ვინ გაუშიფრა ივანიშვილს ბიზნესის შევიწროების სქემა!.. - კვირის პალიტრა

ვინ გაუშიფრა ივანიშვილს ბიზნესის შევიწროების სქემა!..

"ჭიკაიძეს აუცილებლად გაუშვებენ, მაგრამ ჯერ არა"

ორი კვირის განმავლობაში მოწმენი ვიყავით, მთავრობის მეორე ეშელონის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით როგორ ტოვებდნენ თანამდებობებს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან ზვიად ჯანყარაშვილი წავიდა, რომელსაც ის მაღალჩინოსნებიც მიჰყვნენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საყრდენი ჯგუფის წევრებად რომ განიხილებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ყველაფერი შარშან, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის თემით დაიწყო. მათი თქმით, ბაქოში ჩასულ უჩა მამაცაშვილს (საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი) ამ პროექტის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო უსაყვედურეს და უთხრეს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოში ვიღაც-ვიღაცები ავიწროებენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი სწორედ ეს საკითხი იყო, რომელსაც მაშინ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობა შეეწირა. მაღალჩინოსნები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სწორედ მაშინ ამოტივტივდა პირველად ამ პროცესებში ზვიად ჯანყარაშვილის სახელი. გარდა ამისა, ივანიშვილთან თავი მოიყარა ახალმა ინფორმაციამაც ბიზნესმენთა გარკვეული კატეგორიის შევიწროების შესახებ, რაშიც სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ ზემოხსენებული მეორე ეშელონის წარმომადგენლები. საბოლოოდ, ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მივიღეთ. Gგავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი ბიზნესმენთა შევიწროების სქემებზე მიღებული ინფორმაციით ისე გაბრაზდა, რომ ჯანყარაშვილის არათუ პარტიიდან, არამედ ქვეყნიდან გაშვებას ითხოვდა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - ჩემი აზრით, ივანიშვილი ინფორმაციას ბიზნესის სავარაუდო შევიწროების შესახებ რამდენიმე წყაროთი იღებდა. მათ შორის არიან: ყოფილი პრემიერის უახლოესი გარემოცვა და ძველი თანამებრძოლები; მეორეა პრესა, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მესამე, ასე ვთქვათ, მისი საკუთარი საინფორმაციო წყაროები, რომელთაც მე არ ვიცნობ და ესენი შეიძლება იყვნენ როგორც კონკრეტული პირები, ასევე ჯგუფები და გარკვეული სამსახურები. ცნობილია, რომ ივანიშვილი ინფორმაციას რამდენიმე წყაროსგან მოიპოვებს, გადაწყვეტილებებს კი მას შემდეგ იღებს, რაც საბოლოოდ დარწმუნდება ამა თუ იმ ინფორმაციის სიზუსტეში.

- როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, მან კონკრეტულად ზვიად ჯანყარაშვილის, ძმები ჩხენკელებისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაცია მოისმინა ზოგიერთი ბიზნესმენისგან, რომელთა შორის ბიზნესმენი ილია კოკაიაც იყო...

- დიახ, როგორც ვიცი, ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაცია ივანიშვილმა ბიზნესმენებისა და იმავე კოკაიასგანაც მოისმინა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კოკაიას ნათქვამი არის მხოლოდ ფრაგმენტი და თანაც არცთუ მთავარი ფრაგმენტი იმ ინფორმაციაში, რაც საბოლოოდ ივანიშვილმა შეაგროვა. უნდა გითხრათ, რომ ივანიშვილი ძალიან დიდი ყურადღებით უსმენს ზოგიერთ მის ძველ თანამებრძოლს და კიდევ არაერთი ბიზნესმენის აზრითაც ინტერესდება, რომლებიც მასთან მაინცდამაინც არც მეგობრობენ და არც ბიზნესპარტნიორები არიან.

- არის ასეთი ვერსიაც - ხომ არ იყო გაზვიადებული ჯანყარაშვილისა და მისი ჯგუფის თაობაზე ივანიშვილთან მიტანილი ამბები და ხომ არა გვაქვს საქმე ერთი სახელისუფლებო ჯგუფის მიერ მეორის ჩაძირვის მცდელობასთან?

- ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა, როგორც ვიცი, აქ კონკრეტული სახელისუფლებო ჯგუფების დაპირისპირება არ ყოფილა.

- როგორ ფიქრობთ, რაც ხდებოდა (ბიზნესმენთა შევიწროებას თუ სხვა გადაცდომებს ვგულისხმობ), ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული იყო?

- რთული სათქმელია. მე ირაკლი ღარიბაშვილი კარგა ხანია არ მინახავს, თუმცა, ვფიქრობ, გარკვეული ინფორმაცია მასაც ექნებოდა. თუ პრემიერმა არ იცის ეკონომიკურ სფეროში რა ხდება, მაშინ სრულ ნონსენსთან გვექნება საქმე. ალბათ, იცოდა, თუმცა, არ ეგონა, რომ ამ მასშტაბისა იქნებოდა.

- გავრცელებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებებამდე ივანიშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ღარიბაშვილი, ჭიკაიძე და ყოფილი პრემიერის უახლოესი გარემოცვა...

- ჩემი ინფორმაციით, ჭიკაიძე იქ არ ყოფილა. შეხვედრაზე მთავარი ფიგურა  იყო უჩა მამაცაშვილი, რომელიც კონკრეტული ფაქტებით ლაპარაკობდა. როგორც ვიცი, სრული სახით მან გაუშიფრა ივანიშვილს ჩინოვნიკების მხრიდან ბიზნესის სავარაუდო შევიწროების სქემა.

- გათავისუფლებული პოსტები უმრავლეს შემთხვევაში ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის პირებმა დაიკავეს.

- ივანიშვილს ჰყავს პირთა ერთი ჯგუფი, რომელსაც ძალიან ენდობა, თუ რომელიმე მათგანმა რაიმე საოცრება არ ჩაიდინა. როგორც ვიცი, თავის დროზე ანზორ ჩუბინიძესა და ივანიშვილს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა. თუ კარგად მახსოვს, ეს ივანიშვილის დაცვის წევრების შეცვლას უკავშირდებოდა, მაშინ მან დატოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობა და ახლა ისევ დააბრუნეს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება მირიან მჭედლიშვილიც, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში "ქართუს" ფინანსური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო და თავის საქმეს ისე ართმევდა თავს, ივანიშვილს მასში ეჭვი არასოდეს შეუტანია. აქედან გამომდინარე, მისი დაწინაურება არ გამკვირვებია. ერთი ეგ არის, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის სპეციფიკას როგორ იცნობს, არ ვიცი.

- ამ კადრების ხელისუფლებაში მობრუნების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, ივანიშვილი ფიქრობს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

- მნიშვნელოვანია არა ის, ივანიშვილი რას ფიქრობს, არამედ ის, რა არის ქვეყნისთვის საჭირო. მისი წასვლა რომ სწორი არ იყო, ამას მაშინვე ვამბობდი, დღესაც ჩემს აზრზე ვარ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას,

ქვეყანაში აშკარად ისეთი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, რომ ამის გამოსწორებას ძლიერი ხელი სჭირდება.

სამწუხაროდ, დღევანდელ პრემიერ-მინისტრს გამოცდილება არა აქვს, ამის ბრალიც არის, ზოგიერთი ისეთი რამ რომ ეპარება, რაც არ უნდა გაეპაროს. დროა, ივანიშვილი გამოვიდეს ჩრდილიდან და რეალურად მიხედოს საქმეს...

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალოს და მისი ადგილი ასევე ივანიშვილის გარემოცვის წევრმა, ახლახან შს მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნულმა ვახტანგ გომელაურმა დაიკავოს.

- ვეჭვობ, ამგვარი ცვლილებები სამინისტროს რეორგანიზაციამდე მოხდეს, ეს კი, ალბათ, გაზაფხულზე იქნება (სავარაუდოდ, ცვლილებები მთავრობასაც შეეხება). ჭიკაიძეს აუცილებლად გაუშვებენ, მაგრამ ჯერ არა.

ნათია დოლიძე