რას ფიქრობენ უკრაინელები "ქართულ დესანტზე"
08-12-2014
რას ფიქრობენ უკრაინელები  "ქართულ დესანტზე"
"თუ ექსპერიმენტი არ გაამართლებს, ჩავარდნას უცხოელებს გადააბრალებენ"

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის, შს მინისტრის მოადგილედ კი ეკა ზღულაძის დანიშვნას აჟიოტაჟი მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში (ამ ქვეყნის მთავრობაში პოსტები მიიღეს ლიტველმა აივარას აბრამივიჩუსმა და ამერიკელმა ნატალი იარესკომ). ვნახოთ, გაამართლებს თუ არა უკრაინის მთავრობაში “ქართული დესანტის” გადასხმა. უკრაინელ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.  

ვადიმ კარასოვი, პოლიტოლოგი: - ნუთუ უკრაინაში კვალიფიციური კადრი არ არსებობს? როგორ შეძლებენ პატარა ლატვიის, ლიტვისა და
საქართველოს წარმომადგენლები ჩვენი პრობლემების გააზრებას? ჩვენ 40 მილიონი ვართ და ძალიან რთული ტერიტორიები - დონბასი და გალიჩინა - გვაქვს. საინტერესოა, საიდან დაიწყებს რეფორმას ახალგაზრდა ქართველი რეფორმატორი?..

სერგეი ნავალიუკი, პოლიტოლოგი: - ეს გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებთანE კონსულტაციების შემდეგ მიიღო და ძალიან საინტერესო პრეცედენტია. მეც მერჩივნა,
რომ ისინი მინისტრებად კი არა, მრჩევლებად დანიშნულიყვნენ, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობის გათვალისწინებით, ეს არის სწრაფი რეფორმების ყველაზე ოპტიმალური გზა... ხშირად ვამბობ, რომ პუტინმა იყიდა იანუკოვიჩი, მაგრამ ვერ იყიდა "მაიდანი" და ის ხალხი, რომელიც დაუღალავად იდგა იქ და ახლა მოთმინებით ელოდება ცვლილებებს. ამიტომაც, დასავლური რეფორმების გამტარებელი კადრების უკრაინის მთავრობაში მოწვევა პუტინისთვის ყველაზე უსიამოვნო "საჩუქარია".

უკრაინას ყველა სფეროში სჭირდება არა დაპირებები, არამედ საქმე და რეფორმები, ისეთი, როგორიც საქართველოში 2003 წლიდან განხორციელდა...

- ქართველი საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ იმ გუნდმა, რომელთან ერთადაც ეს ადამიანები ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, უამრავი შეცდომა დაუშვა...
- დამისახელეთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უმტკივნეულოდ განხორციელებული თუნდაც ერთი რეფორმა. მათ შეცვალეს სასამართლო სისტემა, პოლიცია, განათლების სისტემა, Aაღმოფხვრეს კორუფცია. ჩვენთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, ვიდრე ამ ადამიანთა შეცდომები. მე ვიცი, რომ სწორედ ბატონი კვიტაშვილის მინისტრობის დროს აშენებული სამედიცინო ცენტრები უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე მთელი რუსეთის... რაც შეეხება ეკატერინე ზღულაძეს, მგონი, ვერავინ შემედავება, რომ პოლიციის რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო საქართველოში. ასე რომ, მოდი, თამამად ვთქვათ - როდესაც რუსეთი საქართველოში განხორციელებული რეფორმების პირისპირ დადგა, დამარცხდა.
უკრაინის მთავრობაში ქართველებისა და ბალტიისპირელების ხილვა პუტინისთვის დიპლომატიური მარცხის ტოლფასია.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ მაღალჩინოსნების ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ან პირიქით?
- ეს უკრაინის საქმეა და ქართველებმაც მომხდარს ასე უნდა შეხედონ. რაც შეეხება ადეიშვილს, ის თანამდებობაზე არ დაუნიშნავთ, საკითხს მხოლოდ განიხილავდნენ. სამწუხაროა, რომ კახა ბენდუქიძე აღარ ჰყავს საქართველოს. ის მხოლოდ საქართველოს კი არა, უკრაინასაც დააკლდა.

ვალერი კალნიში, პოლიტოლოგი: - როგორც ირკვევა, რეფორმების ჩამონათვალი უკვე არსებობს და 6 თვის შემდეგ "ქართული", "სინგაპურული" თუ "ტაივანური" გამოცდილების შედეგი უნდა დავინახოთ. როგორც ჩანს, ქვეყანაში არავინ არის მზად, "უკრაინული სასწაული" მოახდინოს.
ვნახოთ, გაამართლებს თუ არა სხვა ქვეყნის გამოცდილება, ან ახალგაზრდა ზღულაძე როგორ დაამარცხებს შსს-ში დაბუდებულ კორუფციას.

ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთი დადებითი მხარე აქვს - იმ შემთხვევაში, თუ ექსპერიმენტი არ გაამართლებს, ჩავარდნას უცხოელებს გადააბრალებენ. ყველაფერი შედეგების გათვლისა და დისკუსიის გარეშე გადაწყვიტეს. ჩვენ არ ვიცით, რა გეგმები აქვთ, ბიუჯეტი როგორია და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომია. ცხადია, რომ ხელისუფლება პრობლემებს კონცეპტუალურად კი არ განიხილავს, დაბნეულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
სისულელეა იმის მტკიცება, რომ ასე დაამარცხებენ რუსეთს, რადგან არავინ იცის, როდის რა წამოუვლის თავში ვლადიმირ პუტინს...

უკრაინელი პოლიტოლოგების მსგავსად, ქართველი სპეციალისტების მოსაზრებებიც განსხვავებულია. 

კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში:

- საქართველოში განხორციელებული რეფორმები უკრაინაში ყოველთვის პოპულარული იყო და ახლაც ასეა.
გარკვეულ სფეროებში მართლაც მოხდა გარდატეხა, მაგრამ ვერ მოახერხეს, მაგალითად, პოლიციის, განათლების რეფორმა. საზოგადოება მოითხოვს საქართველოს მაგალითის გამეორებას და ხელმძღვანელობამაც ასეთი გამოსავალი იპოვა.

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:
- თუკი უკრაინაში ქართველების დასაქმებაზე ზრუნავენ, აჯობებს,
უკრაინის ხელისუფლებამ რეალურად შეისწავლოს, რა ხდებოდა საქართველოში და ამის შემდეგ დანიშნოს ეს ხალხი;

ხოლო, თუ უკრაინას იმავე გზით წასვლა სურს, რა გზითაც საქართველო წავიდა 2003 წლის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ უკრაინაშიც მივიღებთ ბელორუსიის ბანალურ რეჟიმს. ეს კი არ უნდა უნდოდეთ იმ ადამიანებს, ვინც მაიდანზე იდგა. სააკაშვილის რეფორმები ქართველმა ერმა 2012 წელს უარყოფითად შეაფასა. მთავარია, რა სურს დღეს უკრაინის ხელისუფლებას. თუ მათ უნდათ არადემოკრატიული გზით წასვლა, მაშინ "ნაციონალების" გამოცდილება ნამდვილად დასჭირდებათ, რადგან უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ ქართული სინამდვილე იცის, განსხვავებით უკრაინის მოსახლეობისგან, რომლებსაც რატომღაც სჯეროდათ "ნაციონალების" რეფორმების.

ლალი პაპასკირი
kaa
22 დეკემბერი 2014 15:06
რას გვაბოლებთ თუ ღმერთი გწამთ. რა კლინიკები გახსნა კვიტაიშვილმა?? ყველა კლასიანი კლინიკა კერძოა საქართველოში და მათში სახელმწიფოს წილი 0-ია. ტყულია თითქოს სამინისტროს რამე გაეკეთებინოს კარგი. ბოლმაისტერების თავშესაფარი იყო და არის ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხაროდ დღესაც.. შსს რა იყო და არის ყველამ ვიცით..
ჩემი საქმე არაა რა კრიტერიუმით და ვისი გავლენით ითხოვეს ამ ხალხის დანიშვნა. ეს უკრაინელების საქმეა. ჩემი მხრიდან კი წარმატებეს ვუსურვებ უკრაინელებსაც და ქართველებსაც. კარგია თუ იქ მაინც შესძლებენ მეტი კარგის გაკეთებას. გამიხარდება მათი წარმატებები
revazi
14 დეკემბერი 2014 11:57
რა არის აქ გაუგებარი? რაც აქ გატარეს იმას იზამენ იქაც. გამოცდილება აქვთ არ გაუჭირდებათ. მერე იკითხე შენ ,რეფორმებს უკმაყოფილება მოყვება,უკმაყოფილებას ისევ რევოლუცია, რევოლუციას კიდევ ხელისუფლების გამოცვლა და რეფორმატორები ვირის აბანოში. დიდი საქმე მსხვერპლის გარეშე არ კეთდება.საბოლოდ მაინც შერჩებათ წარმატებული რეფორმები ხელში .უკრაინელები უჭკუონი არ არიან ჩვენი მინისტრებივით.
ილია
11 დეკემბერი 2014 01:16
ვისაც სამშობლო არა აქვს, მაწანწალაა.

რედაქტორის რჩევით