შემდეგი ჭიკაიძე იქნება?! - "ღარიბაშვილის ამ ე.წ. გარემოცვამ ივანიშვილისგან დისტანცირება სცადა"
შემდეგი ჭიკაიძე იქნება?! - "ღარიბაშვილის ამ ე.წ. გარემოცვამ ივანიშვილისგან დისტანცირება სცადა"
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ოდესმე რაიმე მექნება დასამალი, დავიხურავ ქუდს და წავალ

"ივანიშვილმა ამ გადაწყვტილებებით ისიც მიანიშა, რომ ვიდრე ის, თუნდაც ამ ფორმით, რჩება პოლიტიკურ ასპარეზზე, პარტიაშიც და კოალიციაშიც გავლენა მას ექნება და ამ გავლენისთვის არავინ უნდა იბრძოლოს."

"უკვე გვესმის განცხადებები, ნახეთ, ისინი ყოფილან დამნაშავეები ქვეყანში არსებულ პრობლემებში და ეს გაიგო თუ არა ბიძინამ, მაშინვე გაუშვა თანამდებობებიდანო"

"დღეს პრემიერ-მინისტრის, ზოგადად მინისტრთა კაბინეტის ნდობისა თუ სისუსტე-სიძლიერის საკითხები პირდაპირ მიბმულია ერთ ადამიანზე -
ბიძინა ივანიშვილზე"


"ბრალდება, რომელიც მომდინარეობს "ნაციონალური მოძრაობიდან" ჩემთვის სასაცილო, მიუღებელი და აბსურდულია, მაგრამ იმისთვის, რომ რიგით მოქალაქეს არ გაუჩნდეს ჩემი, ჩემი ოჯახის ან გუნდისადმი კითხვები, მათთვის განვმარტავ: მე მაქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე ცხოვრების წესი, ასე ვმუშაობდი ბატონ ბიძინასთან, ასე ვმუშაობ დღესაც, თუ ოდესმე რაიმე მექნება დასამალი,
დავიხურავ ქუდს და წავალ.
არცერთი კითხვის არ მეშინია. მოვედი სუფთა ხელებით და სუფთა ხელებით მინდა წავიდე". - ეს განცხადება არცთუ დიდი ხნის წინ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებაში მისი ახლობლების ზვიად ჯანყარაშვილისა და გიორგი ზედელაშვილის საქმიანობის თაობაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას გააკეთა. მან იქვე თქვა: "გიორგი ზედელაშვილის ოჯახსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ის განსხვავებაა, რომ მათ ეს კაპიტალი დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნისას, ხოლო ზედელაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, კაპიტალი უკვე ჰქონდა". ამ ცოტა ხნის წინ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან ზვიად ჯანყარაშვილის წასვლას, არაერთი იმ მაღალჩინოსნის წასვლაც მოჰყვა, ვინც, სწორედ ე.წ. ღარიბაშვილის საყრდენი ჯგუფის წევრებად განიხილებოდნენ. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ მომხდარი ვერ ჩაითვლებოდა ღარიბაშვილის დასუსტებისკენ მიმართულ პროცესად, რადგან თანამდებობეს ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ მის ოჯახთან დაახლოებული შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი მოადგილე, ღარიბაშვილის ნათესავი გიორგი ზედელაშვილი. უკვე თვითონ პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ უმნიშვნელოვანესი პოსტიდან გიორგი ზედელაშვილიც გაუშვეს. ის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ გადაიყვანეს, შს მინისტრის მოადგილედ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაინიშნა, ამ თანამდებობაზე კი მისი ყოფილი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე დააბრუნეს. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია და ამის გათვალისწინებით, უკვე ცხადზე ცხადია, რომ ექსპრემმიერი საკუთარი კადრების უკან - ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, საზოგადოებას კი უჩნდება კითხვა: ამ კადრების დაბრუნებას, მისი დაბრუნებაც ხომ არ მოჰყვება?! ექსპერტთა ნაწილი მთავრობაში ცვილილებების გაგრძელებას კვლავ ელის. გასათავისუფლებელთა შორის, უპირველესად, შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ასახელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- ის, რაც ბოლო ხანს ხელისუფლებაში ტრიალებს, ქართული პოლიტიკისთვის მართლაც რომ მეტად უჩვეულოა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში სამთავრობო ცვლილებები, როგორც წესი, პირველი პირებიდან იწყებოდა ხოლმე, ახალი მინისტრები კი სამინისტროში საკადრო წმენდას თვითონ ახორციელებდნენ. დღეს მოწმენი ვართ, რომ მინისტრთა კაბინეტი უცვლელია, თუმცა მეორე რგოლში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობებიდან ჩინოსნები მიდიან. არის თუ არა ეს პრემიერმინისტრის დასუსტებისკენ მიმართული პროცესი? - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ხელისუფლების მეორე რგოლიდან, ძირითადად, ის ადამიანები მიდიან, რომლები მართლაც უკავშირდებიან ღარიბაშვილს, ნამდვილად გამოდის, რომ ამ პროცესით მისი დასუსტება ხდება, მაგრამ ჩვენ ხომ არაორდინარულ ვითარებაში ვცხოვრობთ?! - დღეს პრემიერ -მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის ნდობისა თუ სისუსტე-სიძლიერის საკითხები პირდაპირ მიბმულია ერთ ადამიანზე. უკვე აღარავინ ეჭვობს, რომ ამ ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. როგორც ჩანს, მან კარგად დაინახა ის იმედგაცუება და ნიჰილიზმი, რაც საზოგადოებაში ამ ხელისუფლებისადმი გაჩნდა და ცვლილებების საჭიროებასაც ადვილად მიხვდა, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ხელისუფლება პრობლემებს ხედვას და გამოსწორებას ცდილობს. საქმე ისაა, რომ იგივე ჯანყარაშვილისა და ზედელაშვილის მისამართით კითხვები ისმოდა და საზოგადოება მათ მიმართ ნამდვილად არ იყო კეთილგნაწყობილი. დღეს მათი და მათთან დაახლოებული პირების გაშვებით, მოქალაქეთა მნიშვნელოანი ნაწილის გული ნამდვილად მოიგეს, უკვე გვესმის განცხადებები: ნახეთ ისინი ყოფილან დამნაშავენი ქვეყანში არსებულ პრობლემებში და ეს გაიგო თუ არა ბიძინამ, მაშინვე გაუშვა თანამდებობებიდანო. აქ კიდევ არის ერთი ეპიზოდიც. რაც მეტად მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გაიზრდება კონკურენცია კოალიციაშიც და თვითონ პარტიებშიც. აშკარაა, "ქართულ ოცებაში" ბრძოლა გავლენისთვის დაიწყო ჯანყარაშვილმა, რაც ვიღაც-ვიღაცებს ნამდვილად არ ესიამოვნათ. ივანიშვილმა ამ გადაწყვტილებებით ისიც მიანიშა, რომ ვიდრე ის, თუნდაც ამ ფორმით, რჩება პოლიტიკურ ასპარეზზე, პარტიაშიც და კოალიციაშიც გავლენა მას ექნება და ამ გავლენისთვის არავინ უნდა იბრძოლოს.

- შესაძლებელია იმის დაშვება, რომ ღარიბაშვილმა მართლაც სცადა ივანიშვილისგან დისტანცირება?..

- არა მგონია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილის ამ ე.წ. გარემოცვამ სცადა ივანიშვილისგან დიტანცირება. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ ამგვარი ინფორმაციები გაზვიადებულად და მიზანმიმართულად მიეტანათ ივანიშვილისთვის. საზოგადოების იმედგაცრუების გასანეიტარლებლად, ვფიქრობ, უკვე გატარებულ ცვლილებებს ივანიშვილი საკმარისად ჩათვალის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ განაგარძოს კიდეც. ვინაიდან დღეს არსებული ვითარებით, ერთი მინისტრის შეცვლა მთვარობის ნდობის საკითხის დაყენების აუცილებლობას არ იწვევს, არ გამოვრიცხავ, ჭიაკიძე შეცვალონ. მოგეხსენებათ, შს მინისტრი საზოგადოებას დიდად გულზე არ ეხატება, ლამის კომიკურ ფიგურად არის ქცეული. თუმცა მის შეცვლას უფრო სამინისტროს რეორგანიზაციის ჭრილში ვხედავ. როგორც ვნახეთ, უკვე გადაწყვეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან სპეცსამსახურების გამოყოფა და ცალკე სამსახურად ჩამოყალიბება.

- შესაძლოა, რომ პრემიერიც შეიცვალოს?

- ამას ჯერეჯერობით არ ველი. საქმე ისაა, რომ თუ ღარიბაშვილი შეიცვლება, მაშინ მას მთელი მთავრობის შეცვლა უნდა მოჰყვეს. ვფიქრობ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვადამდელი არჩვენები დაინიშნება, რაც გამორიცხული ნამდვილად არ არის. ხელისფლებას აშკარად ეწურება ნდობის ვოტუმი, რთულია პროგნოზირება იმისა, დაბრუნდება ივანიშვილი ხელისუფლებაში თუ არა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მისი დაბრუება ხელისუფლებაში საჭიროა, მეტიც, აუცილებელია! ოღონდ ის უნდა დაბრუნდეს ვადამდელი საპარალმენტი არჩევნების გზით. რა თქმა უნდა, ეს მეტად სარისკო იქნება, მაგრამ, ვიცით, რომ ივანიშვილს რისკი უყვარს.

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)



მკითხველის კომენტარი (2)
aleko
13 დეკემბერი 2014 12:49
ეეხ jemali -ჯემალი ხედავ თურმე ბოღმით და შურით გაკეთებული თუ არჩეული არაფერი ვარგა-რაო მერე გაამართლა შენმა რჩეულმა?
იაღოველების გულისთვის როგორ ჩასვეს?-მათ მიმტევებლური მართმადიდებლობა უჩვენა,შემცდარნი სიყვარულით მოაბრუნა ჭეშმარიტებისკენ და ამისსთვის დასაჯეს?
თუ აქაოდა მე სარჭმუნოების დამცველი რაინდი ვარ და დაათხლიშა თავზე ყველაფერი?
jemali
11 დეკემბერი 2014 17:48
მე გორში ვცხოვრობ, სააკაშვილმა იაღოველების გულისთვის ჩემი ვაჟი 7 წლით ჩასვა, შეთითხნილი ბრალდებით, მოსამართლემაც კი თქვა, ჩემი ნება რომ იყოს ახლავე გაუშვებდიო, ჰოდა ამ გამწარებულ ოჯახს დასაკარგი რა გვქონდა, ვიბრძოლეთ, თავი გავწირეთ, რეგიონში ყველა მიცნობს და მაშინ მიშას ხელში ოპოზიციონერობა ძნელი იყო, სამსახური ჩვენ არ გვქონდა და ფული, დასაკარგი რა გვქონდა, მთელი იმედები ბიძინაზე დავამყარეთ, ჯოხიც რომ დაედო სკამზე იმას მივცემდი ხმას, ახლაც რამე გაკეთდება თუ გაფუჭდება მე მას დავაბრალებ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები