"ხელისუფლებაში საკადრო "ჩხენკელია" უნდა დასრულდეს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებაში საკადრო "ჩხენკელია" უნდა დასრულდეს"

"ერთ-ერთი ძმა, რომან ჩხენკელი, თავის დროზე  "ქართუ" ბანკის გაკოტრების სქემის შექმნა-განხორციელების გამო დაპატიმრებულიც კი იყო. ასე რომ, დასკვნა საზოგადოებამ გააკეთოს, ეკონომიკურ საკითხებში გამოუცდელი პირი რატომ გახდა პრემიერ-მინისტრის მთავარი საყრდენი ფიგურა."

"ის, რომ სახელისუფლებო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი ბიზნესწრეებზე გავლენას დღემდე ინარჩუნებს, იმითაც გამოჩნდა, თუ როგორ უცებ აღმოჩნდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ზურგის გამმაგრებლებად სწორედ ის დეპუტატები, რომლებიც ბიზნესს ფლობენ.

მთავრობიდან გასტუმრებულთა შავ სიაში”ძმები ჩხენკელებიც აღმოჩნდნენ, რომელთა ხელისუფლებაში გამოჩენამ თავის დროზე არაერთი კითხვა გააჩინა. აკაკი, რომან და ლაშა ჩხენკელები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას საზოგადოებრივ ასპარეზზე მაინცდამაინც არ ჩანდნენ, თუმცა, სამივეს ბიზნესელიტაში იცნობდნენ და როგორც ამბობენ, იმჟამინდელ ხელისუფლებასთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მედია ბოლო კვირის განმავლობაში აქტიურად წერდა, რომ ძმებისგან ერთ-ერთი, რომან ჩხენკელი, დაახლოებული იყო იუსტიციის ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილთან. ამიტომაც, ბუნებრივია, მათი "ოცნების" მთავრობაში გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, უმცროსი ძმა, ლაშა ჩხენკელი, ზვიად ჯანყარაშვილთან მეგობრობდა და ღარიბაშვილს ჩხენკელები, როგორც სანდო პირები, სწორედ მან წარუდგინა. მალე კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აკაკი ჩხენკელი დაინიშნა. მოკლე ხანში ღარიბაშვილის სიახლოვეს რომან ჩხენკელიც გამოჩნდა, რომელიც მისი მრჩეველი და ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელიც გახდა, ხოლო ლაშა ჩხენკელი დღემდე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტია.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: - უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჯანყარაშვილი, რომელსაც ოპოზიციაც და მედიაც კარგა ხანია ესროდა ისრებს, მხოლოდ ხილული წვერი ყოფილა იმ აისბერგისა, რომლის ლუსტრაციაც ამ გათავისუფლებების კასკადით მოხდა. ამ აისბერგის საყრდენი კი, სხვა პირებთან ერთად, ჩხენკელებიც აღმოჩნდნენ, რომელთა სახელისუფლებო გუნდში გამოჩენა მაშინვე განსჯის საგნად იქცა. საინტერესოა, რა დამსახურებით მოხვდნენ სამთავრობო გუნდში და როგორ იქცნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირებად?! ვფიქრობ, იმათ, ვინც ეს ხალხი მოიყვანა ხელისუფლებაში, დღეს კი გაუშვა, უნდა გააკეთონ განმარტებები, სხვა შემთხვევაში ყველა ჭორსა და ეჭვს აქვს არსებობის უფლება. აშკარაა, რომ შექმნილი იყო სტრუქტურა, ქსელი, რომელსაც სიცილიაში, ალბათ, სხვა სახელს დაარქმევდნენ. ეს ქსელი ივანიშვილს რომ არ სჭირდებოდა, ცხადია, გამოდის, ისინი მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ვის რა როლი ჰქონდა, რთული სათქმელია, თუმცა, ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო: ერთ-ერთი ძმა, რომან ჩხენკელი, თავის დროზე  "ქართუ" ბანკის გაკოტრების სქემის შექმნა-განხორციელების გამო დაპატიმრებულიც კი იყო. ასე რომ, დასკვნა საზოგადოებამ გააკეთოს, ეკონომიკურ საკითხებში გამოუცდელი პირი რატომ გახდა პრემიერ-მინისტრის მთავარი საყრდენი ფიგურა. ჩემი ინფორმაციით, მას გაცილებით მეტი ეკითხებოდა ეკონომიკაში, ვიდრე ამ დარგში მომუშავე მინისტრებს. ის ახერხებდა და ზოგჯერ აჩქარებდა, სხვა შემთხვევაში კი აფერხებდა ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებას...

ხმები, რომ ძმები, ჯანყარაშვილთან ერთად, ბიზნესმენთა შევიწროებას ცდილობდნენ, კარგა ხანია დაირხა, თუმცა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან დამადასტურებელი ფაქტები არა მაქვს. ის, რომ სახელისუფლებო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი ბიზნესწრეებზე გავლენას დღემდე ინარჩუნებს, იმითაც გამოჩნდა, თუ როგორ უცებ აღმოჩნდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ზურგის გამმაგრებლებად სწორედ ის დეპუტატები, რომლებიც ბიზნესს ფლობენ. მანამდე ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ნებისამებრ იქცეოდნენ, ახლა კი უცებ "ოცნების" ფრთებქვეშ შეიყუჟნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ამ ჯგუფის ხელში ადგილობრივი თვითმმართველობის მართვა, რაც ძალაუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. ვერ ვიტყვი დანამდვილებით, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მაინცდამაინც აკაკი ჩხენკელი იღებდა, მაგრამ ფაქტია, ამ სფეროს ის ხელმძღვანელობდა. Aასეა თუ ისე, ხელისუფლებაში საკადრო "ჩხენკელია" და მასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები უნდა დასრულდეს.

ნათია დოლიძე