. ეს თუ ღია ტენდერი იყო, ელექტრონული სახით, შეგიძლიათ თქვენვე შეამოწმოთ. თავდაცვის სამინისტროში თავის დროზე ჩემი თხოვნით შემოვიდა აუდიტის სამსახური, რადგან ჩვენ დაგვხვდა სერიოზული სისტემური პრობლემები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებდა შესწავლას.

- ფიქრობთ, რომ გამოძიების კვალი თქვენამდე მოვა?

- ნაკლებსავარაუდო მგონია, რომ ასეთ ავანტიურაზე წავიდნენ. ასე შორს წასვლას არ ველი და ამაზე არც ვფიქრობ.

- პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თქვენ ლობირებდით "ნაციონალურ მოძრაობას". მანამდეც ბევრს საუბრობდნენ თქვენი და თუნდაც გიგა ბოკერიას ახლო მეგობრულ ურთიერთობებზე...

- მართლაც კომიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვლობირებდით "ნაციონალებს". შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოალიციიდან წამოსვლის შემდეგ იქ გაწევრდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და შეიქმნა ერთგვარად "ნაციონალური ოცნება". გული მწყდება, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრი.

ვახო ბერიძე