ყველა მოგებულია
01-12-2014
ყველა მოგებულია
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მოსმენების შესახებ" კანონპროექტს უკვე მეორედ დაადო ვეტო. ვიდრე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ძალიან ვინერვიულე. მარგველაშვილსაც ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. ხუმრობა ხომ არ არის, ფაქტობრივად, ამ დღეებში დემოკრატიის ახალ სტანდარტზე გადასვლის ბედი წყდება! თან ვსწავლობთ, როგორ უნდა იმუშაოს ხელისუფლების სხვადასხვა შტომ ისე, რომ ერთმანეთი დააბალანსოს და არ დააზიანოს! აქამდე ყველაფერს მუდმივად ერთი კაცი აკონტროლებდა. ახლა კი, თუ პარლამენტი დაუშვებს შეცდომას, პრეზიდენტი გამოდის დაზღვევაზე, როგორც კარგი მცველი ფეხბურთში. კანონის შინაარსზე მეტად ჩემთვის
ეს ქმედებებია ახლა საინტერესო. არ ვიცი, პარლამენტი რას გადაწყვეტს: დასძლევს ამ ვეტოს თუ დაეთანხმება პრეზიდენტის შენიშვნებს, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, მაინც მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრენი გავხდით.

რატომ არის დღეს უფრო მეტი დემოკრატია, ვიდრე უწინ? იმიტომ, რომ იმ კანონპროექტს, რომელიც დიდი ალბათობით შსს-ში მომზადდა, რომელსაც პრემიერმა ღიად
დაუჭირა მხარი და ასევე ღიად მოიწონა ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც, როგორც ვარაუდობენ, კოალიციაზე გავლენა დღემდე აქვს... აი, ასეთ კანონპროექტს უმრავლესობის ერთი ნაწილი ასევე ღიად არ უჭერს მხარს. მარტო რესპუბლიკელები კი არა, არამედ უშუალოდ პარტია "ქართული ოცნების" წევრებიც: ელისო ჩაფიძე, ანი მიროტაძე და ვანო კიღურაძე. ვინმეს წარმოგიდგენიათ, ვანო მერაბიშვილს რომ კანონის მიღება მოეთხოვა და წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის რომელიმე წევრს ხმა ამოეღო? ან გახსოვთ ასეთი პრეცედენტი?! მე პირიქით მახსოვს: მერაბიშვილისა და ადეიშვილის ყველა იდეას, რაც უნდა მავნებლური ყოფილიყო, ერთხმად უჭერდნენ მხარს! აი, ეს შეიცვალა და რადგან ეს შეიცვალა, ახლა პარლამენტმა ცუდი კანონიც რომ მიიღოს, ადრე თუ გვიან, მაინც გამოსწორდება!

ბევრისთვის მოსაბეზრებელი გახდა ამდენი საუბარი გასაღებზე. ჰო, სააკაშვილის დროს ამდენს ვინ ალაპარაკებდა ან არასამთავრობოებს, ან მედიას, ან პარლამენტარებს? უცებ მიიღებდნენ, რაც შსს-ს უნდოდა და ამით დამთავრდებოდა. ახლაც შეიძლება ის ვარიანტი გავიდეს, რაც შსს-ში მომზადდა, მაგრამ ეს ვარიანტიც მნიშვნელოვან დათმობებს შეიცავს, უბრალოდ, ის არ არის, რაც გვინდოდა.

ამიტომ არის კარგი დემოკრატია და გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპი! ასე შეიძლება პროცესი იწელება, გადაწყვეტილების მიღება რთულდება, მაგრამ შედეგად უფრო მცირდება ცუდი გადაწყვეტილების მიღების შანსი და ყველა მოგებული გამოდის: ხალხიც და ხელისუფლებაც, რომელიც შეცდომის დაშვებას ასცდება. ეს ვერ გავაგებინეთ ყოფილებს!
a
04 დეკემბერი 2014 14:15
ავტორმა ერთხელ კიდევ (უკვე მერამდენედ) მომაწონა თავი, თავისი სწორი დასკვნით. მეამაყება, ავტორი ჩემი თანაქალაქელია. გამწარებული ხალხისათვის აბსოლუტურად სულ ერთია ვინ ვის უსმენს და რატომ. მეეჭვება დღეს, რომელიმე ქვეყანას ჩვენი დაპყრობა მოუნდეს. წაიყვანეს რუსებმა ჩვენი აფხაზები და ოსები და კარგადაც ხედავთ რა უჯდებათ მათი შენახვა, ახლა იმის მეშინია რუსებს არ გაუჭირდეთ და ნაადრევად უკან არ დაგვიბრუნონ ჩვენები. რაც შეეხება ძველი და ახალი მთავრობის გინების მოსმენას, ამას თანამედროვე ტექნიკა ან თავშეყრის ადგილებში ხეტიალი სულაც არ სჭირდება.
gavazeli
03 დეკემბერი 2014 12:36
ძია ერთ რამეში მართალია: კანონი თუ აუკრძალავს მოსმენას შსს-ს, მაშინ უკანონოდ მოგვისმენენ. მე პირადად ფეხებზე მკიდია, მისმენენ თუ არა. თუ რამეში საგინებელია მთავრობა, ვაგინებ და აი დარდი, თუ მისმენენ, თუ საქებარია, მითუმეტეს, შევაქებ და მისმინონ, ესიამოვნებათ.
*******
02 დეკემბერი 2014 17:04
იციან ვის უნდა უსმინონ და ვის არა. ყანაში წასულ გლეხს, სულ რო გამჩენი აგინოს მთავრობას ( კი არიან საგინებლები) არავინ მოუსმენს. ისე კი კარგი იქნებოდა რო ესმინათ, იქნებ ისე მაინც მიეტანათ გულთან უბრალო ხალხის წუხილი. ქვეყნის წურბელებს არ აწყობთ მოსმენები და ყველაფერს იღონებენ , რომ ჩააგდონ. როგორია მილიარდიანი " ატკატკები"-ის ხელიდან გაშვება და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა?

რედაქტორის რჩევით