"რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინს დედას არ აგინებენ, პუტინმა აფხაზეთი და ოსეთი უნდა გვაჩუქოს?" - კვირის პალიტრა

"რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინს დედას არ აგინებენ, პუტინმა აფხაზეთი და ოსეთი უნდა გვაჩუქოს?"

"ვშიშობ, რომ კადრების პრობლემას "ქართული ოცნება" ვერ გამოასწორებს, კრიზისი ქვეყანაში უფრო გაღრმავდება"

"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ისტორიული შანსი და რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა შესთავაზოს", - ამ წინადადებით  ხელისუფლებას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა. შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინათ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ნაკადის გაზსადენის მშენებლობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ახალი გაზსადენის მშენებლობას შავი ზღვის გავლით თურქეთთან ერთად გეგმავს. ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან სამთავრობო ცვლილებებზე საუბრით დავიწყეთ:

- ხელისუფლების ყველა შტოში სერიოზული პრობლემებია.

პარლამენტში, ფაქტობრივად, არ არსებობს უმრავლესობა, რაც არის, ფულსა და კონკრეტულ ინტერესებზე აგებული დროებითი ერთიანობაა.

მთავრობა ძალზე სუსტი და არაეფექტიანია. ვფიქრობ, ხელისუფლების მეორე ეშელონში ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ ივანიშვილმა ან კიდევ ვიღაც სხვამ დაინახა ხელისუფლებაში არსებული პრობლემები. ვშიშობ, რომ კადრების პრობლემას "ქართული ოცნება" ვერ გამოასწორებს, კრიზისი ქვეყანაში უფრო გაღრმავდება.

"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციით პრაქტიკულად  გააცოცხლა პოლიტიკურად თითქმის მკვდარი ორგანიზაცია. იმ პოლიტიკური კრიზისის გამო, რაც ახლა ქვეყანაშია, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კარგა ხნის დანიშნული უნდა იყოს.

სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსული ხალხის მთავარი ამოცანა იყო და კვლავაც რჩება, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ სავარძლები.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, ამბობდა, ამით ისიც ვაჩვენე, რომ თანამდებობას არ ვებღაუჭებიო. თუმცა, დღეს მის მიერ პოლიტიკური პროცესების კულუარულ მართვაზე მისივე ყოფილი თანამებრძოლები ლაპარაკობენ...

- როდესაც მარგველაშვილი, ალასანია და მისი გუნდი ამბობენ, რომ ივანიშვილმა კულუარებიდან არ უნდა მართოს ხელისუფლება, ეს უმადურობა და უმსგავსობაა. ასე რომ არის, დიდი ხანია კარგად იციან, მაგრამ ვიდრე ივანიშვილთან თვითონ არ გაუჩნდათ პრობლემები, ეს არ გაუპროტესტებიათ. ივანიშვილს მართლა რომ ნდომოდა ხელისუფლებიდან წასვლა, თავს არ მოიკლავდა იმისთვის, რომ ის კაცი გაეპრეზიდენტებინა, ვინც სურდა. მას უნდოდა ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტი ყოფილიყო მის კონტროლს დაქვემდებარებული, ამიტომაც აღარ მოეწონა, როდესაც მარგველაშვილს ეყო გამბედაობა თუ თავხედობა, რომ რაღაც თავისი ჭკუითაც გადაეწყვიტა.

ასევე, ხელისუფლების სინდისზეა, რომ უკრაინაში იმ ხალხს ნიშნავენ თანამდებობებზე, ვინც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წევრი იყო.

- აფხაზეთის შემდეგ უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი თიბილოვი აცხადებს, რომ მალე რუსეთთან ახალ შეთანხმებას გააფორმებენ, მეტიც, მისი ინიციატივაა, რომ ცხინვალის რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს...

- თიბილოვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ცხადი იყო, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა. ორი წელი გავიდა და არანაირი პირდაპირი დიალოგი არც ცხინვალის რეგიონის და არც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან არ დაწყებულა. სამაგიეროდ, მოვისმინეთ პრემიერის გაუგებარი შეთავაზება ავტონომიების თაობაზე. შედეგად, ყოველდღიურად მცირდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შანსი.

- ხელისუფლება აშკარად ცდილობდა და ცდილობს, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეს, რუსეთი კი ანექსიას აგრძელებს...

- ხელისუფლებამ სადაც სცადა რაიმეს გაკეთება, იქ გამოუვიდა კიდეც - ავიარეისები აღდგა, ეკონომიკური ურთიერთობები განახლდა... რატომ გგონიათ, რომ რუსეთი ჩვენთან ვალშია და რადგან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინს დედას არ აგინებენ, ამით გახარებულმა პუტინმა აფხაზეთი და ოსეთი უნდა გვაჩუქოს?

- პუტინი ვერაფერს გვაჩუქებს, ეს ჩვენი ტერიტორიებია, რომელიც რუსეთმა წაგვართვა.

- კი არ წაგვართვა, ეს ჩვენი დიდი შეცდომების წყალობით წაიღო. ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების მიხედვით იქცევა. გვეცადა მაინც პოლიტიკური დიალოგის დაწყება, მით უფრო, რომ მარგველაშვილის არჩევისთანავე პუტინმა განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკებას შესაძლებლად მიიჩნევდა. ამან კიდევ უპასუხა, დასავლელ პარტნიორებს უნდა დავეკითხოო...

ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ლაპარაკს ვერ ბედავს. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში დამკვიდრდა ტრადიცია, თუ ანტირუსი ხარ და დასავლეთის დროშას აფრიალებ, ხელისუფლების მეტი დროით შენარჩუნების შანსი გეძლევა.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, აქვთ რაღაც ვალდებულებები დასავლეთთან და შესაძლოა, ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ პირს არ სურს თავის საბანკო ანგარიშებსა და კიდევ სხვა რამეებსაც საფრთხე შეუქმნას.

- დასავლური კურსი და ნატოში ინტეგრაციის იდეა თქვენი ხელისუფლების დროსაც ძალიან აქტუალური იყო, მაშინაც ამ ვალდებულებების გამო გქონდათ ეს კურსი აღებული?

- შესაძლოა, ნაწილობრივ სააკაშვილს ჰქონდა ეს ვალდებულებები. გარდა ამისა, მაშინ რეალურად იყო შანსი, რომ საქართველო მართლაც გამხდარიყო ნატოს წევრი.

- 2008 წლის ომი განა რუსეთმა ამის საწინააღმდეგოდ არ დაგეგმა?

- საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ნატოში გაწევრების შანსი ნამდვილად აღარ ჰქონდა. იმ წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტზე მაპ-იც არ მოგვცეს. 2008 წლის ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის თავქარიანობა. რუსეთს ძალიან უნდოდა თავისი ბაზების საქართველოში დაბრუნება და ამის შანსი სააკაშვილმა მისცა.

მაინც როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ნატოში შესვლა, ახალგორში - რუსული და ვაზიანში ნატოს ჯარები უნდა იდგნენ?

ღმერთმა დაიფაროს და, ეს ორი ქვეყანა დაეტაკოს ერთმანეთს, საქართველოსგან ხომ არაფერი დარჩება.

- ამას წინათ ხელისუფლებას ურჩიეთ, რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს მაგისტრალური გაზსადენის საქართველოზე გავლის თაობაზე.

- დღეს სამხრეთის ნაკადის გაზსადენის მშენებლობა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ამ ახალი გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გავლა კი რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია, რადგან გაზსადენის გაყვანა ხმელეთზე გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე წყალქვეშ. ჩვენთვის კი ეს იქნება დამატებითი შემოსავალი, გარდა ამისა, რუსეთსა და აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის დიდი შესაძლებლობაც გაჩნდება, რადგანაც გაზსადენმა აფხაზეთშიც უნდა გაიაროს. მიმაჩნია, რომ ამ გაზსადენით საქართველოს ისტორიული შანსი მიეცემა.

- ამ საკითხზე რუსეთში რას ფიქრობენ, გქონდათ მათთან კონსულტაციები?

- კონსულტაციები არ მქონია. ერთადერთი, რაც დავინახე, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა ეს იდეა აიტაცეს. საინტერესოა, რომ ამ იდეის გახმაურებიდან ორიოდ დღეში ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებას შესაძლებლად მიიჩნევენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინცდამაინც ჩემს განცხადებას უკავშირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ბიძგი მისცა.

ნათია დოლიძე