აურზაური სალხინეთში - კვირის პალიტრა

აურზაური სალხინეთში

წლის მიწურულმა როგორც მოსახლეობას, ასევე მთავრობას ძალზე არასასიამოვნო სიურპრიზები შესთავაზა: "გაიქცა" ლარი, პრემიერ-მინისტრს გამოაცალეს უახლოესი გარემოცვა და მათი ადგილი ნეიტრალურმა ფიგურებმა დაიკავეს, სამაგიეროდ, უკრაინის ხელისუფლებაში დაინიშნენ "ნაციონალური" ხელისუფლების წარმომადგენლები.

უკრაინის ხელისუფლებაში ყოფილი "ნაციონალების" დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება მოჰყვა. თუმცა, არავინ იხსენებს იმას, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთს მოუწოდებდა, უკრაინისთვის შეიარაღება არ მიეწოდებინათ, მაშინ უნდა ეფიქრა, რა რეაქცია ექნებოდათ მის განცხადებაზე უკრაინელ ხელისუფალთ.

ასე რომ, „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“- ასე დაგვემართა და მივიღეთ კიდეც უკრაინის ხელისუფლების დემარში საქართველოს მმართველი კოალიციის მიმართ - "ნაციონალები" უკრაინის მთავრობაში. ეს ორმაგად სახიფათო სიმპტომია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის გარკვეული წრეები ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციას, ხოლო საქართველოს არსებული ხელისუფლება ერთ დიდ შეცდომად მიაჩნიათ. გამოდის, ორწლიანი უნაყოფო ღვწის შედეგად "ქართულმა ოცნებამ" არამცთუ ვერ დაარწმუნა მსოფლიო "ნაციონალების" დამნაშავეობაში, პირიქით, თავად გამოჩნდა მცდარი და უსუსური.

რაც შეეხება პრემიერის უახლოესი გარემოცვის დახსნას თანამდებობებიდან, ეს ხომ ნიშნავს ირიბად იმის აღიარებას, რომ მთავრობა წარუმატებელი იყო. ჰოდა, ჩვენ, ვინც ამას კარგა ხნის წინ ვამბობდით და ამ აშკარა სიმართლის გამო შერისხულთა, "ეგრეთ წოდებულთა", "გაცვეთილთა", "არაობიექტურთა" სიაში ჩაგვწერეს, ჩვენს ანალიტიკურ უნარს ნეტავ ახლა მაინც თუ შეეხება რეაბილიტაცია?!

ვის აწყობს დისკრედიტებული, უავტორიტეტო საზოგადოება, სადაც არავის სიტყვას ფასი არა აქვს?! - დასვა კითხვა ჩემმა მეგობარმა. ეს პროცესი სააკაშვილმა დაიწყო ყველა მისთვის არასასურველი პირის ჩარეცხვით და მათ ნაცვლად ფსევდოელიტის შექმნით, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება უფრო შორს წავიდა: ის არა მარტო ადამიანების, იდეების დისკრედიტაციასაც შეუდგა - საქართველოს პროდასავლურმა ორიენტაციამ და დასავლეთმა, როგორც ღირებულებამ, სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო თვალსა და ხელს შუა მარგინალიზაცია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავად დასავლეთმაც, ფუჭი ილუზიებით კვების გარდა, ბევრი არაფერი გააკეთა საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ერს, რომელსაც არა აქვს სახელმწიფოებრივი განვითარების იდეა და თანაც მორალური ავტორიტეტების გარეშეა დარჩენილი დეზორგანიზებული ხელისუფლების ხელში, ძალიან იოლად გადაყლაპავს ნებისმიერი არაკეთილმოსურნე, რადგან არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიურადაც დაუცველია და განიარაღებული ნებისმიერი აგრესიისთვის.

ასეთ პირობებში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ბოლო დღეებში გახშირდა ლაპარაკი, მხოლოდ დამატებითი მაპროვოცირებელი ფაქტორი იქნება რუსეთის გააქტიურებისა და აგრესიისა საქართველოში.

სიმართლე გითხრათ, ვერც იმას ვხედავ, როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება. პარტია "ქართული ოცნება", რომელიც სრულიად ამორფული, შეუმდგარი და უთავოდ დარჩენილი სტრუქტურაა, ამ ეტაპზე კალაძეს შეატოვეს ხელში. ხელისუფლებას არჩევნებში წარმატების მისაღწევად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ყველა შემთხვევაში დასჭირდება. პარტიას, როგორც აცხადებდნენ თავად კოალიციის წევრები, ბოლო დროს შს სამინისტრო "კურირებდა". ღარიბაშვილის კადრებისგან, შესაბამისად, პარტიის კურატორებისგან გაწმენდა შს სამინისტროშიც მიმდინარეობს. ჰოდა, ამ ადმინისტრაციულ რესურსს ვინ "დაქოქავს"?! ახალდანიშნული და საქმეში ჯერ ჩაუხედავი ფიგურები?! "მეოცნებეებს" ისე არ დაემართოთ, სააკაშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რომ ჩამოაშორა შს სამინისტროს მერაბიშვილი და თავზე რომ ჩამოემხო მთელი სტრუქტურა.

ესეც არ იყოს, მთავრობა, რომელსაც არაფერი ემუქრება, ვხედავთ, როგორც მუშაობს და როგორ იმუშავებს მთავრობა, რომელსაც ეცოდინება, რომ 45 დღეში სახლში უნდა წავიდეს? ვინ მოამზადებს პარტია "ქართულ ოცნებას" არჩევნებისთვის? ფულადი რესურსი თუ ეყოფათ, ადამიანური რესურსი შეიძლება არ ეყოთ.

ამიტომ ვამბობ, რომ დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი ნაკლებად რეალურად მეჩვენება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ამ კითხვებზე პასუხი.

მაგრამ მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია: უკვე მოხსნილებთან ერთად, თუ დადასტურდა ინფორმაცია შს სამინისტროდან ღარიბაშვილის კადრების მოხსნის და მისივე გარემოცვის წევრი გუბერნატორების გათავისუფლების თაობაზე, ეს ხომ ღარიბაშვილის საჯარო დასჯა და შეურაცხყოფა იქნება და ამის შემდეგ როგორ უნდა მართოს მან მთავრობა?! ეს კითხვა დაებადა ვინმეს?! თუ სხვა ტაქტიკასთან გვაქვს საქმე: ჯერ გარემოცვა შემოაფცქვნეს, პრინციპით: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და მერე თავად მისი ჯერიც დადგება?!

ფაქტია, რომ დიდი კატაკლიზმები დღეს ქვეყანას არ აწყობს. არსებული კონფიგურაცია - დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოები - სანატრელია ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. ამიტომ ამ კონფიგურაციის შეცვლა და აბსოლუტურ გაურკვევლობაში შებიჯება არავისთვის არის სასარგებლო.