"შესაძლოა, 7 თებერვალს მეც წავიდე უკრაინაში" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, 7 თებერვალს მეც წავიდე უკრაინაში"

"იანუკოვიჩმა ჯერ არჩევნები დაასრულოს და მერე შემოიღოს სავიზო რეჟიმი"

უკრაინული არჩევნებისადმი ქართველი პოლიტიკოსების გადაჭარბებულმა ინტერესმა და დამკვირვებლების სკანდალმა უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ფიქრი დააწყებინა. დონეცკის მერის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ტურისტულმა ფირმებმა სასტუმროების გამალებული დაჯავშნა დაიწყეს. ტურისტის ჩასვლა  ნებისმიერი ქალაქისთვის სახეიროა, მაგრამ როგორც ჩანს, დონეცკის მერს არასასურველი, დაუპატიჟებელი სტუმრები აშფოთებდნენ. ალბათ, ამიტომაც განაცხადა იანუკოვიჩის თანაპარტიელმა (ივან პოპესკუმ, რომელიც  ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია), წინააღმდეგი ვართ, ვინმე დამკვირვებლის ნიღბით მხარს უჭერდეს ერთ ან მეორე კანდიდატს და მისთვის მუშაობდესო. იანუკოვიჩის თანაპარტიელი  ირწმუნება, საარჩევნო გამოცდილების უქონელი პირები უბნებზე კორესპონდენტების საშვების ასლებით შევიდნენ. თუ მეორე ტურზე ქართველი დამკვირვებელი არაოფიციალურად, აკრედიტაციის გარეშე მოხვდება უბანზე, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხს განვიხილავთო.

იანუკოვიჩის ბანაკს საზღვრის დაცვის სამსახურიდანაც აქვს ინფორმაცია, რომ  940 ქართველი, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით ჩავიდნენ უკრაინაში, ისევ დონეცკშია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენელმა ეკა ხერხეულიძემ განგვიცხადა, დამკვირვებლებს 7 თებერვალსაც გავგზავნით უკრაინაშიო, ვცადეთ, გაგვერკვია, ვინ აპირებს უკრაინაში გამგზავრებას და აქვთ თუ არა ამ პირებს არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება. რადგან ქართველი დამკვირვებლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშან-თვისება მაგარი კუნთებიც უნდა ყოფილიყო, ვიეჭვეთ, რომ უკრაინის არჩევნების დამკვირვებლის სტატუსი ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონს, დეპუტატ გიორგი ასანიძეს ერგებოდა და არც შევმცდარვართ.

- აუცილებელი იყო ქართველი დამკვირვებლების უკრაინაში ჩასვლა, რადგან ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რომ არა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება,  საქართველოს წარმომადგენლებს უკრაინაში პრობლემა არ შეექმნებოდათ.

- ალბათ, რაღაც  იეჭვეს, 2 ათასზე მეტი კუნთმაგარი ბიჭი რომ ჩავიდა საქართველოდან.

- უკრაინაში დამკვირვებლები მხოლოდ თავიანთი სურვილით არ წასულან. ბევრი მათგანი საერთაშორისო თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყო მივლინებული. ბევრი დამკვირვებელი იმიტომ გავგზავნეთ უკრაინაში, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, რაც იქ ხდება. რომ არა უკრაინული მხარის თანხმობა, ჩვენი თანამემამულეები საზღვარსაც ვერ გადალახავდნენ.

- რა საჭირო იყო კუნთმაგარი ვაჟკაცების გაგზავნა?

- ქვეყნის სადარაჯოზე სწორედაც რომ ვაჟკაცები უნდა იყვნენ. დამკვირვებლების ამ ნიშნით შერჩევა არ არის სწორი და ლოგიკური, მაგრამ ჯანსაღი ადამიანი სწორედაც რომ კარგია დამკვირვებლად.

- ბატონო გიორგი,  თქვენც ხომ არ აპირებთ უკრაინის არჩევნებზე დაკვირვებას?

- შესაძლოა, 7 თებერვალს მართლაც წავიდე უკრაინაში.

- იანუკოვიჩი სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ფიქრობს.

- იანუკოვიჩმა ჯერ არჩევნები დაასრულოს და მერე შემოიღოს სავიზო რეჟიმი. მას ძალიან ძნელი მეორე ტური ელოდება. ჩვენ რომელიმე კანდიდატს კი არა, უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს.

- როლები კარგად გაინაწილეთ: ხელისუფლება უკრაინაში დადის, ოპოზიცია - რუსეთში.

- რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. სანამ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება, ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება რუსეთთან ნებისმიერი გარიგება. ყველა კარგად ხედავს, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ვინ - არა. პატრიოტისთვის ქვეყნის ინტერესია უმთავრესი და არა რუსეთთან გარიგება.

- ისიც გეცოდინებათ, რაზე ურიგდება ოპოზიცია რუსეთს.

- ხელისუფლებაში რუსეთის დახმარებით  მოსვლაზე. ოპოზიცია იმდენად სუსტია, ხელისუფლებაში მოსასვლელ ალტერნატიულ გზას  ვერ ხედავს და რუსეთთან თანამშრომლობის  გზა აირჩია.

- ოპოზიცია რუსეთთან თანამშრომლობაზე მეტად ახალ საპროტესტო ტალღაზე ლაპარაკობს.

- მივესალმები ოპოზიციის ნებისმიერ აქტიურობას, რაც ქვეყნის ინტერესებს არ უღალატებს. ეს არ გვაშინებს. ჩვენ ის ძირგამომთხრელი პოლიტიკა გვაშფოთებს, რომელსაც ზოგი ქართველი პოლიტიკოსი ეწევა. ჩვენი ამოცანა თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს აშენებაა.

- და ოპოზიციას ეს არ უნდა?

- ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, თუმც საწყენია, რომ ზოგიერთი რუსებთან თანამშრომლობს.

- ადგილობრივ არჩევნებსა და სახელისუფლებო კანდიდატ გიგი უგულავაზეც მითხარით ორიოდე სიტყვა. ამბობენ, საარჩევნოდ დიდ რესურსებს ხარჯავსო.

- მერმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რომ ქალაქი კეთილმოწყობილი იყოს.

- ბიუჯეტის რესურსიც?

- გიგი უგულავა პატარა ბიჭი არ არის, რომ ვინმეს სალაპარაკო მისცეს.

- გიგი უგულავაზე ამბობენ, მომავალი პრეზიდენტიაო.

- არ ვიქნები ამის წინააღმდეგი. მინდა მომავალი პრეზიდენტი ქართველი ხალხის რჩეული იყოს და თუ ეს გიგი იქნება, საწინააღმდეგო არაფერი  მექნება.

- ზემოთ თქვით, უკრაინაში შეიძლება წავიდეო. არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება თუ გაქვთ?

- ორჯერ ვიყავი უკრაინაში არჩევნებზე. თბილისშიც დავკვირვებივარ არჩევნებს. ეს საქმე ჩემთვის უცხო არ არის.

- ანუ ვერაფერს გამოგაპარებენ?

- თუ კაცი ხრიკებსა და  მამაძაღლობაზეა მომართული, ყოველთვის ეცდება ამის მომენტი მონახოს, მაგრამ ბევრი დამკვირვებელი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ხრიკებითა და მამაძაღლობით არ გავიდეს ვინმე არჩევნებში.

- ერთმა თქვენმა თანაგუნდელმა მითხრა, უკრაინის არჩევნებზე კუნთმაგარი ხალხი იმისთვის გვჭირდებოდა, რომ თავი დაეცვათო, მსოფლიოს ჩემპიონი, ალბათ, თავს არავის გაალახვინებთ.

- არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ თუ რამე დააპირეს, პასუხსაც გავცემ.