საქართველო-რუსეთის საზღვარზე 44 გადასასვლელიდან 20-ს რუსეთი აკონტროლებს - კვირის პალიტრა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე 44 გადასასვლელიდან 20-ს რუსეთი აკონტროლებს

"საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ტერიტორიების დაკარგვა გაგრძელდება"

ჟენევაში რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკების უკვე მერამდენე რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა. მართალია, მსოფლიო შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდის და საქართველო სულ ახალ და ახალ ტერიტორიებს კარგავს. ექსპერტების პროგნოზიც იმაზე მძიმეა, ვიდრე ყველაზე კოშმარული სიზმარი. ის სპეციალისტები, რომლებიც კავკასიაში შექმნილ ვითარებას კარგად იცნობენ, განგაშის ზარს არისხებენ, მაგრამ ვის ესმის. ექსპერტების ვარაუდით, ტერიტორიების დაკარგვა კვლავ გაგრძელდება.

მამუკა არეშიძე: - ამ საკითხებზე საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე. სამწუხაროდ, იმდენად მძიმე სურათი გადამეშალა თვალწინ, რომ უარესის წარმოდგენა გამიჭირდება. საქართველო-რუსეთს შორის არსებული 44 გადასასვლელიდან (უღელტეხილი თუ გზა), საქართველო დღეს მხოლოდ 24-ს აკონტროლებს.

- რუსეთის კონტროლირებადი  20 გადასასვლელიდან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი?

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზღვარი კავკასიის ქედის გასწვრივ დაფიქსირებულიყო, საქართველოს მთიანეთის გაკონტროლების პერსპექტივით. საქართველოში სეპარატისტული რეგიონების გაჩენაც განაპირობა რუსეთის ხელისუფლების სურვილმა, არ დაეკარგა კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე. აფხაზეთი და სამაჩაბლოს საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთი ოფიციალური თბილისის კონტროლს მიღმა დარჩა. ამას დაემატა საქართველოს ხელისუფლების უნიათობა საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით და კონტრაბანდის ფართოდ გაშლილი ქსელი, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც საზღვრის მიმდებარე რეგიონის მცხოვრებლები, ასევე სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნები. სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიის  გარდა, ასეთი რამ ხდებოდა ლარსის საგუშაგოზე, მამისონის უღელტეხილსა და თითქმის გაუვალ ბეშთა-ახალსოფლის შემაერთებელ გზაზე. მაგალითად 90-იანი წლების მეორე ნახევარში ცნობილი "სპირტის ბუმიც" გამოდგება.

საქართველოს ხელისუფლების უპრინციპობა საზღვრის დაცვის საკითხებში დღესაც გრძელდება. 1985 წელს ყიზლარის საძოვრებზე დროებით გაიცვალა ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორია. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ქართველ მესაქონლეებს ყიზლარის საძოვრები დაატოვებინეს, სამაგიეროდ ტერიტორია ყვარლის რაიონში რუსეთს დარჩა. ასეთივე დაუდევრობით დაიკარგა ხევსურეთში სოფელ ფიჭვნისა და ლარსის სასაზღვრო პუნქტის მიმდებარე ტერიტორიები.

"ვარდების ხელისუფლების" მოსვლის შემდეგ ვითარება უფრო დამძიმდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ტერიტორიების დაკარგვა გაგრძელდება. მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიკარგა საქართველო-რუსეთის საზღვრის საქართველოს კონტროლირებადი მნიშვნელოვანი მონაკვეთი - კოდორის ხეობა. იმავე პერიოდში ქართველი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში დაეხიათ. თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ-ით გადმოსწია საზღვარი და 24 კვკმ მიითვისა.

- რატომ ებღაუჭება რუსეთი ასე გამწარებით საქართველოს ყოველ კვადრატულ კილომეტრს, როცა თავად დაუსახლებელი და აუთვისებელი დიდი ტერიტორია აქვს?

- 2004 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისათვის ნათელი შეიქნა, რომ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, და ამან განაპირობა მისი გააქტიურება. არსებობს გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და მას მიზანმიმართულად, საოცარი სიჯიუტით ახორციელებს რუსეთი. ეს არის ეგრეთ წოდებული თავდაცვითი გეგმა ნატოსთან სავარაუდო ომის შემთხვევისათვის.

საბჭოთა კავშირის დროს სამხრეთ მიმართულებიდან საბჭოთა კავშირზე შეტევის პლაცდარმად განიხილებოდა ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი. ამიტომ ამ მიმართულების დასაცავად შეიქმნა გეგმა, რომელიც მოიცავდა 3 თავდაცვით ზღუდეს: სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრს (დღევანდელი საქართველო-თურქეთის საზღვარი), კავკასიის ქედის გასწვრივ და ქვეყნის სიღრმეში ტერიტორიას, როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიას. საქართველოს ნატოზე ორიენტირების შემდეგ, რუსეთის გენერალური შტაბის სავარაუდო გადაწყვეტილებით, მეორე თავდაცვითი ზღუდე ავტომატურად იქცა ძირითად ზღუდედ. შესაბამისად, მან განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. ამ ზღუდის გასამაგრებლად საჭიროა სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ-იანი ზოლის გაკონტროლება, რომლისგანაც 20 კმ ქედიდან სამხრეთით განეკუთვნება აქტიური დაცვის სივრცეს, შემდგომი 20 კმ კი პასიური დაცვისაა. სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსეთის აქტიურობა კავკასიის ქედის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად.

ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით ხელში ჩაიგდო მათ ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის მონაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა კოდორის ხეობა, მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია და დღეს საქართველო-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 20-ს რუსეთი აკონტროლებს. მის ხელშია კავკასიის ქედზე არსებული ყველა სტრატეგიული სიმაღლე.

1989 წლის მონაცემებით, ამ მონაკვეთებზე 260 სოფელი იყო. არსებობდა განსახლების 9 უბანი. დღეს 5 უბანს მთლიანად რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს, რამაც დემოგრაფიული სურათის ცვლილება გამოიწვია.

საქართველოს კონტროლირებად მთის სოფლებშიც, ხიფათის თუ სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შეიმჩნევა მოსახლეობის მიგრაცია ბარისაკენ, რაც უფრო ასუსტებს საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემას.

- თუ რუსეთმა ხელში ჩაიგდო ის, რაც სურდა, ტერიტორიების კიდევ წართმევას რატომღა შეეცდება?

- გეგმა ბოლომდე არ არის შესრულებული. ის საქართველოს სამხედრო გზის ხელში ჩაგდებასა და 40 კმ-იან თავდაცვის სივრცეში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც ითვალისწინებს როგორც ვერტიკალური მიმართულებით, ასევე ქედის პარალელურად. სწორედ ამ გეგმის რეალიზაციას ემსახურება თითქოს უწყინარი პროექტები: ახალი 270 კმ-იანი გზა ყარაჩაეთ-ჩერქეზეთიდან, მარუხის უღელტეხილის გავლით აფხაზეთისაკენ (ამ გზის ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის მონაკვეთი უკვე მზადაა), უკვე გაყვანილია გზა კალაკიმამისონი (ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე), ეს გზა 18 კმ-იანია და მისი გაგრძელება ჯავისაკენ იგეგმება. აპირებენ როკის გვირაბის რესტავრაციასა და ახალი გვირაბების გაჭრას. პარალელურად მიმდინარეობს ჩეჩნეთის ითუმ-ყალის რაიონიდან შატილამდე გამავალი გზის აღდგენა.

უკვე დამთავრებულია დაღესტნის, ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარლის რაიონამდე (ეს სწორედ ის გზაა, რომელიც პირადად პუტინის მითითებით აშენდა), ინტენსიურად მიმდინარეობს ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობა. გზის საპროექტო პროფილიდან და ხარისხიდან გამომდინარე, რუსები ამ გზის ახალგორიდან კავკასიონის ქედის პარალელურად ყაზბეგის რაიონისაკენ გაგრძელებას შეეცდებიან, ან ფასანაურისკენ გაიწევენ. მათი მიზანი და ოცნება ხომ საქართველოს სამხედრო გზის ხელში ჩაგდებაა.  ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობა სწორედ რომ სამზადისია ამ მიზნის მისაღწევად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩრდილო ოსეთში დაწყებულია კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ოსეთისათვის მიკუთვნების თაობაზე და ის დღითი დღე უფრო მასშტაბური ხდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი გადის ყაზბეგის რაიონთან, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადვილი წარმოსადგენია, რა სახიფათოა ამ ტიპის პროექტები.

- დღეს რუსეთს ისედაც გართულებული აქვს ურთიერთობა მსოფლიოსთან და ცხადია, სამხედრო მოქმედებებს ვეღარ დაიწყებს. მაშ ტერიტორიის მიტაცების რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენოს?

- კავკასიის ქედის გასწვრივ პარალელური, სავარაუდო გზების მშენებლობის გეგმა შეიძლება განვიხილოთ ყაზბეგის რაიონისა და მიმდებარე ხევსურეთის მაგალითზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე სახელმწიფო საზღვარი დემარკაციამდე გადიოდა ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის შუაგულში. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ე. წ "ეშმაკის ხიდსა" და საფორტიფიკაციო ნაგებობის მიდამოებში გაიხსნა საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ლარსი", არადა სსრკ-ის დროინდელი მიწათსარგებლობის რუკების მიხედვით საქართველოს გვირაბს იქით ეკუთვნოდა კიდევ 100 კვკმ 90-იანი წლების შუახანებში საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტი 850 მ-ით უკან გადმოსწია. ეს ღონისძიება დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ასევე დარჩა. ამ მონაკვეთს დაერქვა ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც ორივე მხარეს ერთობლივად უნდა გაეკონტროლებინა,  მაგრამ ამჟამად კონტროლი მთლიანად რუსეთის ხელთაა.

რუსეთის მიზნის უკეთ მისახვედრად საკმარისია ეს სიტუაცია შევაფასოთ. ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ყოფილი ადგილი სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი იყო. ის აკონტროლებდა შემოვლით გზებს თერგის აქეთ, გველეთამდე და მყინვარის მიმართულებით მიმავალ გერგეთის შემოვლით გზას, ასევე ხევსურეთისაკენ (არხოტისკენ) მიმავალ გზას, რომელიც ჯერიახოს ხეობის პარალელურად მიემართება. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ მიმართულების ხელში ჩაგდებით რუსეთი მომავალში თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს ჯუთა-არხოტი-შატილი-თუშეთის მიმართულებას, მაშინ  გასაგები გახდება მისი მოქმედების მექანიზმები და სტრატეგია.

- მაგრამ ჩამოთვლილ მიმართულებათაგან ზოგიერთი მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტისთვის არის ვარგისი.

- ის დღეს არის მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტისათვის ვარგისი, მომავალში კი შეიძლება რთული პროფილის სამანქანო გზად იქცეს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი, იოლი მისახვედრია, რომ რუსეთისათვის ნაკლებპრობლემატურია თავისი ამოცანის შესრულება. სხვა საკითხია ყაზბეგის რაიონი. დღეს ყაზბეგის რაიონში 1500 მოსახლემდეა დარჩენილი და კლების ტენდენცია გრძელდება.

ეს განპირობებულია როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარობით, ისე ნარკომანიის მაღალი მაჩვენებლით. ნარკოტიკები, ძირითადად, შემოდის რუსეთის ტერიტორიის სასაზღვრო სოფელ ჩმის მოსახლეობის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზღვარი "მყარად" არის ჩაკეტილი, ნარკორეალიზატორები თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის კონტროლირებად ნეიტრალურ ზონაში. ეს კი  მაფიქრებინებს, რომ ნარკოტიკების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე გეგმის ნაწილია. ამ გეგმის ნაწილია ეგრეთ წოდებული ეკონომიკური თუ ტურისტული პროექტებიც. მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება რუსეთის ყველაზე დიდი სამთო კურორტის აშენება 35 სათხილამურო ტრასით. კურორტი შენდება ჩრდილო ოსეთის, ზაურმაგის ნაკრძალის ტერიტორიაზეც.

სწორედ ამ პროექტის საფარქვეშ გარემონტდა კალაკი- მამისონის გზა. კოდორის ხეობაში შეიქმნა სახელმწიფო პარკი, რომელიც გეგმის მიხედვით ტურისტული ტრასებით უნდა დაუკავშირდეს ჩრდილო კავკასიას. დაღესტანში მზადდება სათხილამურო კურორტის პროექტი საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან სასწრაფოდ არ ატეხს განგაშს, შედეგი გამოუსწორებელი იქნება.

გასაგებია საქართველოს ხელისუფლების სურვილი, არ დაიწყოს კონფრონტაცია რუს და ქართველ მესაზღვრეებს შორის, რათა რუსეთს არ მიეცეს სამხედრო ძალის გამოყენების საბაბი, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშოა და აქტიურ კონტრღონისძიებებს მოითხოვს.