მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ცუდი და უარესი

წინა კვირას ხელისუფლებიდან ისეთი ადამიანები წავიდნენ, რომელთა მეშვეობით ღარიბაშვილი სხვადასხვა უწყებას აკონტროლებდაო. ვერაფერს დავიჩემებ, მაგრამ ამას იმდენი ადამიანი ამბობს და თან - საქმეში ჩახედული, რომ ძნელია, არ დაიჯერო. ბევრმა ამას "კახური კლანის" ჩამოშორება უწოდა, ზოგმაც - ქიზიყურის. ზოგმა ეს პრემიერის დასუსტების მცდელობად შეაფასა, ზოგმა ღარიბაშვილს ყურაწეული და დატუქსულიც კი უწოდა. ასეა თუ ისე, კარგი რამ რომ ვერ მოხდა ჩვენი პრემიერის თავს, ცხადია! მოხსნეს თითქმის ყველა, ვისზეც ოპოზიციაც და მედიაც ეჭვობდნენ, რომ კორუფციაში იყო ჩართული ან რაღაც კლანურ გაგებას აწვებოდა. ბევრს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი ივანიშვილის ბრძანებით მოხდა. სიმართლე გითხრათ, მეც ასე ვფიქრობ, რადგან ღარიბაშვილს რომ ნდომოდა ამ ხალხის მოშორება, საქმეს აქამდე არ მიიყვანდა, "ნაციონალებს" ამდენს არ ალაპარაკებდა მათ კორუმპირებულობაზე.

ისე, "ნაციონალები" დიდ სამსახურს უწევენ '"ქართულ ოცნებას", 'როცა სააშკარაოზე გამოაქვთ ყველა საეჭვო ფაქტი თუ ვარაუდი კლანების არსებობის შესახებ, რადგან აღმოჩნდა, რომ ამაზე ''ვიღაც'' რეაგირებს. ეს განწმენდის კარგი საშუალებაა. სწორედ "ნაციონალებმა"' დაიწყეს საუბარი ჯანყარაშვილსა და სხვებზე, "თბილისობაზე" გამოვლენილ დარღვევებზე და ა.შ. '"ნაციონალებს"' ცოტა მეტი კონსტრუქციულობა და ცოტა ნათელი წარსული რომ ჰქონდეთ, მათნაირ ოპოზიციაზე მხოლოდ თუ იოცნებებდა ხელისუფლება.

ალბათ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ხელისუფლებაში "ნაგავი" არ დაგროვდებოდა, მაგრამ თუ ამ ხელისუფლებას არ სურს, ლაფში ჩაეფლოს, დროდადრო უნდა განიწმინდოს. ცუდია, რომ ყველაფერი ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული და სანამ ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არაფერი ხდება. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება კარგი იმიტომ არის, რომ მერე სისტემა თვითგანწმენდას იწყებს, ახლა კი რა გამოდის: ისევ ბიძინას მივჩერებივართ და იმის იმედად ვართ, რომ რაღაცებს ის აკრძალავს. ზოგს ამის იმედიც არ აქვს და ფიქრობს, რომ "იმ ბრძენმა კაცმა" არა განწმენდის, არამედ მხოლოდ ღარიბაშვილის გავლენის შესასუსტებლად დაიწყო ცვლილებები, რომ გაზაფხულზე მინისტრების გაწირვაც მოუწევს, რომ შეიძლება ივანიშვილმა ღარიბაშვილის ჩანაცვლებაც ბრძანოს, რადგან ის სიტუაციას ვერ მართავს.

მოკლედ, ათასი ვარაუდი გამოითქმის, ჩვენ კი მხოლოდ მთავარზე ვთქვათ: მთავარი ის არის, რომ სისტემა გვაქვს უვარგისი. განწმენდა კარგია, მაგრამ ამას რომ პოლიტიკური პროცესების მიღმა მყოფი ადამიანი აკეთებს, ცუდია. ახლა ესეც ვიკითხოთ: რა სჯობს - ივანიშვილი არ ჩაერიოს, მიუშვას ყველაფერი და გადავიჩეხოთ თუ გარედან ჩაერიოს? ეჰ, როდემდე უნდა ვაკეთოთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის?!

რეიტინგი, კალოში და მითები

ვუყურე პარასკევს გადაცემა "რეაქციას", მასზე აღშფოთებული ხალხის გამოხმაურებებიც მოვისმინე, რომლებიც ხან ნოდარ მგალობლიშვილს ლანძღავდნენ ევროპაზე აუგის თქმის გამო და ხან სხვას. მართლაც პრობლემაა, რომ ასეთ პატივცემულ და ნიჭიერ ადამიანსაც კი ევროპა საშინელება ჰგონია, მაგრამ ამის დრამატიზება არ ღირს. მთელი ის გადაცემა მითებით ნაკვები საზოგადოების უაზრო დაპირისპირება იყო. ზოგი მიშას მითებით არის ნაკვები, ზოგი - რუსეთის და ზოგი კიდევ - ვისი, წამყვანიც რატომღაც სწორედ ასეთ ადამიანებს უთმობს დროს, მათ უსაგნო ლაპარაკზე მნიშვნელოვანი და მთავარი კი ინტერაქტივის შედეგებია: კითხვაზე - როგორ აფასებთ ხელისუფლების ორწლიან საქმიანობას? "იმედის" მაყურებელთა უმეტესობამ უპასუხა, რომ ცუდად!

გაზაფხულზე მთავრობაში ცვლილებებს ექსპერტთა ნაწილი იმიტომაც ელოდება, რომ ხალხის უკმაყოფილება იზრდება. დღევანდელ "იმედს" "ნაციონალების" თანაგრძნობას ან მათთვის მუშაობას ვერ დააბრალებ. პირიქით, "ნაციონალები" აბრალებენ ამ არხს (ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ), რომ "ოცნების" მსახურია. მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა კი სწორედ "იმედმა" გვაუწყა. წინა კვირას დავწერე ამის შესახებ და ვთქვი, წარმატებული ჯანდაცვისა თუ სხვა პროექტებით დიდხანს ვერ იამაყებ, თუ რაღაც ახალი არ შესთავაზე მოსახლეობას-მეთქი და "იმედის" ინტერაქტივმაც ეს დაადასტურა. ამ ინტერაქტივს, რა თქმა უნდა, სოციოლოგიური გამოკითხვის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ხელისუფლებისთვის სიგნალი უნდა იყოს!

ხელისუფლებას დღეს უკმაყოფილო საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში ჰყავს: რადიკალები იმით არიან უკმაყოფილო, რომ მიშას არათუ ვერ იჭერენ, არამედ იმასაც ვერ ამტკიცებენ, რომ ეს პოლიტიკური დევნა არ არის; სოციალურად გაჭირვებულები - იმით, რომ მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და პენსიაც კი მხოლოდ 10 ლარით იზრდება; დემოკრატიის გულშემატკივრები კი - იმით, რომ სისტემური რეფორმები არ მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მომხრეებიც ჰყავს და ძალიან ბევრიც. ეს ინტერაქტივი არ ნიშნავს, რომ ხვალ თუ არჩევნები ჩატარდება, "ოცნება" დამარცხდება, მაგრამ პროცესი მათ სასარგებლოდ არ მიდის და 2016 წელს როგორი რეიტინგი ექნებათ, კაცმა არ იცის! ესენი ჯერ ისევ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კინკლაობით იქცევენ თავს და იმას არკვევენ, ვის რამდენი კალოში ეცვა ხელისუფლებაში მოსვლისას და ვინ მოახერხა რეზინის ჩექმებისა და ტყავის პალტოს ყიდვა.

ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა გაიგოს: გაჭირვების დამარცხება და ეკონომიკური წინსვლა სწრაფად ვერ მოხდება. ამას ბევრი წელი დასჭირდება, შეიძლება რამდენიმე საარჩევნო ციკლიც არ ეყოს და ამდენს არავინ დაგაცდის! მაგრამ დღეს ხელისუფლებას შეუძლია, პრემიებით თუ დანამატებით ხალხი არ გააღიზიანოს, საზოგადოებას დაანახოს, რომ მუშაობს და სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს, და გაატაროს სისტემური რეფორმები დემოკრატიის ხარისხის ასამაღლებლად! ამ უკანასკნელს კი წლები კი არა, ბატონებო, მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება!..

თუმცა, რა აზრი აქვს ამ ინტერაქტივზე ლაპარაკს? ხელისუფლება მაინც არ დაიჯერებს, რომ კარგად ვერ მუშაობს, ხოლო "ნაციონალები" მაინც არ დაიჯერებენ, რომ "იმედი" "ოცნების" ტელევიზია არ არის, იმიტომ, რომ ისინი დღეს ახალ მითებს ქმნიან!