მინისტრების შავი სია
08-12-2014
მინისტრების  შავი სია
"ამის მიზანი შესაძლოა, პრევენცია იყოს"

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე საზოგადოების ნაწილი მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ლაპარაკობს.


გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო კულუარებში კარუსელის ორ ვარიანტზე მსჯელობენ: ერთი ვერსიით, ცვლილებები  მინისტრებს გადაიყოლებს, მეორე ვერსიით კი რამდენიმე უწყებაში მინისტრის მოადგილეები გამოიცვლებიან.

საკადრო ცვლილებების მეორე ვარიანტი უკვე შეეხო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც მინისტრმა პოსტი შეინარჩუნა, თუმცა, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილე ზურაბ კოპაძემ. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე "ქართუ ბანკის"“პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. თანამდებობა დატოვა
გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტზე რომან ჩხენკელი ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ჩაანაცვლა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს - დავით სუჯაშვილი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებს. თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა. უახლოეს დღეებში დაინიშნება დაზღვევის ზედამხედველობის
სააგენტოს ახალი უფროსიც.

კვირის ბოლოს თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმაც. ის, ისევე, როგორც თანამდებობიდან წასული სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი (ზურაბ კოპაძე, რომან ჩხენკელი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ჩხაიძე), ზვიად ჯანყარაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ. თავად ჯანყარაშვილმა "ქართულ ოცნებაში" პარტიული თანამდებობაც დატოვა. შსს-ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ მას „"ქართული ოცნების"“აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო მუდმივად სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ.

"იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს"", - აცხადებენ "ქართული ოცნების" პრესსამსახურში.
რა ხდება სამთავრობო კულუარებში? ეს არის შიდადაპირისპირება თუ სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობისთვის გადადგმული ნაბიჯი?

მმართველ გუნდში დაპირისპირებას გამორიცხავენ. „"კვირის პალიტრასთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ამბობს, რომ მედიაში ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა, დასძენს, რომ ხშირად ჟურნალისტები პოლიტიკოსებზე ადრე იგებენ რეალურ ინფორმაციას.

"შეიძლება რომელიმე მინისტრი შეიცვალოს, გამორიცხული არ არის. ცნობილია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა ძალიან გამოცდილი ეკონომისტი ნოდარ ჯავახიშვილი. ამ უწყების ბიუჯეტი მილიარდს უტოლდება, ამ ყველაფერს სჭირდებოდა სერიოზული ფინანსისტი და ნოდარი შესანიშნავი კანდიდატურაა", - ამბობს გოგი თოფაძე.

ექსპერტები კი არათუ კონკრეტული მინისტრების, არამედ მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლასაც არ გამორიცხავენ. ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობამ ამ გამოწვევას თავი ვერ გაართვა, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს მისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

- დაძაბული ფონი ხელისუფლებას მუდმივად უბიძგებს, უფრო ეფექტური და მობილიზებული გახდეს. გარდა იმისა, რომ პერსონები იცვლებიან, ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ მუდმივი არაფერია. უკეთესი მუშაობაა საჭირო, თორემ ნებისმიერმა შეიძლება დაკარგოს თანამდებობა. ამ ცვლილებებს გარკვეულწილად შესაძლოა პრევენციის ხასიათიც ჰქონდეს. ფაქტია, რომ კომპეტენტურობისა და ქმედითუნარიანობის კუთხით, მთავრობაში პრობლემებია.

- საკადრო ცვლილებებს სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს?

- არ მინდა შეთქმულების თეორიის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა დასკვნების გაკეთების საშუალებასაც იძლევა. თუმცა, ჯერჯერობით არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

- რამდენად მოსალოდნელია, ცვლილებები მინისტრების დონეზე განხორციელდეს?
- გამორიცხული არც ეს არის. შესაძლოა მთავრობაში უკვე არსებობს მოსახსნელი მინისტრების შავი სია.
თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ვგულისხმობ არა მარტო ეკონომიკურ პროცესებს, არამედ ქვეყანაში არსებულ სხვა რისკებსაც. ფაქტია, რომ დღეს ვართ მაღალი რისკის ზონაში. ჩამოყალიბებული კრიზისი არ არის, მაგრამ სახეზეა ძალიან ბევრი გამოწვევა. თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამას თავი ვერ გაართვა, ბუნებრივად დადგება ნდობის საკითხი, რათა არ შევიდეთ ისეთ სისტემურ კრიზისში, რომელშიც შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილების მიღებამ მოუწიოს ხელისუფლებას - იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები თუ სხვა სახის გადაწყვეტილებები. არადა, მოვლენების ამგვარად განვითარების შანსი ყოველდღიურად იზრდება.

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: "საბედნიეროდ, ჯერ კრიზისზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ სირთულეები ნამდვილად არის. თუ ხელისუფლება გამოსავალს ხედავს საკადრო ცვლილებებში, გასაგებია, მაგრამ გააჩნია, ვის ცვლი და სად.

მაგალითად, ნოდარ ჯავახიშვილი დანიშნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე. ის საკმაოდ კვალიფიციური ფინანსისტია და ეს აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ამიტომ გაუგებარია ასეთი კვალიფიკაციის მქონე ფინანსისტის წაყვანა იმ სფეროში, სადაც ის თავის შესაძლებლობათა მაქსიმუმს ნამდვილად ვერ გამოავლენს".

ვახო ბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით