რა ხდება რკინიგზაში
01-12-2014
რა ხდება რკინიგზაში
დაჩი ცაგურია: "ეს მართული პროცესია, მის უკან დგას ირაკლი პეტრიაშვილი - პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე"

ირაკლი პეტრიაშვილი: "ისეთ სქემას რომ მიიღებ, რომლის მიხედვითაც ამ ადამიანებს კი არ ემატებათ, აკლდებათ ჯამაგირი, გასაფიცად პეტრიაშვილი რად უნდათ?"


26 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები ახალ სახელფასო სისტემას, მეცამეტე ხელფასს და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვენ. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 150 რკინიგზელი, რკინიგზელთა პროფკავშირის ცნობით კი, რკინიგზელთა 70%-ია გაფიცული.


დაჩი ცაგურია, რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი:
- რკინიგზელების უმრავლესობა მუშაობს. პროფკავშირი კი რკინიგზელებს, რომლებიც არ გაფიცულან, მუქარითა და დაშინებით აიძულებს, გაფიცულთა გვერდით დადგნენ. რკინიგზის მენეჯმენტმა უკვე გაუგზავნა ახალ პროფკავშირს ოფიციალური შეტყობინება - მსგავსი ტიპის ქმედებებისგან თავის შეკავებისა და გაფიცვის კანონიერების ფარგლებში მოქცევის მოწოდებით. ვთხოვ მათ,
შეწყვიტონ იმ ადამიანებზე ზეწოლა და თავდასხმები, რომლებიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას. ამის ამსახველი კადრებიც გვაქვს. გვიწევს ჩვენი თანამშრომლების დაცვა პროფკავშირების აგრესიისგან.

სიცრუეა, თითქოს ადმინისტრაცია და ყოფილი პოლიტპატიმრები ახდენდნენ გაფიცულებზე ზეწოლას. ეს მართული პროცესია, მის უკან დგას ირაკლი პეტრიაშვილი - პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
კარგად მახსოვს ნათია მიქიაშვილის ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გადაღებულია, თუ როგორ სტუმრობდა ირაკლი პეტრიაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს მაშინ, როდესაც ციხეში შესვლის უფლება არავის ჰქონდა. რა ესაქმებოდა პეტრიაშვილს მათთან?

პეტრიაშვილმა და მისმა ამფსონებმა დაიწყეს რკინიგზელების გადაბირება, აიძულებენ, უარი თქვან სამსახურზე, ავრცელებენ ჭორებს, თითქოსდა ხელფასებს ვამცირებთ. ჩვენს თანამშრომლებს წარვუდგინეთ ოფიციალური დოკუმენტი და დავარწმუნეთ, რომ ეს არ არის მართალი. ჩვენს სისტემაში 13 000 კაცი მუშაობს და შეიძლება რაღაც შეცდომა დავუშვით, მაგრამ ესენი ვითარებას ისე ხატავენ, თითქოს რაღაც საშინელება ხდება რკინიგზაში. სინამდვილეში რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს.

გაფიცულებმა ცხრაპუნქტიანი შეთანხმების პროექტი წარმოადგინეს, აქედან 7-ზე მივეცით თანხმობა. მომავალი წლიდან რკინიგზელები ოთხჯერ მიიღებენ პრემიას.
საქართველოს რკინიგზაში მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა. ჩვენ რომელიმე მემანქანის ან გამცილებლის პარტიულობის ნიშნით დევნას არ დავიწყებთ.

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე: - რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც საქმისა არაფერი გაეგებოდა, დაიტოვა "ნაციონალების" კადრები, რომლებიც ამ ხალხს წლების მანძილზე ატერორებდნენ. ესენია: გურამიშვილი, ნიკოლაიშვილი, ბაბუნაშვილი, კორელი (დირექტორთა საბჭოს წევრები). დაჩი ცაგურიასავით მითებს არ ვიგონებ, კონკრეტულ გვარებს ვასახელებ. მან არ იცის, რა აწუხებს ხალხს. ისეთ სქემას რომ მიიღებ, რომლის მიხედვითაც ამ ადამიანებს კი არ ემატებათ, აკლდებათ ჯამაგირი, გასაფიცად პეტრიაშვილი რად უნდათ?

მაქვს დოკუმენტები, რომ მემანქანეებს, ზეინკლებსა და სხვებს ხელფასები აკლდებათ. ცაგურიას რა უნდა ვუმტკიცო, როცა არ იცის, ორჯერ ორი რამდენია? საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება თავის წევრებს არავის დააჩაგვრინებს. ძალიან მინდა გაიფიცონ "ჯეოსტილში" და ინდოელებს, რომლებიც უთავხედესი დამსაქმებლები არიან, თავზე უნდა დაამხო ის მეტალურგიული კომბინატი - მონებივით რომ ექცევიან ადამიანებს, მაგრამ ხალხი ხმას რომ არ იღებს, როგორ უნდა ვაიძულო, რომ გაიფიცონ?

- დაჩი ცაგურიამ განაცხადა, პეტრიაშვილი გირგვლიანის მკვლელების მოსანახულებლად ციხეში დადიოდაო.
- იმ კადრების გამო ნინო მიქიაშვილმა ცხრაჯერ მოიხადა ბოდიში, იმიტომ, რომ კადრში მე არ ვარ!
მე ამ ორგანიზაციას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით არ ვმართავ. ადრე ვინც თბილად იჯდა სავარძელში და პრემიებს იღებდა, არსად წასულა.

რომელი "რუხი კარდინალი" მე ვარ, რომ ამ ადამიანებს ვმართავდე? ნამეტანი დიდი წარმოდგენა ჰქონიათ ჩემზე და ამისათვის მადლობა მათ...

ნანა ფიცხელაური

aleko
06 დეკემბერი 2014 19:02
დაჩი ცაგურია ვინაა? რა განათლება აქვს? დაჩი ცაგურიას რომ ექნება 5 ათასიანი ხელფასი და 30 წლის მემანქანეს 500 ლარი გაიფიცებიან აპა რას იზამენ?
jemali
04 დეკემბერი 2014 21:15
ერთ-ერთი გაფიცული ამბობდა 1000 ლარი მაქვს ხელფასი და 5 სულიან ოჯახს არ ყოფნისო, შე მაამა ცხონებულო, მეც ხუთსულიანი ოჯახი მაქვს, მარტო მე ვმუშაობ სუტკაში 18 საათი და 500 ლარზე მეტს ვერ ვშოვლობ, ნეტა ვიცოდე ჩემზე განათლებული ხარ თუ ჩემზე მეტი გიბრძოლია სამშობლოსთვის.
glaxuna
04 დეკემბერი 2014 15:43


ხო მეოცნებეებო,
ყოველივე მშრომელების და პეტრიაშვილი ,,ბრალია,, ,

და რკინიგზის ხელისუფლება...მართალნი,და მშრომელებზე ,,მზრუნველები,, არიან...
მერე,რა,რომ მშრომელები ამას ვერ გრძნობენ,
იმიტომ,რომ ,,დ ა შ ი ნ ე ბ უ ლ ე ბ ი ,, არიან

და ამიტომ არიან მართულნი?!

ცინიზმსაც არ ქონია საზღვარი ამ ,,ყოფილი,, კომუნისტების ხელისუფლებისათვის,,ოცნების,, სახელით ,რომ მოევლინენ ხალხს 2012 წელს!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები