ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური ანგარიში - კვირის პალიტრა

ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური ანგარიში

როგორ "დატოვეს" დაღუპულმა ჩეჩნებმა საქართველო სპეცოპერაციამდე

"ბრძოლის ადგილზე ნივთმტკიცებები უპატრონოდ ეყარა"

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ, რომელიც 2013 წლის 23 ოქტომბერს შეიქმნა, უკვე მოამზადა 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე ანგარიში, რომლის ძირითად ნაწილს ექსკლუზიურად გთავაზობთ. საბჭომ 14 პირი გამოჰკითხა. ამასთან, საბჭოს წევრების თქმით, ანგარიშის მომზადებისას მათთან არ ითანამშრომლა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე გია ლორთქიფანიძემ(?!).

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 აგვისტოს სოფელ ლაფანყურის მკვიდრი 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა. 2012 წლის 28 აგვისტოს კი ოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული იყო დივერსიული ჯგუფი. შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედიოდნენ: იმჟამად შს მინისტრი ბაჩო ახალაია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. შტაბს ხელმძღვანელობდა მაშინდელი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ: შსს-ს თანამშრომლები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე თავდაცვის სამინისტროს ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. ამავე ინფორმაციით, დაჯგუფების 11 წევრი ლიკვიდირებული იყო. თუმცა, ანგარიშის თანახმად, საბჭოს შსს-მ 2014 წლის აგვისტო-ოქტომბრის წერილებით აცნობა, რომ სინამდვილეში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა დაჯგუფების 7 წევრი.

"იმ დროს, როდესაც შსს-ს უმაღლესი პირები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფების წევრები ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სავარაუდოდ ცნობილი იყო, რომ ჯგუფის წევრების მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა იყო", - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ "აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ჯგუფის დაღუპული წევრების რაოდენობასთან დაკავშირებითაც."

ანგარიშის თანახმად, პროკურატურისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სპეცოპერაციის შემდეგ დაღუპული პირების (როგორც დაჯგუფების წევრების, ისე ქართველი პოლიციელებისა თუ სამხედრო ექიმის) ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა(!).

ანგარიშის თანახმად, დაღუპული პოლიციელის, არჩილ ჩოხელის დის, ხათუნა ჩოხელის განცხადებით, 2012 წლის 30 აგვისტოს ოჯახს აცნობეს, რომ მისი ძმის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იყო გადასვენებული, თუმცა, ხათუნა ჩოხელის ვაჟს ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, რომ არჩილ ჩოხელის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

დოკუმენტში საუბარია დაღუპული სამხედრო ექიმის ვლადიმერ ხვედელიძის მშობლებისთვის გადაცემულ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალება მრავლობითმა ჭრილობებმა გამოიწვია. თუმცა, მშობლების განცხადებით, ხვედელიძეს მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულში.

საზოგადოებრივი საბჭო სამართალდამცველებისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდათ ცხედრებს ექსპერტიზა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2014 წლის 16 მაისს სპეცოპერაციის ადგილის დასათვალიერებლად ლოპოტის ხეობაში ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. "უშუალოდ ფერდობზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, კვლავაც არის მრავალი ნივთმტკიცება, რომლებიც შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ყოფნასა და ბრძოლის კვალს ადასტურებს. ხეების ძირში ყრია დიდი ოდენობით გასროლილი ტყვიის მასრები... იმავე ადგილებში იქნა ნაპოვნი ასევე გამოუყენებელი ტყვიებიც, კბილის ჯაგრისები, შოკოლადისა და სხვა საკვების შეფუთვის ქაღალდები, მათ შორის არაბული წარწერებით...." - ვკითხულობთ ანგარიშში.

ყველაზე დიდ გამოცანად დღემდე რჩება ის, თუ როგორ აღმოჩნდნენ დაჯგუფების წევრები საქართველოში.

საზოგადოებრივი საბჭოს მიერ შეკრებილი მასალების მიხედვით, შეიარაღებული ჯგუფის შვიდი დაღუპულიდან ხუთი: ასლან მარგოშვილი, დუკვახა დოშუევი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, სალამ ზაურბეკოვი და ჯაბრაილ ხაშიევი ოფიციალურად 2012 წლის 28-29 აგვისტოს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ: "რუსეთის მოქალაქე ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი საქართველოში 2012 წლის 1-ელ ივლისს შემოვიდა, ხოლო 2012 წლის 3 ივლისს ქვეყანა ყაზბეგის გამშვები პუნქტით დატოვა... რუსეთის მოქალაქე დუკვახა დოშუევს 2010-2012 წლებში საქართველოს საზღვარი არაერთხელ აქვს გადმოკვეთილი. ოფიციალური ინფორმაციით, მან საქართველო 2012 წლის 2 ივლისს სარფის გავლით დატოვა... ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე სალამ ზაურბეკოვსაც საქართველო სპეცოპერაციამდე აქვს დატოვებული. Aამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოდან სპეცოპერაციამდე იყო წასული რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ჯაბრაილ ხაშიევი, რომელმაც მანამდე, 2012 წლის ზაფხულში, არაერთხელ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი".

ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ბაჰაუდინ ქავთარაშვილი საერთოდ არ გასულა საქართველოდან (შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიიდან ის საზღვარს ვერ გადმოკვეთდა). საინტერესოა, საქართველოს მოქალაქე ასლან მარგოშვილის შემთხვევა. ანგარიშში მოყვანილია ასლანის მამის, მერაბ მარგოშვილის განმარტება, რომლის თანახმად, მისი შვილი 2011 წლის სექტემბერში საქართველოდან ფინეთში წავიდა, ხოლო თვე-ნახევრის შემდეგ სლოვაკეთში გადავიდა. მერაბ მარგოშვილი აცხადებს, რომ 2011-დან 2012 წლის აგვისტომდე ასლან მარგოშვილი ოჯახის წევრებს უკავშირდებოდა ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა და ასევე მობილური ტელეფონით უცხოური ნომრიდან და მათ ის კვლავ სლოვაკეთში ეგონათ. "2012 წელს, სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ,  მერაბ მარგოშვილისთვის გახდა ცნობილი, რომ ასლან მარგოშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა 2012 წლის 13 მარტს. მოგვიანებით, მან სამინისტროში ნაცნობებისგან გაიგო, რომ სასაზღვრო პოლიციას წაშლილი აქვს მონაცემები და ასლან მარგოშვილის საქართველოში შემოსვლის თარიღი და სასაზღვრო მონაკვეთი, საიდანაც ის შემოვიდა, აღარ ფიქსირდება. ოჯახის წევრების განცხადებით, განადგურებულია ასლან მარგოშვილის მონაცემები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ის სამშენებლო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო", - ვკითხულობთ ანგარიშში, საიდანაც ასევე ვიგებთ: "ომბუდსმენის აპარატს მიაწოდეს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის სახელზე შსს-ს მიერ 2012 წლის 23 ივლისს გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, "სტეჩკინის" სისტემის იარაღის შენახვის უფლებით, რაც ოჯახის წევრებში ასევე ბადებს შეკითხვებს".

საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გამოკითხული პანკისის მოსახლეობის დიდი ნაწილი, შეიარაღებული ჯგუფის წევრების ახლობლები და ოჯახის წევრები თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ 2012 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული პანკისის ხეობაში შეიმჩნეოდა უცხოეთიდან ჩამოსული, ძირითადად, ახალგაზრდა ჩეჩნების სიმრავლე. ანგარიშში მოყვანილია ერთ-ერთი პირის ჩვენება, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია და ის მოხსენიებულია: "ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე მებრძოლებსა და მათ მეთაურებთან დაახლოებულ კონფიდენციალურ წყაროდ". მისი ინფორმაციით, "შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითებით 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებსა და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გასასვლელად ყოველგვარი პირობების შექმნას.

2012 წლის მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის სხვადასხვა უბანში (ძირითადად, საბურთალოზე) დაიქირავეს ბინები... დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო. ასე, გაზაფხულიდან მოყოლებული ჩამოვიდა დაახლოებით 120 ჩეჩენი და კავკასიური წარმოშობის მებრძოლი, რომელთაც აეროპორტში შსს-ს მაღალჩინოსნები ხვდებოდნენ და დისლოკაციისა და საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ. ჩამოსულებს ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ იარაღს, აძლევდნენ მართვის მოწმობებსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს.

მებრძოლთა ჯგუფები წვრთნას გადიოდნენ ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე. მათთან ურთიერთობა ჰქონდა და ყველა საკითხს აწესრიგებდა შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე გია ლორთქიფანიძე.

წვრთნა დაპირებულზე დიდხანს გაგრძელდა, ჩეჩენი მებრძოლები ითხოვდნენ პირობის შესრულებასა და ჩეჩნეთში გადასვლას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა, პოლიტიკური ვითარება იძაბებოდა, ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ეჭვი, რომ მათი საქართველოში დაგეგმილზე დიდხანს გაჩერება საარჩევნო პროცესში მათ გამოყენებასთან იქნებოდა დაკავშირებული..."”აღნიშნული პირი ანგარიშში აცხადებს, რომ მებრძოლთა ჯგუფი ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღეში შევიდა:”"ისინი ხეობაში შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი "პიკაპებით" შევიდნენ და ჯგუფისთვის საჭირო შეიარაღება შეიტანეს. ჩეჩენი მებრძოლები ელოდნენ ნებართვას ჩეჩნეთში გადასვლისთვის.

ბოლო მომენტში შსს-მ კორიდორის მიცემაზე უარი თქვა და ჩეჩენ მებრძოლებს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ძალოვანთა ის თანამშრომლები, რომლებიც სპეცოპერაციისას დაიღუპნენ, ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფს ლაფანყურში გასვლის პირველივე დღიდან ახლდნენ. ჯგუფის ქართველი წევრების მოვალეობაში შედიოდა სამედიცინო მომსახურება, მეგზურობა დაღესტნის საზღვრამდე და ინსტრუქტაჟი". ამ წყაროსვე ინფორმაციით,

სპეცოპერაციას გადაურჩა 9 ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გააცილეს.

ასლან მარგოშვილის მამა თავის განმარტებებში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჯგუფი, რომელშიც მისი შვილი იყო, წვრთნას შავნაბადას ბაზაში გადიოდა და მისი ინსტრუქტორები სპეცოპერაციისას დაღუპული სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი იყვნენ.

ანგარიშში მოყვანილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ალექსანდრე ამირიძის განმარტება. მისი აზრით, ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო... "აღნიშნული ჯგუფის ლოპოტის ხეობაში შესვლა და საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობა რუსების მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ჯგუფის წევრებმა თვითონ გაშიფრეს, რომ ჯგუფის 2 წევრი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, რომელთაგან ერთი იყო დაღესტნელი, მეორე - ჩეჩენი. მათ წააქეზეს დანარჩენი წევრები, შეაგროვეს და წაიყვანეს ხეობაში", - ჰყვება ამირიძე.

ანგარიშის დასკვნაში ვკითხულობთ: "მიუხედავად საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა, ასევე საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 30 ივლისის დადგენილებისა, 2012 წლის აგვისტოდან დღემდე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაშინ, როდესაც ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების პრინციპების დაცვისთვის აუცილებელია გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებდეს... ამასთან, გამოძიებული უნდა იქნეს სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების გარემოებები და დაღუპულთა ოჯახებს მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა მთავრობისგან მოითხოვოს ინფორმაციის წარმოდგენა, თუ როგორ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და მიეცეს საქმეს სათანადო კვალიფიკაცია".

ნათია დოლიძე