"რეგიონებში უძრაობის ხანაა!"
15-12-2014
"რეგიონებში უძრაობის ხანაა!"
"ვინმემ გააგებინოს გუბერნატორებს, რომ ფეოდალებივით ნუ იქცევიან"

"სადამდე მიიყვანენ რეგიონებს უუნარო მმართველები, ძნელი წარმოსადგენი არ არის"


"კვირის პალიტრის" რედაქციისთვის რეგიონებიდან გამოგზავნილი წერილების დიდი ნაწილი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს - ჩვენი თანამოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე ჩივიან. "თუ გუბერნატორის ფუნქცია მარტო უზარმაზარი ხელფას-პრემიის აღებაა, პირდაპირ გვითხრან; ან ვინმემ გააგებინოს ამ ხალხს, რომ ფეოდალები არ არიან და მოსახლეობას ყმებივით ნუ ექცევიან", - გვწერს მკითხველი მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან. არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რეგიონებში დიდი
წმენდა დაიწყოს და ბევრმა გუბერნატორმა თანამდებობა დატოვოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ საკადრო ცვლილებებია საჭირო.


მამუკა აბულაძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში:
- პრაქტიკულად ყველა გუბერნატორი ძალოვანი უწყებიდან დაინიშნა - ზოგი შსს-დან, ზოგიც ფინანსური პოლიციიდან. ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობები კიდევ მეტად გახდნენ დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე.

სამსახური (კანცელარიის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), რომელსაც აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა, ზედმეტ ზედამხედველობას უწევდა თვითმმართველობებს. პრაქტიკულად, ამ ერთი დეპარტამენტიდან იმართებოდნენ გუბერნატორები. ჩხენკელის უწყების გარეშე ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. თანამდებობიდან ჩხენკელის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, გურიის გუბერნატორის გარდა, კიდევ ბევრ მის კოლეგას მოუწიოს თანამდებობის დატოვებამ. საკადრო ცვლილებები აუცილებელია. ამჟამინდელი გუბერნატორები უნდა ჩაანაცვლონ პროფესიონალი და ინიციატივიანი მენეჯერებით. ფაქტია, რეგიონებში უძრაობის ხანაა,გუბერნატორები არაფერს აკეთებენ მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად. არ იჩენენ არანაირ ინიციატივას, არ ხვდებიან მოსახლეობას, არ ისმენენ მათ პრობლემებს - არადა ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.

მიუღებელია, როცა გუბერნატორი პრობლემას ემალება. რაში იღებენ ამხელა ხელფასებს, გაუგებარია! ზოგიერთ მათგანს ელემენტარულ დოკუმენტაციაში გარკვევა და წერილის დაწერაც კი უჭირს - ამის არც გამოცდილება აქვთ და ხშირად არც უნარი. სანამ დროა, ამ პრობლემას უნდა მიეხედოს, თორემ სადამდე მიიყვანენ რეგიონებს უუნარო მმართველები, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

გოგა თუშურაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: - უპირველესად აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს როგორც პრემიების, ასევე სახელფასო დანამატების საკითხი. არ შეიძლება თავის ნებაზე იყოს მიშვებული სისტემა და გუბერნატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თუ გამგებელმა საკუთარ თავს თვითონ გამოუწეროს მაღალი პრემია. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი. მაგალითად,
გორის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის უკვე გათვალისწინებულია იმაზე მეტი თანხა, რაც 2014 წელს იყო. გამოდის, წინასწარ იგეგმება მაღალი პრემიებისა და დანამატების გაცემა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ გუბერნატორის თანამდებობრივი სარგო უტოლდება მინისტრის შრომის ანაზღაურებას და 3 500 ლარს შეადგენს. ამას ემატება ათასობით ლარის ოდენობის პრემიები, რომლებსაც თავად იწერენ.

ვახო ბერიძე
odabade
24 დეკემბერი 2014 13:01
სახელია შესაცვლელი. ქვეყანას უფრო სახელი თბილისის საამირო მოუხდება.
aragus
18 დეკემბერი 2014 20:01
ძია-ს რატომ ხდება ყოველთვის წინა და ახლანდელი მთავრობის შედარება მაშინ, როდესაც პრობლემა წამოიჭრება ? ოცნება ხალხმა იმიტომ მოიყვანა ხელისუფლებაში რომ უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდა თორემ, ნაცების დროს რაც იყო და როგორც იყო ეს უკვე წარსულია.მხოლოდ დღევანდელობის წარსულთან შედარება ვერაფერს მოგვცემს.
ძია
18 დეკემბერი 2014 18:06
არავინ უარყოფს, რომ მამუკა აბულაძე კომპეტენტური პირია, მაგრამ, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ნაციონალების დროინდელმა კადრმა - მამუკა აბულაძემ არ უნდა ისაუბროს ხელისუფლების პოლიტიკაზე რეგიონებსა და თვითმმართველობებში. არც ნაციონალების გუბერნატორიები (მათი მნიშვნელოვანი ნაწილი) გამოირჩეოდნენ "აინშტაინობით" და გუბერნატორები ტოტრალურ ზეწოლას ახორციელებდნენ თვითმმართველობებზე, აბა, მაგათ დროს იყო, თუ იყო.

რედაქტორის რჩევით