... და ხვალ იყო ვეტო
01-12-2014
... და ხვალ  იყო ვეტო
"არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი  გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა"

"კანონპროექტის მოწინააღმდეგეში მტრის დანახვას არავის ვურჩევ"

"ალტერნატიული პროექტი მოამზადა კოალიციაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამაც, თუმცა,
მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა..."


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული მოსმენების შესახებ" კანონპროექტს, რამაც საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გააკვირვა. მათი თქმით, რეალურად, მარგველაშვილის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ პროექტში ერთადერთი განსხვავება გახლდათ ის, რომ პრეზიდენტი ერთი გასაღების გა
დაცემას სასამართლოსთვის ითხოვს, რასაც არც მმართველი გუნდი იზიარებს და არც თავად სასამართლო ხელისუფლება.


გია ვოლსკი, ფრაქცია "ქართული ოცნება":
- სასამართლო არ არის სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ეს ფუნქცია შეასრულოს. ეს არაერთხელ ითქვა, თუნდაც კოტე კუბლაშვილის მიერ. ვახტანგ ხმალაძის ვარიანტი გვირჩევდა, რომ ე.წ. მეორე გასაღები, რომლის გარეშეც შეუძლებელია განხორციელდეს ფარული მიყურადება ან ოპერატიული მუშაობა, უნდა
იყოს მარეგულირებელ კომისიაში, არადა, მარეგულირებელი კომისია არ შეიძლება იყოს ის სტრუქტურა, რომელიც ჩართული იქნება საგამოძიებო პროცესში ან მის გაკონტროლებაში. ჯერ ერთი, გაკონტროლების ფუნქცია მას არ შეიძლება დააწვეს და რაც მთავარია, ეს არის კოლეგიალური მართვის ორგანო. გამოდის, მთელი მარეგულირებელი საბჭოს ფუნქციას, მის იდეას საერთოდ ვანგრევთ. ანუ რა გამოდის? ჩვენ ვუქმნით კოლეგიალური მართვის ორგანოს ისეთ ქვედანაყოფს, რომელიც, ფაქტობრივად, მეორე შინაგან სამინისტროს სტრუქტურას შეითავსებს.

სქემა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ასეთია: იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის მაქსიმალურად გააკონტროლოს როგორც სასამართლომ, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.
ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობა: - აბსოლუტურად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, როდესაც მან, თავის დროზე, ახსენა ფრაზა "ვეტო ვეტოსთვის". ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, რომლის ლოგიკურ ახსნას ვერ ვხედავ. ვეტოს დადება აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო.

პრეზიდენტმა პარლამენტი მოაქცია ძალიან ჩიხურ სიტუაციაში და განუსაზღვრა ერთთვიანი ვადა ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც თვეები სჭირდება და ზოგჯერ თვეებიც არ არის საკმარისი.
ის, რაც წელიწად-ნახევარში ვერ გადაწყვიტა სამუშაო ჯგუფმა, როგორ უნდა გადაეწყვიტა პარლამენტს ერთ თვეში, აი, ამაზე არ იფიქრა თავის დროზე პრეზიდენტმა. პრეზიდენტი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ კოორდინაცია მოახერხოს სხვადასხვა შტოს შორის და დააბალანსოს, აქ კი ჩვენ ვიღებთ სრულიად უცნაურ სიტუაციას. გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში პრეზიდენტს ტექსტიც არ ჰქონდა დაწერილი და პარლამენტი ელოდებოდა, რა მოდელს წარმოადგენდა ის. ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, ისევე, როგორც გაუგებარი იყო, რაც თქვა ბრიფინგზე. არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი  გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამან პრინციპულად უფრო დამარწმუნა, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იყო უალტერნატივო ამ მოცემულ სიტუაციაში.

ალტერნატიული პროექტი მოამზადა კოალიციაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამაც, თუმცა, მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა...

ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია: - ჩვენ გვინდა, ქვეყანას ჰქონდეს ნორმალური კანონები და ამის გამო არ ვაპირებთ კოალიციიდან გასვლას. რამდენიც ჩვენი კანონპროექტი არ გავა, იმდენჯერ კოალიცია რომ დაგვეტოვებინა, ალბათ,  ეს  უკვე მე-17 შემთხვევაც არ იქნებოდა. რესპუბლიკური პარტია რჩება კოალიციაში.

- ის, რომ უმრავლესობაში აზრი ორად გაიყო და მომზადდა ორი სრულიად განსხვავებული პროექტი, რაზე მეტყველებს - შიდა დემოკრატიაზე თუ შიდა კრიზისზე?
- ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტი დაემსგავსა პარლამენტს. პარლამენტში რომ განიხილებოდეს ორი თანაბარძალიანი და თითქმის თანაბარი ხმების მიმღები კანონპროექტი, ეს არის ნორმა მსოფლიოსთვის. უბრალოდ, საქართველოში ეს პირველად მოხდა.
აქამდე საქართველოს პარლამენტი არ იყო საკანონმდებლო ორგანო, ეს იყო ნოტარიუსი, რომელიც ყველაფერს ამტკიცებდა, რასაც ზემოდან ეტყოდნენ.

- პარლამენტში რომ გასულიყო  ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რამდენად დაცული იქნებოდა ქვეყნის უსაფრთხოება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეორე პროექტის ავტორები სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე აპელირებდნენ...
- ჩემი აზრით, ეს იყო წმინდა წყლის რეკლამა, რითაც ქალბატონი ბესელია ცდილობდა, დაემტკიცებინა მისი პროექტის უპირატესობა. სინამდვილეში, უსაფრთხოებას არ ანგრევდა არც ერთი და არც მეორე კანონპროექტი.
ხმალაძის კანონპროექტი კი უფრო მეტად იცავს ადამიანის უფლებებს, ვიდრე მეორე პროექტი, რომელსაც ხელი არ მოაწერა პრეზიდენტმაც.

საერთოდ, მთელ მსოფლიოში კეთდება არჩევანი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. მთავარია, სწორედ მათ შორის მოიძებნოს ბალანსი. ვინც კონკრეტული კანონპროექტის მოწინააღმდეგეებში ქვეყნის მტერს ხედავს, იმათ შევახსენებ, თუ სად მიიყვანა ქვეყანა ასეთმა საუბარმა. ამიტომ მე არ ვურჩევდი არავის ასეთ საუბარს. არ მიმაჩნია, რომ ქვეყანას ანგრევს ქალბატონი ბესელია ან ბატონი გედევან ფოფხაძე, ან სესიაშვილი... მათაც ვურჩევ, არ ჩათვალონ, რომ ქვეყანას აქცევს ვახტანგ ხმალაძე.

- პრემიერი ამბობს, რომ ადამიანების ვიწრო ჯგუფს არ ესმის, თუ რატომ უნდა იყოს ძლიერი პოლიცია და ზოგადად, შსს... თქვენ არ იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ჩემი აზრით, ძლიერი პოლიცია არ არის საკმარისი. საჭიროა ძლიერი ადამიანი, ძლიერი მოქალაქე, ძლიერი პარლამენტი და ზოგადად, ძლიერი ინსტიტუციები.
მარტო ძლიერი პოლიცია ქვეყანას არაფერს მისცემს, პირიქით, დააზიანებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ კვირას პლენარულ სხდომაზე ყველას შეგვახსენა, თუ რა პროგრამით ვართ მოსული ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრის ამოცანაა, გააძლიეროს მთავრობა, ჩვენს ამოცანას კი პარლამენტის გაძლიერება წარმოადგენს.

- თუკი თქვენ არ ანდობთ შსს-ს ე.წ. გასაღებს, მაშინ თავის დროზე რატომ გამოუცხადეთ ნდობა, როდესაც მთავრობას ამტკიცებდით პარლამენტში?

- ჩვენ ასევე ერთხმად გამოვუცხადეთ ნდობა მარეგულირებელ კომისიასაც, მაშინ რატომ არ ენდობა იმავე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ჯგუფი ამ კომისიას? ეს არ არის საკმარისი არგუმენტი, რადგან ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ორივეს, შსს-საც და მარეგულირებელ კომისიასაც... ისინი გვეუბნებიან, ენდეთ პოლიციასო, ჩვენ კი ვეუბნებით, ვენდოთ კომისიას.

ვახო ბერიძე

aleko
01 დეკემბერი 2014 13:52
მოსმენები ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახემწიფოსთვის უნდა იყოს,დარჩეს სპეც სამსახურების ხელში.
მეტის უნდა უსმენდნენ ყველას და ყველაფერს...
მაგრამ უბედურება ისაა დღეს ეს მოსმენები არა საქართველოს არამედ რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია....გამგები მიხვდება

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები