სად არის გილაურის თავმოყვარეობა? - კვირის პალიტრა

სად არის გილაურის თავმოყვარეობა?

წინა კვირას პანღური ვიხილეთ საკვირველი. გინახავთ, როგორ ურტყამენ პანღურს მინისტრის მოადგილეს? მე არ მინახავს. აქამდე  საქართველოში მინისტრის მოადგილე დიდ კაცად ითვლებოდა. მინისტრის მოადგილედ დაინიშნაო, ვინმეზე რომ იტყოდნენ, მისი ნათესავები და მეზობლებიც კი ერთი თვე მაინც გაბღენძილები დადიოდნენ. არადა, სულაც არ ყოფილა მინისტრის მოადგილეობა დიდი თანამდებობა.

შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელს შეუძლია დაგაყენოს შუა ქუჩაში და გემრიელად ამოგცხოს... პანღური და მორჩა, სკამიდან ამოგდებული ხარ. არა, ორი აზრი არ არსებობს, თუ კაცი ნარკოტიკების მომხმარებელია, მან თანამდებობა უნდა დატოვოს. აქამდე, როდესაც ვინმე იტყოდა, თანამდებობიდან გააპანღურესო, მეგონა, ამას გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა. თურმე, შეიძლება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თანამდებობიდან გაგაპანღურონ.

ახლა აღარ მოვყვები ამ საქმის სამართლებრივ მხარეზე ლაპარაკს, იმას, რომ პანღურს, როგორც ნარკოტიკების მოხმარებისთვის დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს. აღარც იმაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ ასეთი გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილმა კანონი დაარღვია და სულ ცოტა, თანმდებობიდან გადაყენებას იმსახურებს. ამაზე ბევრი ითქვა წინა კვირას. მე სხვა მომენტზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო:

გილაურის თავმოყვარეობაზე. საქმის არსი, ალბათ, გახსოვთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია "კავკასია" რეგიონებში არ აჩვენებს, ამბავს მოკლედ მოვყვები. "კავკასიაზე", გადაცემა "კვირის რეპორტაჟში", გავიდა სიუჟეტი, საიდანაც ირკვევა, რომ მაშინ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურის მოადგილე ნარკოტიკების მოხმარებაზე დაიჭირეს. ეს ბიჭი გილაურის ბავშვობის მეგობარი ყოფილა. ჰოდა, გილაურმაც დაურეკა ვანო მერაბიშვილს და მისი გათავისუფლება სთხოვა. მერაბიშვილმა კი თავის თანამშრომლებს უბრძანა, ერთი-ორი პანღური ამოარტყით და გაუშვითო და სოდ-ის თანამშრომლებმა მინისტრის ბრძანება სიტყვასიტყვით შეასრულეს. გილაურის მოადგილე და ბავშვობის მეგობარი მანქანიდან გადმოიყვანეს და პანღური პირდაპირ ქუჩაში ამოსცხეს. ეს ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მობილური ტელეფონით გადაიღო და მასალა ინტერნეტშიც მოხვდა.

ამ საქმის სამართლებრივი მხარე ნათელია, ისიც გასაგებია, რომ მერაბიშვილსა და გილაურს, რომლებმაც ასეთი ქმედებით კანონი დაარღვიეს, პასუხს არავინ მოსთხოვს, მაგრამ მაინტერესებს, სად არის დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თავმოყვარეობა? როდესაც მინისტრი ხარ და შენს კოლეგას ბავშვობის მეგობრის გათავისუფლებას სთხოვ, ის შენი კოლეგა კიდევ თავის თანამშრომლებს ეუბნება, გაუშვით, მაგრამ პანღური ამოარტყითო, ნიშნავს თუ არა იმას, რომ შენმა კოლეგამ ამ გადაწყვეტილებით შენც ამოგარტყა პანღური? ვფიქრობ, ნიშნავს. პირადად მე გილაურის ადგილზე თუნდაც ამის გამო თანამდებობას დავტოვებდი.

"ნურაფრის გეშინია"

პოლიციას, რომელიც ასე ოსტატურად ურტყამს პანღურებს, ჰიმნიც ხომ სჭირდება? რა თქმა უნდა, სჭირდება. ჰოდა, წინა კვირას ეს ჰიმნიც მოვისმინეთ. ალბათ, მალე კლიპსაც გადაიღებენ და ყველას ყურებს გამოგვიჭედავენ ამ სიმღერით. მუსიკა გადასარევია. აღებულია კინოფილმიდან "პირველი მერცხალი". აი, ტექსტი კი მართლაც იმსახურებს ყურადღებას.  მაგალითად, იქ არის ასეთი ფრაზა: "ნურაფრის გეშინია, ზარი შემოსულია, შენს დასახმარებლად ჯგუფი გამოსულია"; ან კიდევ: ""ჩვენი ძალა გამჭვირვალე ჩვენს შენობაშია"". ის მაინც დაეწერათ, ჩვენი ძალა ჩვენს გამჭვირვალობაშიაო. არა, გამჭვირვალე შენობაშიაო(?!).

როგორც ჩანს, იმდენადაც ვერ გათავხედდნენ, რომ გამჭვირვალობა დაებრალებინათ, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმან დამწყვიტა, რომ ამ ჰიმნში პანღურის ოსტატურად ამორტყმა ვერ აისახა. არადა, შეიძლებოდა ჰიმნის ტექსტი, ასე დასრულებულიყო: "პროფესია გვავალებს, დავეხმაროთ ტანჯულს, მაგრამ თუ მინისტრი გვეტყვის, ამოგარტყამთ პანღურს".

უცნაური ტენდენცია

ბოლო დროს, უცნაური ტენდენცია შევნიშნე - რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქვეყანაში პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვმა იმატა.

რუსეთთან ომამდე საქართველოში იგორ გიორგაძის გარდა, პოლიტიკოსს ვერ იპოვიდით, ვინც პრორუსულ პოლიტიკას აშკარად გაატარებდა. ეს იმიტომ, რომ ასეთი მიმართულება ხალხში უკიდურესად არაპოპულარული იყო.

პოლიტიკოსებიც, მოგეხსენებათ, ხალხის განწყობაზე თამაშობენ და მას უწყობენ ფეხს. ჰოდა, მაშინ ხალხში პრორუსული პოლიტიკის მოთხოვნილება არ იყო და ასეთი პოლიტიკოსიც უკიდურესად ცოტა ამიტომ გვყავდა. 2008 წლის აგვისტოდან წელიწად-ნახევრის თავზე კი ქვეყანაში პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, რადგან ამომრჩევლის განსაზღვრული სეგმენტი ამ პოლიტიკას თანაუგრძნობს და ისინიც ჩქარობენ, ეს ნიშა დაიკავონ.

ასე რომ, საზოგადოებაში გაიზარდა პრორუსულად განწყობილთა რიცხვი. რატომ? ერთი შეხედვით თითქოსდა უფრო ლოგიკური იქნებოდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბომბები დაგვიშინა, ჯარით შემოიჭრა და ლამის თბილისამდე მოვიდა, ქართველებში რუსეთის მიმართ აგრესია კიდევ უფრო გაზრდილიყო.

ომის შემდეგ მართლა მეგონა, ქართველები რუსულადაც კი აღარ დაილაპარაკებდნენ, არათუ რუსეთისკენ გაიხედავდნენ, მაგრამ მწარედ შევცდი! ჩვენს ქვეყანაში პირიქით მოხდა. რა მოხდა? რატომ მიდის ქართველი საზოგადოება ლოგიკის წინააღმდეგ? მე პასუხის ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

პირველი ანდაზაში იმალება: დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო. ეს ანდაზა ხომ ქართველების შექმნილია. და მეორე: ომის დროს ქართველი მოსახლეობა დასავლეთით განიხიბლა. ქართველებმა დაინახეს, რომ დასავლეთს რუსეთის აგრესიისგან მათი დაცვა არ შეუძლია.

მაპ-ის მოცემაზე უარის თქმის შემდეგ, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ დასავლეთს საქართველო არაფერში სჭირდება და ჩვენი ერთადერთი პატრონი ისევ რუსეთია; რომ თუ გვინდა, გადავრჩეთ,  ისევ რუსეთს უნდა ჩავბარდეთ ან, უკეთეს შემთხვევაში, არ გავაღიზიანოთ მაინც.

მაგრამ ამავე დროს მიჩნდება კითხვა, რა საჭირო იყო საერთოდ ეროვნული მოძრაობა? რა საჭირო იყო 9 აპრილს დაღვრილი სისხლი, რა საჭირო იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის? ერთხელ, როდესაც ტელეკომპანია "იმედიდან" ერაყში ვიყავი მივლინებით, ამერიკულ სამხედრო ბაზაში ერთმა კორეელმა ჯარისკაცმა, როდესაც ავუხსენი, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, მკითხა, მერე როგორია დამოუკიდებლობა, მოგწონთ თუ არაო. ამ კითხვამ გამაკვირვა.

არა, კი არ გამაკვირვა, ძალიან გამაბრაზა. მივხვდი, კორეელს ეგონა, თითქოს ჩვენ დამოუკიდებლობა შემთხვევით მოვიპოვეთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ციდან  თავისით ჩამოგვივარდა, დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენც გავხდით დამოუკიდებელი. ამიტომ აინტერესებდა, ეს საჩუქარი მოგვწონდა თუ არა. მაგრამ ჩემი ინგლისური ყველაფრის ახსნას ვერ გასწვდა და ჩემს თავზე გავბრაზდი, რომ ჭკუა ვერ ვასწავლე. შემდეგ ჩემს კოლეგებს მოვუყევი ეს ამბავი და ისინიც განაწყენდნენ კორეელზე. ახლა კი ვფიქრობ, მისი კითხვა შეიძლება ლეგიტიმურიც იყო. მოგვწონს კი ქართველებს დამოუკიდებლობა?