ლარი გაიქცა, სკამები თავისუფალია!
08-12-2014
ლარი გაიქცა, სკამები თავისუფალია!
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო! რუბლის გაუფასურებაზე ვოხუნჯობდით და ახლა ლარი გვაკვდება ხელში, თუმცა, მთავარი ლარის კურსი კი არა, საკუთარი მოსახლეობისადმი დამოკიდებულებაა. მთავრობა გვეუბნება, საგანგაშო არაფერიაო, მაგრამ ლარის გაუფასურებამ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუქმნა პრობლემა. ზოგს კრედიტი რამდენიმე ათეული ლარით გაუძვირდა (გააჩნია, თვეში რამდენს იხდიდა) და წარმომიდგენია, როგორ გამწარდებოდნენ, თანაც მათ არავინ ჰპირდება, რომ ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ერთი სიტყვით, მას, ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი, ცხოვრება დიდი ხნით გაუძვირდა. როგორ
უნდა მოეკიდონ გაგებით შექმნილ ვითარებას ეს ადამიანები?!

საერთოდ, რა ვითარება გვაქვს "ოცნების" მმართველობის მესამე წელს, რომელიც ივანიშვილის პროგნოზით, კარგი უნდა ყოფილიყო, ხოლო მომდევნო - საუკეთესო? რა შეიცვალა მოსახლეობისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით? საყოველთაო დაზღვევა, უფასო წიგნები, სოფლის მეურნეობის დაფინანსება კარგია, მაგრამ რამდენ ხანს უნდა გიხადოს ამის გამო
მოსახლეობამ მადლობა? თუ რაღაც ახალი არ გააკეთე, რამდენ ხანს იტრაბახებ საყოველთაო დაზღვევით (თან ამ პროგრამით გამოწვეული ეფექტი რეცეპტების შემოღებით სულ წყალს გაატანეთ)? ან შველის კი ეს ჩვენს პრობლემებს? ნიშნავს კი ეს, რომ დაპირებებს ასრულებ? სად არის რეალურად დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი და მასთან გათანაბრებული პენსია? 150 ლარია რეალური საარსებო მინიმუმი, ან თუნდაც 160 ლარი?! პენსია 10 ლარით გაიზრდება, ისიც - მომავალი წლის სექტემბრიდან და საქმეს ისეთი პირი უჩანს, 160 ლარით პენსიონერი უფრო ცოტა პროდუქტს იყიდის, ვიდრე დღეს 150 ლარით ყიდულობს. სად არის ივანიშვილის მრავალჯერ გამეორებული "უფასო ფული"? იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემაც რომ ისევ მოუგვარებელია? პატრიარქი ბანკებს ეხვეწება, იქნებ ეს ხალხი ზამთარში მაინც არ გამოყაროთ სახლებიდანო.

ეკონომიკა ისეთი ნელი ტემპით ვითარდება (თუ ვითარდება საერთოდ), "კარგი წელიწადი" როდის დაგვიდგება, არავინ იცის! "ოცნების" მთავრობა შეიძლება უფრო დემოკრატიულია (თუმცა, აქაც ცუდი ტენდენციები შეინიშნება - მარტო მოსმენების კანონი რად ღირს!) და ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ უფრო უენერგიო და უფხოც რომ ჩანს?! პროფესიონალიზმთანაც ვერ მეგობრობენ მაინცდამაინც. ასეთი რამე გაგიგიათ? სამინისტროებს ფული აქვთ და ვერ ხარჯავენ! ქვეყანაში, სადაც ამდენი რამეა გასაკეთებელი, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე, მავნებლობა არაა?!
მინისტრებს რომ მოუსმენ, იფიქრებ, საქმე მშვენივრად არის აწყობილი. ისეთ ციფრებს დაახვავებენ, იფიქრებ, სადაცაა, ავშენდებითო. არადა, მოსახლეობის უიმედობა სულ უფრო იზრდება. გადაცემაში უამრავი ადამიანი მირეკავს და მთავრობას აკრიტიკებს,. როგორც ამბობენ, ივანიშვილიც მიხვდა, რომ ერთადერთი გამოსავალი საკადრო ცვლილებები იქნება და ქვედა რგოლებში დაწყებული წმენდაც ამის შედეგია. ვარაუდობენ, რომ მინისტრებსაც მიადგებიან. რომელ მინისტრს შეჭამს ლარი? საკითხავი აი, ეს არის...

ნატურალიზება ქართულ-უკრაინულად


სპორტში ხშირად ხდება: როცა უჭირთ, რომელიმე სხვა ქვეყნის სპორტსმენს აძლევენ მოქალაქეობას და ნაკრებში ათამაშებენ. ამ პროცესს ნატურალიზება ჰქვია. ჰოდა, ფეხბურთელების ნატურალიზება გამიგია, კალათბურთელებისაც, მაგრამ მინისტრების პირველად ვნახე. უკრაინა მსოფლიოში ახალ მოდელს ამკვიდრებს - ლეგიონერ მინისტრებს იწვევს. გახდება თუ არა ეს პრაქტიკა მისაბაძი, იმაზეა დამოკიდებული, გაამართლებს თუ არა იგი უკრაინაში. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ უკრაინელებსა და უკრაინის ქართველ ჯანდაცვის მინისტრს. მისი წარმატება ჩვენი წარმატება იქნება. თუმცა, მიაღწევს კი ის წარმატებას? "ნაციონალური"'' საზომებითაც კი, კვიტაშვილი სუსტი მინისტრი იყო, ამიტომაც მოხსნეს. საერთოდ, ჯანდაცვა' "ნაცების" ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო. რა კრიტერიუმით ურჩიეს კვიტაშვილი უკრაინელებს? ზღულაძე და პოლიცია კიდევ გასაგებია! ისე, მიშამ და "ნაციონალებმა" თანამდებობებზე დათანხმებით მეტისმეტად გარისკეს. ხვალ რომ ეს ქართველი ჩინოვნიკები მოხსნან, სათქმელიც კი აღარ ექნებათ, ჩვენს რეფორმებს მხოლოდ თქვენ არ აფასებთო. აი, თუ გაამართლეს, მაშინ სწორედ ამას გვეტყვიან!

რაც შეეხება "ოცნებას" - უადგილო იყო მათი ამ ფაქტით შეშფოთება და მკაცრი განცხადებები, რომ ეს გააუარესებს ჩვენს ურთიერთობას უკრაინასთან. ვიდრე ივანიშვილმა საკმაოდ გაწონასწორებული კომენტარი არ გააკეთა, მანამდე "ოცნების" წევრები ბობოქრობდნენ, რაც სრულიად ზედმეტი იყო. ღარიბაშვილმა უკრაინაში ვიზიტიც კი დაგეგმა, არადა, ეს ქვეყანა აქამდე არც გახსენებია. არც კვიტაშვილის და არც ზღულაძის დანიშვნა პრობლემად არ მიმაჩნია და არც ჩვენმა მთავრობამ უნდა გამოიდოს თავი ამის გაპროტესტებით, პირიქით, შეუძლია, მიესალმოს კიდეც მომხდარს. აი, რომელიმე ძებნილის დანიშვნა უკვე სხვა საქმე იქნება!

მანამდე კი გავერთოთ იმით, რომ უკრაინელებს ჰყავთ ჯანდაცვის ქართველი მინისტრი, ხოლო ჩვენ - უკრაინელი!
nino
17 დეკემბერი 2014 14:40
Samcuxaroa..aseti uimedo arasodes vyopilvar,roca vpiqrobdit nacionalebi cavlen da mere rame gveshvelebao,cavidnen.movida axali mtavroba,magram ra sheicvala chemistana adamianebistvis?? Araperi.ar var pensioneri,ar vitvlebi socialurad gajirvebulebshi.ar vmushaob arsad,imito ki ara rom mezareba,ver vipove samushao,ra vqna?myavs patara bavshvi,xom gvinda arseboba?ase rom nu gamodian tvitkmayopili saxeebit xelisupalni da nu saubroben ararsebul mixcevebze.uimedo var da chem garshemo bevria chemnairi,esaa simartle samcuxarod.
ალექს
09 დეკემბერი 2014 18:20
საბჭოური რომ არის ჩვენი სახელმწიფო მოწყობის მოდელი 3 შემდეგი შედარებიდან ჩანს:
1.სტალინის და მის შემდგომი სოციალისტური სახელმწიფოს ხერხემალი იყო ნკვდ შსს და გკბ.
2.შევარდნაძის და მისი მომდევნოს დასაყრდენი და აღიარებული ხერხემალი იყო შსს,სხვა ძალოვანეი,ახლაც ქვეყნის პრემიერი და სხვა მაღალი რანგის მოხელეები ასევე შსს გამოვლილი არიან.
3.კარგი ქვეყნების ხერხემალი(აშშ,ევროპა) მისი მოქალაქე -გადასახადის გადამხდელი,დოვლათის მწარმოებელი თავისუფალი ინდივიდია.
usaqmuri
09 დეკემბერი 2014 16:45
არ ნაციონალი ვარ და არც ოცნებისტი მარა ერთ რამეს მივხდი განა მარტო მე დზაან ბევრი უკვე და დასანანია ის რომ ბევრი კიდევ ვერ ხვდება სად ვართ და რადღეში ვართ. ტყუილი გამონათქვამი არაა შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ჭირსაო. მარა ეს ხალხმა ვერ დაინახა. ნაცები თუ ჭამდნენ რამე ცოტა მაინც კეთდებოდა ეხლა რა შეგვრჩა? ქოცები ჭამენ მარა ვეღარ ძღებიან აი ეს შეგვრჩა მეტი არაფერი.

რედაქტორის რჩევით