ძლიერი მოქალაქე თუ ძლიერი სპეცსამსახურები?!
01-12-2014
ძლიერი მოქალაქე თუ ძლიერი სპეცსამსახურები?!
საქართველოს ასეთი ხელისუფლება მართლაც არ ჰყოლია: ქვეყანაში მთავარი დემოკრატის მანტიას ერთმანეთს ეცილებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე - "მოსმენების შესახებ" კანონპროექტი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ამ კანონპროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტში ძალზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა: პარლამენტმა დამოუკიდებელი სახე და დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსი შეიძინა და ეს უშუალოდ მისი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დამსახურებაა: "სპეცსამსახურები გვჭირდება არა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელთაც ხანდახან გვაცნობენ, რომ შევასრულოთ. მქონია შემთხვევა, როცა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები უცნობებიათ აქ,
მაგრამ არ მქონია შემთხვევა, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად მათგან კვალიფიციური ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა მიგვეღო", - ეს უსუფაშვილის განცხადებაა, რომელმაც შს სამინისტროს რეფორმირება მოითხოვა. თუმცა, სამწუხაროა, რომ "მოსმენების შესახებ" კანონპროექტის ბესელია-ფოფხაძის ვერსიის მხარდაჭერით ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძალისმიერი მეთოდი არჩია. უსაფრთხოება არ არის განყენებული ცნება.
ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ მოიცავს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ხოლო ადამიანის უსაფრთხოება თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, არამედ მისი კანონიერი და კონსტიტუციური უფლებების დაცვას, როგორიც არის პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობა, რასაც ახალმიღებული კანონი თავისი არსით ეწინააღმდეგება.
გასაგებია, რომ მოსმენები ყველა ქვეყანაშია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო ისე, რომ არც სახელმწიფოს ინტერესები დაზარალებულიყო და არც ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება. ამ გზაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, შეეშინდა, რომ საზოგადოების თვალში სუსტი გამოჩნდებოდა. ხელისუფლება იყო ძლიერი მანამ, სანამ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას დაიკანონებდა. სწორედ იმით იყო ძლიერი, რომ აღიარებდა სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკური აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პატივს სცემდა ადამიანის სხვა უფლებებსაც. ამ აქტით, ხელისუფლება აღიარებს, რომ ის სუსტია.

ახალგაზრდა პრემიერი კი საზოგადოებასთან დისტანცირებით საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს: როცა ის არა მოქალაქეების, არამედ სპეცსამსახურების მხარეს დგება, უნდა ახსოვდეს, რომ ვერც შევარდნაძეს შეუნარჩუნა კახა თარგამაძემ ძალაუფლება და ვერც სააკაშვილს - მერაბიშვილმა თუ ახალაიამ. თქვენი ახალგაზრდა, თუმცა, გულწრფელად ძალზე სიმპათიური და უბოროტო შს მინისტრი კი რა მოსატანია ქართული ავტოკრატიის ზემოხსენებულ "კიტებთან" შედარებით.

მაშინ, როცა პრემიერი აცხადებს: "ჩემი დევიზია ძლიერი შსს, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სპეცსამსახურები", პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: "ძლიერი პოლიციიდან პირდაპირი გზა ძლიერ სახელმწიფომდე არ არსებობს, თუ ამ გზამ არ გაიარა ძლიერ მოქალაქეზე, ინსტიტუტებზე, ძლიერ კანონზე, ბიზნესსექტორზე, ძლიერ პარლამენტზე, მთავრობაზე, თვითმმართველობაზე".

როცა პრემიერი ასეთი ეპითეტებით ამკობს "მოსმენების" კანონისგან განსხვავებული პროექტის ავტორებს: "მათი მთავარი მიზანია შსს-ს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს" და მიიჩნევს, რომ ის, ვინც შსს-ს მიერ მოსმენებზე ერთპიროვნული კონტროლის წინააღმდეგია, ის სახელმწიფოს ასუსტებს; პარლამენტის თავმჯდომარე კი ასე აყალიბებს თავის პოზიციას: "არა მგონია, თუ კითხვებს დავსვამთ, ვინმეს ვასუსტებდეთ, მე მგონია, ჩვენ ამით ვაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს და ერთმანეთს და ეს სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თუ ვინმეს რამე წამოსცდება უარყოფითი ტაბუდადებულ პირებზე თუ თემებზე, ეს ქვეყნის ღალატი და სახელმწიფოს აბუჩად აგდებაა".

ასე რომ, ახალგაზრდა მთავრობის წევრებო, სანამ სიტყვა გამოგიფრინდებოდეთ, სჯობს, ქართული სიბრძნის კვალობაზე იმოქმედოთ: "ათჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". თორემ რა გამოდის, ყველა, ვინც ამ კანონს მხარს არ უჭერს, სახელმწიფოს ებრძვის და ასუსტებს?! ამ ლოგიკით, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ამ კანონს ხმა არ მისცა და პრეზიდენტიც, ვეტოს დადების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვიან და ასუსტებენ?! თუ ასეა, მათ ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია საძებნი. ხომ არ აღძრავდით საქმეს თქვენი კანონპროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, გაზეთის რედაქტორების, ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ?! აბა, საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, ვინ ასუსტებს მის სახელმწიფოს?! ჰოდა, მერე საზოგადოებამ შეაფასოს მტყუან-მართალი.

საბოლოოდ კი, გასულმა კვირამ ცხადყო, რომ ქვეყანაში პროცესები იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე გვგონია. ისიც ფაქტია, რომ როცა ქვეყანაში ასეთი პრეზიდენტი და პარლამენტია, ეს უდავოდ მთავრობის ღირსებაც არის. მაგრამ სხვისი ღირსეულობის ირიბ მოწმედ ყოფნას, ალბათ, სჯობს, რომ მთავრობამ საკუთარ იმიჯზეც იფიქროს. მით უფრო, რომ მას ამის რესურსი აქვს: გასულ კვირასვე განსახილველად გამოტანილი განათლების სისტემის ათწლიანი რეფორმირების გეგმა ამის კარგი მაგალითია.
kafka
01 დეკემბერი 2014 16:17
"თუ ასეა, მათ ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია საძებნი. ხომ არ აღძრავდით საქმეს ... ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ?!"
ამასაც მოვესწრებით. საქართველოში ამით უკვე ვერავის გააკვირვებთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები