"ჩემს უწყებაშიც არაერთი პირი დაუკავებიათ და ეს დევნად ჩავთვალო?" - კვირის პალიტრა

"ჩემს უწყებაშიც არაერთი პირი დაუკავებიათ და ეს დევნად ჩავთვალო?"

"ირაკლი ალასანიას განცხადებებს ვერ გავიზიარებ"

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სხვა უწყებებთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც ამოწმებს. მინისტრ სოზარ სუბართან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- აუდიტის სამსახური სამინისტროს ბოლო 2-3 წლის საქმიანობას სწავლობს, თუმცა, თუ გამოიკვეთა ისეთი დარღვევა, რომელიც წინა წლებში იღებს სათავეს, იმ პერიოდსაც მიჰყვებიან.

დარღვევა რომ არ არსებობდეს, ისეთი უწყება არ არსებობს. აუდიტის სამსახური გაარკვევს, ეს შეცდომა უნებლიეთ მოუვიდა ვინმეს თუ შეგნებულად და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე პროკურატურამდეც მივიდეს.

- თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევები გახდა იმის მიზეზი, რომ ამ უწყების ხელმძღვანელ ირაკლი ალასანიას თანამდებობა და შემდეგ "ქართული ოცნება" დაეტოვებინა.  თავდაცვის სამინისტროთი პროკურატურის დაინტერესება ალასანიამ პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

- ჩემს ყოფილ სამინისტროში, სასჯელაღსრულების უწყებაშიც, არაერთი პირი დაუკავებიათ, თუნდაც ჩემი საქართველოში არყოფნის დროს, და  ეს დევნად ჩავთვალო?

მინისტრის მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს თუ მოხდა ასეთი რამ და ამით ზიანი მიადგა მოქმედი ხელისუფლების იმიჯს, ეს ძალიან ცუდია, თუმცა, ეს ფაქტი მკაფიოდ მეტყველებს ერთ რამეზე, რომ პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო.

ფაქტია, ის არ ითვალისწინებს პოლიტიკოსების შეხედულებებს, თორემ მათთვის რომ ეკითხათ, სავარაუდოდ, ეტყოდნენ, ამას ახლა ნუ გააკეთებთო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვეტყოდი. როგორც ჩანს, პროკურატურა პოლიტიკოსებს არაფერს ეკითხება - აღმოაჩინა დანაშაული და დაიწყო გამოძიება, მივიდა ლოგიკურ ფინიშამდე და დააკავა ადამიანები.  ასე რომ, ირაკლი ალასანიას განცხადებებს ვერ გავიზიარებ.

-  მოდი, დევნილების პრობლემებზე ვისაუბროთ. მათი უმრავლესობის მთავარი პრობლემა საცხოვრებლის უქონლობაა.

- როდესაც სამინისტროში მოვედი, დამხვდა სტატისტიკა, რომ დაახლოებით 56 000 ოჯახია ბინით დასაკმაყოფილებელი.  დასახლების გარდა, დევნილებში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა.

შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან და შევიმუშავეთ დევნილთა დახმარების ერთობლივი პროექტები. დევნილთა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური საშუალებაა "სოფლად სახლის" პროგრამა, რომელიც გულისხმობს 20.000 ლარის ფარგლებში სოფელში სახლის ყიდვას იმ დევნილისთვის, რომელიც მზად არის ქალაქიდან სოფელში წავიდეს. პროგრამის ეფექტურობა მის სისწრაფეშია - ინფრასტრუქტურა მოგვარებულია, სახლს აქვს მიწა, რომლის დამუშავებაც შეუძლია, ადამიანს შემოსავალიც უჩნდება და თანამდევი სტრესიდანაც გამოდის.

- გავრცელებული ინფორმაციით,  საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელების რიცხვი გაიზარდა. რომელი ქვეყნებიდან ჭარბობს შემოდინება და თუ ხდება ბენეფიციარების წარმომავლობის სათანადო შესწავლა?

- საქართველოში ბევრი თავშესაფრის მაძიებელი თუ ლტოლვილი მოდის ერაყიდან და სირიიდან - არიან ქურთები, იეზიდები, არაბები. გვყავს ლტოლვილები უკრაინიდანაც. როცა ჩვენვე ათასობით დევნილი გვყავს, ცოტა ძნელია მათი დაკმაყოფილება, თუმცა, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ლტოლვილებს ბინების დაქირავებაში, ვაძლევთ თავშესაფარს მარტყოფში. აშშ-ის დახმარებით შენდება ლტოლვილთა ახალი თავშესაფარი, 120 კაცზე გათვალისწინებული კორპუსი.

- "ნაციონალები" ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ამასთან, აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სერიოზულად ემზადებიან.

- "ქართული ოცნება" ასრულებადია, "ნაციონალების" "ოცნება" - არა. მათი მიზანი და გეგმა, რომ ჩამოეშალათ ქართული სახელმწიფოებრიობა და გადაეჯიშებინათ ქართველი კაცი, არ მოხერხდა. პარლამენტში მათი მანდატების რაოდენობა ნამდვილად არ ასახავს ქართველი მოსახლეობის განწყობას, მაგრამ ეს პარლამენტი 2016 წლის ბოლომდე იქნება. რომც იყოს პოლიტიკური კრიზისი,  ჩატარდება ახალი არჩევნები, რაც "ნაციონალებისთვის" ტრაგედია იქნება - პარლამენტში იმის მესამედი ეყოლებათ, რამდენიც დღეს ჰყავთ. რისი მაქნისებიც არიან, 15 ნოემბერს გამოჩნდა რუსთაველის პროსპექტზე, სადაც 7000 კაცი გამოიყვანეს.

- საზოგადოების ერთ ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

- ემზარ კვიციანთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ თანამებრძოლებიც ვიყავით. აფხაზეთის ომის დროს ვიყავი სოხუმში და ჩემს თანამემამულეებთან ერთად გამოვიარე საკენი-ჭუბერის ჯოჯოხეთური გზა, რომელიც  ემზარ კვიციანმა გაჭრა. რომ არა იგი, მსხვერპლი გაცილებით მეტი და  მასშტაბური იქნებოდა. ერთადერთმა მან შეძლო კოდორელების დარწმუნება და მობილიზება, რათა თავდაცვის ზღუდეები შეექმნათ და დალის ხეობა წლების განმავლობაში დაეცვათ. ეს მას არ უნდა დავუკარგოთ გმირ კოდორელებთან ერთად.

რაც შეეხება 2006 წელს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, რა ინფორმაციაც უნდა ჰქონოდა ემზარს და რა პროვოკაციასაც უნდა ჰქონოდა ადგილი, არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. არავის აქვს უფლება, დაემუქროს ცენტრალურ ხელისუფლებას ან ჩაიდინოს ძალისმიერი ქმედებები მის წინააღმდეგ, ისევე როგორც ხელისუფლება ვალდებულია ადეკვატური იყოს და არ მიმართოს არაპროპორციულ ძალას, როცა საკითხების მშვიდობიანი მოგვარების რესურსი არსებობს...

ხელისუფლება არ ერევა და არ ჩაერევა სასამართლოს პრეროგატივაში, მაგრამ ვთვლი, რომ ემზარის წარსული დამსახურებისა და კოდორში 2006 წელს განვითარებული მოვლენების შედეგების გათვალისწინებით არსებობს რესურსი, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის მოხდეს შეთანხმება და საკითხი სამართლიანად გადაწყდეს.

ნანა ფიცხელაური