რა განაჩენს გამოგვიტანს ჰააგის ტრიბუნალი - კვირის პალიტრა

რა განაჩენს გამოგვიტანს ჰააგის ტრიბუნალი

"მილოშევიჩი იუგოსლავიის არჩეული პრეზიდენტი იყო, მაგრამ დაისაჯა"

საქართველოში თებერვლის დასაწყისში ჩამოვა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს იძიებს. რუსული პრესის ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები საქართველოს რუსეთის სარჩელის საფუძველზე ეწვევიან, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, ჰააგაში სარჩელი საქართველოსაც აქვს შეტანილი. რა უფლებამოსილება აქვთ და რა მისიით ჩამოდიან ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლები საქართველოში და რამდენად დაზარალდება საქართველო, თუკი ხელისუფლების პირველი პირები რაიმე სახის დანაშაულში აღმოჩნდებიან ბრალდებულნი, ამის თაობაზე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, ადვოკატ ლია მუხაშავრიას ვკითხეთ:

KvirisPalitra.Ge- არ ვიცი რუსეთის სარჩელის შინაარსი, მაგრამ რადგან ჰააგის ტრიბუნალი ომის დანაშაულს, გენოციდს, ეთნიკურ წმენდასა და ადამიანურობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულს იძიებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამტკიცებს, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა  წარმომადგენელმა დანაშაული ჩაიდინაო და ითხოვს მათ გამოძიებას.

- მაგრამ აგვისტოს ომში ჩადენილი ქმედებების გამო სწორედ რუსეთს წაუყენეს მძიმე ბრალდებები.

- რუსეთმა ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ტრიბუნა გამოიყენა, რომ ომის დანაშაულის ჩამდენად საქართველო მიეჩნიათ. ამ მიზნით 3 ათასამდე საჩივარი გაგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში, მიმართეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალსაც. საქართველო მიერთებულია  რომის სტატუტზე (სხვათა შორის, რუსეთს ამ საერთაშორისო დოკუმენტზე ხელი არა აქვს მოწერილი), რომლითაც ვაღიარებთ, რომ ომის დანაშაულს არ ჩავიდენთ. ამიტომაც მიმართა რუსეთმა ჰააგის ტრიბუნალს. ჩემთვის ცნობილია, რომ 2009 წელს ჩვენც მივმართეთ ჰააგას და მოვითხოვეთ, გამოძიება რუსეთის მხარესაც ჩატარდეს.

- ვისი დაკითხვის და დადანაშაულების უფლება აქვს ამ სასამართლოს?

- ჰააგის ტრიბუნალის საგამოძიებო ჯგუფი უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე (სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება) ჩაატაროს ის საგამოძიებო მოქმედება, რასაც მიიჩნევს მიზანშეწონილად. შეუძლიათ თვითონ გადაწყვეტონ, რომელი მოწმე თუ დაზარალებული ნახონ და დაჰკითხონ. ყველა ვალდებულია ჰააგის სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლოს. პრეზიდენტსაც კი არა აქვს უფლება, უარი თქვას ჰააგის გამომძიებლებთან შეხვედრასა და ჩვენების მიცემაზე. თუ ვინმემ თანამშრომლობაზე უარი თქვა, ჰააგის სასამართლოს კანონით აქვს მინიჭებული უფლება, გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, დაპატიმრების ჩათვლით.

- ქართულ მხარეს რა ბრალდებები შეიძლება წაუყენოს ჰააგის ტრიბუნალმა?

- ჰააგის ტრიბუნალმა სულ სამი დანაშაულის გამო შეიძლება აწარმოოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს მსჯავრდადებული. თუ ვინმემ  ამ სამიდან (გენოციდი, ეთნიკური წმენდა და ადამიანურობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაული) ერთი დანაშაული მაინც ჩაიდინა და საამისო მტკიცებულებებიც არსებობს, ის გასამართლდება. ვფიქრობ, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის საომარი თეატრის არენაზე მიტოვება და მეტიც, მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის დამალვა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ცხადია, ბრალდებები იქნება ოსური ფორმირებებისა და რუსული არმიის მიმართაც.

- გავრეცელებული მოსაზრებით, თუკი ქვეყნის პირველი პირი იმ დანაშაულში აღმოჩნდება ბრალდებული, რასაც რუსული მხარე ამტკიცებს, ეს ავტომატურად დააზარალებს ქვეყანასაც.

- კონკრეტული პირის დანაშაული ქვეყანაზე არ გავრცელდება. ჩვენ უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოსი, სადაც მთელი ქვეყანაა მოპასუხე და მთელი ქვეყანა კი - მომჩივანი (საქართველო და რუსეთი). ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმე განიხილება სტრასბურგშიც. ჰააგის ტრიბუნალზე კი, ვინც უნდა მიეცეს პასუხისგებაში (თუნდაც ქვეყნის პირველი პირი), ეს ქვეყანაზე ცუდად არ აისახება. პირიქით, თუ ეს დანაშაული სასამართლოს წესით დადასტურდა, ამან ჩვენი სახელმწიფოს გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი. თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში და დანაშაულებრივ საქმიანობას გააგრძელებენ, სწორედ ეს იქნება სახელმწიფოსთვის დამანგრეველი.

- მაგრამ ხშირად კეთდება პარალელი, ჰააგის ტრიბუნალზე მილოშევიჩის გასამართლებას იუგოსლავიის დაშლა მოჰყვაო.

- არ ვეთანხები ამას, იუგოსლავიაში სხვა შემთხვევა იყო. ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებმა (და ამის საფუძველზე აღმოცენებულმა სახელმწიფოებმა) ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაიდინეს მასობრივი დანაშაულები და ეს დადასტურებულია რამდენიმე მძიმე განაჩენით, რომელიც ჰააგის ტრიბუნალმა გამოუტანა რამდენიმე პირს.

- რუსეთის დიდი გავლენა არ იმოქმედებს ჰააგის ტრიბუნალზე?

- ამ ტრიბუნალმა მილოშევიჩის საქმით სცადა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ მიუკერძოებელი და მართლმსაჯულების პრინციპების ერთგულია. მილოშევიჩი იუგოსლავიის არჩეული პრეზიდენტი იყო, მაგრამ დაისაჯა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა საერთაშორისო მექანიზმები და სამართლებრივი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ ძლიერის ძალამ აღმართი არ მოხნას. თუ შევეცდებით, ვითანამშრომლოთ ყველა საერთაშორისო ორგანოსთან, შეიძლება გაცილებით დიდი შედეგი მივიღოთ, ვიდრე ჩვენი არმიის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლებოდა გვქონოდა. ნათქვამია, კარგი დიპლომატის მოლაპარაკებამ შეიძლება ისეთი ნაყოფი გამოიღოს, რასაც მთელი სატანკო დივიზია ვერ მოუტანს ქვეყანასო. ამიტომაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.