"კაბელების საქმის" უცნობი დეტალები -რა წერია დოკუმენტში, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა - კვირის პალიტრა

"კაბელების საქმის" უცნობი დეტალები -რა წერია დოკუმენტში, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

პირველი სასამართლო სხდომა "კაბელების საქმეზე" 11 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები პროკურატურის მიერ გადაცემულ მასალებს ეცნობიან. ამ საქმის ნაწილს პროკურატურამ გრიფი "საიდუმლო" გასულ კვირას მოხსნა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გამოძიება განსაკუთრებით ერთი დეტალით დაინტერესდა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა საინჟინრო ბრიგადა, სადაც 2000-მდე სამხედრო მსახურობს. ბრიგადის ფუნქციებში ძირითადად სამხედრო ინფრასტრუქტურის სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები შედის. გარდა ამისა, არსებობს 200-300-კაციანი სამშენებლო ბატალიონი. მათ თავის დროზე არაერთი სამხედრო-ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს. ასევე, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა 180 ერთეული მძიმე ტექნიკა (ბულდოზერები, მიწისმჭრელები და სხვ.). იმ დროისთვის, როდესაც ალასანიას უწყებამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა სამხედრო-სამრეწველო ცენტრი "დელტა". თავის მხრივ, "დელტას" ბაზაზე ფუნქციონირებს სამშენებლო კომპანია "მშენებელი 21". მთელი ამ უზარმაზარი რესურსის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდება.

გრიფმოხსნილი მასალებით ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობისთვის საკუთარი რესურსი არ გამოიყენა და სამშენებლო სამუშაოების ვალდებულება კომპანია "სილქნეტს" გადასცა, რაშიც დამატებით 6 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გამოძიება დაინტერესდა, რატომ არ გამოიყენა თავდაცვის სამინისტრომ თავისი რესურსი.

თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ სამხედრო უწყებას ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დიდი შესაძლებლობები აქვს.

- დიახ, ეს რესურსი არსებობს, თუმცა, რატომ არ გამოიყენეს, ვერ გეტყვით. ეს კითხვა ყოფილ მინისტრ ალასანიას ან მის მოადგილეებს უნდა დაუსვათ...

ალასანია დეტალებზე არ საუბრობს და "კაბელების საქმეში" პოლიტიკურ მოტივს ხედავს. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები კი სასამართლოსთვის შუამდგომლობას ამზადებენ და პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ.

სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი: - ფაქტია, საქმე გვაქვს საპროცესო დარღვევებთან, ბრალდების მხარის პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელია. მოვითხოვთ საქმის მასალების სრულად გადმოცემას. რამდენიმე დღის წინ ამ საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს მოტივი ჩამოყალიბებული ჯერ არა აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი მოტივი შეიძლება ყოფილიყო თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილისა და "სილქნეტის" ერთ-ერთი დირექტორის ნათესაური კავშირი. ეს არის ბრალდების უსაფუძვლობის საჯარო აღიარება. რაც შეეხება ვარაუდს ბატიაშვილის ნათესაური კავშირის შესახებ, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც "კაბელების საქმეზე" კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გამზადებული იყო.

- იზარალა თუ არა სახელმწიფომ ამ კონტრაქტით? სპეციალისტების ნაწილის აზრით, თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, ეს მაგისტრალი მინიმალურ ფასად გაეყვანა და მხოლოდ კაბელი ეყიდა. უკვე გამზადებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს კი ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო კომპანია სიამოვნებით ჩართავდა საკუთარ ქსელში, ვინაიდან ამით თავადვე ნახავდა სარგებელს...

- მთლიანობაში სხვადასხვა პირობათა ერთობლიობა ქმნიდა იმის საფუძველს, რომ ეს წინადადება ყოფილიყო გაცილებით მომგებიანი, ვიდრე სხვა წინადადებები.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ეს უწყება კაბელების საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მთლიანად მოხსნას არ აპირებს.

ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე: - არსებობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს დასკვნა, რომ ეს მასალები მიეკუთვნება სამხედრო უსაფრთხოებას. ამ დოკუმენტებზე გრიფის მოხსნა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად, ის ვერ მოიხსნება. ამჟამად, გრიფირებული დარჩა 5-ტომიანი საქმის დაახლოებით 7%, საუბარია 150 ფურცელზე. ადვოკატებს სრული შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ დანარჩენ მასალებს, გააკეთონ ამონაწერები და განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება.

ვახო ბერიძე