"მელნიკოვმა თაკო სალაყაიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება" - კვირის პალიტრა

"მელნიკოვმა თაკო სალაყაიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება"

"სააკაშვილი იყო ამ დანაშაულის მონაწილე და რეჟისორი - ჯერ საქმე გააყალბა, შემდეგ კი შეიწყალა მსჯავრდადებულები"

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს წარუდგინა ბრალი. საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და ექსპრეზიდენტისთვის ბრალდების წარდგენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ლოგიკურად მიიჩნევს სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე:

- 10 წელი ვიბრძოდით ამ დღისთვის. სამწუხაროა, რომ ირინა არ არის ცოცხალი... ხელისუფლებას თავის დროზე ობიექტურად რომ გამოეძიებინა ეს საქმე, სააკაშვილს რომ არ ეზრუნა თავის საყრდენ მერაბიშვილსა და ახალაიაზე, პირველი მოეხსნა და მეორე - დაესაჯა, იმხელა ავტორიტეტს მოიპოვებდა, დღესაც აქ გვეყოლებოდა. სიმართლეს რომ ეზეიმა, ალბათ, ირინაც ცოცხალი იქნებოდა.

- ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა გამოიყენა დისკრეციული უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი და კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის მისი გასამართლება დაუშვებელია.

- აქ სადავო შეწყალება არ არის, საუბარია დაგეგმილი ქმედებების ჯაჭვზე, რასაც მოჰყვა ის, რომ ოთხეული (ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური) ვადაზე ადრე გათავისუფლდა. მოხდა გამოძიების ფალსიფიკაცია და სასჯელი, რომელიც ამ პირებმა მოიხადეს, მათი დანაშაულის არაპროპორციული იყო. უფრო საინტერესო ის არის, რომ შეწყალებამდე სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო სანდროს საქმის გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში. ჯერ იყო და, პარლამენტს შეაცვლევინა კანონი, რომლითაც შემსუბუქდა მსჯავრი იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც ოთხეული იყო გასამართლებული. ცხადია, რომ სააკაშვილი იყო ამ დანაშაულის მონაწილე და რეჟისორი, რომელმაც ჯერ საქმე გააყალბა, შემდეგ კი დანაპირები შეასრულა და შეიწყალა მსჯავრდადებულები. მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებითაც დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული.

- რა თქვა მელნიკოვმა ახალი, რაც აქამდე არ იცოდით?

- რაც მელნიკოვმა თქვა, ფაქტობრივად, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, ეღიარებინა ყველაფერი, თუნდაც იმისათვის, რომ გაექარწყლებინა თავის დროზე "ნაციონალების" შეთხზული ამბავი - თითქოს შარდენ-ბარში არაფერი მომხდარა და მხოლოდ იქიდან გამოსვლის შემდეგ მოუვიდა სანდროს კონფლიქტი ალანიასთან. დღეს, როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინა, რატომ არ იხდიან ბოდიშს "ნაციონალები"? თავის დროზე სამძიმარი მაინც ეთქვათ ოჯახისთვის.

დღეს რამდენიმე ადამიანს უკვე წაუყენეს ბრალი; ბევრიც გაქცეულია. რატომ არაფერი კეთდება იმისათვის, რომ დათა ახალაია ჩამოიყვანონ? რატომ ვერ არწმუნებენ საბერძნეთს, რომ ახალაიამ უამრავი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა?

- ოლეგ მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე, არ გამორიცხავენ, რომ თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობაც დადგეს...

- თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობა რომ დადგეს, ამისათვის საჭიროა, კიდევ ერთხელ დაიკითხონ ისინი, ვინც იმ ღამით შარდენ-ბარში იყვნენ. ალბათ, ისინიც დაადასტურებენ, როგორ უთხრა სალაყაიამ დათა ახალაიას, დაეხმარეთ იმ გოგოსო (თათია მაისურაძეს). მელნიკოვმა მისცა სალაყაიას წინააღმდეგ ჩვენება, თუმცა, მაისურაძე ბოლომდე არ ამბობს სიმართლეს. რაც მელნიკოვმა თქვა, ის დეტალები თითქოს მაისურაძეს არც გაუგონია. მელნიკოვისა და მაისურაძის ჩვენებები მხოლოდ იმ ნაწილში ემთხვევა, ვინ სად იჯდა სუფრასთან. მელნიკოვი ჰყვება, თათია დაბოღმილი სახით მოვიდა და სალაყაიამ ჰკითხა, რა ხდებაო, მათ შორის გამართულ საუბარს კი თათია მაისურაძე უარყოფს.

- ალანია და ღაჭავა გაქცეულები არიან. აფციაურისა და ბიბილურიძის ჩვენებებზე რას იტყვით?

- ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და მგონია, ოქროყანაში მომხდარზე სიმართლეს არ ამბობენ. თურმე არც ერთმა არ იცის, სად იყო, ან ვინ იყო სანდროსთან და ვინ მიაყენა ჭრილობები.

- ბატონო გოგი, როგორც ცნობილია, გამოსაძიებელი დარჩა ოქროყანის ეპიზოდი. ხომ არ ფიქრობთ, რომ პროკურატურა ამ ნაწილში ჩიხში შევიდა და ამიტომაც გაიწელა პროცესი?

- იმისათვის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს, საჭიროა გაქცეულების - ალანიას, ღაჭავასა და დათა ახალაიას ჩამოყვანა. სანამ ისინი არ ჩამოვლენ, მანამდე იქნება ჩიხური სიტუაცია, თუმცა ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს იმას, რის გაკეთებაც წინა ხელისუფლებას არ უნდოდა. როგორ გამოსდით - ეს სხვა საქმეა. ჩვენთვის მტკივნეულია, გამოძიება რომ გაიწელა, უკვე 10 წელი გადის...

სანდროს მკვლელობის შემდეგ მკვლელობების რაოდენობამ იკლო საქართველოში, ეს ირინას დამსახურებაა. მან გამოაფხიზლა საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, რომელმაც ბევრი რამ ვეღარ გაბედა. ირინა სულ ამბობდა, თქვენთვის ვიბრძვი, თორემ ჩემს შვილს რაღა გააცოცხლებსო. მიმაჩნია, რომ სანდროს მკვლელობამ და ირინას შეუპოვარმა ბრძოლამ შეურყია საფუძველი ყოფილ ხელისუფლებას.

ნანა ფიცხელაური