"გივიმ მითხრა, საქართველოში აღარ ჩამესვლებაო..." - კვირის პალიტრა

"გივიმ მითხრა, საქართველოში აღარ ჩამესვლებაო..."

"მოგებული დარჩებოდა ის, რომელიც უფრო ადრე გამოაქვეყნებდა ჩანაწერს"

"ოქრუაშვილი ხომ არ იტყვის, კი ბატონო, ფულს ვაკეთებდი და მიშას და გივის ვუნაწილებდიო?"

"საქართველოში რაც კი არმატურა შემოდიოდა უკრაინიდან, ყველა "ჩერეზ" გივი მოდიოდა"

საქართველოდან გადახვეწილი ვალერი გელბახიანი "კვირის პალიტრასთან" სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ბატონი ვალერი უკრაინაში გივი თარგამაძესთან შეხვედრებს იხსენებს და ამ უკანასკნელის ანტისახელისუფლებო განწყობილებაზე ლაპარაკობს:

- მე და გივი უკრაინაში შევხვდით ერთმანეთს და ვიქეიფეთ კიდეც. ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, მე კი მისი მხარდამჭერი ფრაქციის თავმჯდომარე ვიყავი პარლამენტში. მე და გივი შემთხვევით აღმოვჩნდით ერთად რესტორანში. გივი უკრაინელ მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ ქეიფობდა, ჩვენ კი მთავარ დარბაზში ვისხედით. უეცრად წვიმა წამოვიდა, გივი და მისი მეგობრები დარბაზში შემოვიდნენ, ცარიელი მაგიდა ვერ იპოვეს და ჩვენკენ გამოეშურნენ. ასე გავაერთიანეთ ჩვენი სუფრები.

- კი მაგრამ, იმხანად ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა არ გქონდათ?

- როგორ არა, მაგრამ ქართველები უცხო მიწაზე ერთმანეთს რომ ხვდებიან, იქ პოზიცია-ოპოზიცია აღარ არსებობს. ერთი სიტყვით, კარგი ქართული ქეიფი გავაჩაღეთ. უკრაინელებმაც ჩვენთან ერთად მოილხინეს. გივიც თანდათან "გაიხსნა". მოკლედ, მან ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო, აქეთ გამომაგდეს, საქართველოში პრობლემებს მიქმნიანო. ცხადია, გივის ხელისუფლების უმაღლესი პირები ჰყავდა მხედველობაში, მაგრამ რომელიმე პერსონის სახელი და გვარი არ დაუზუსტებია. აბა, რა გეგონა, ძმაო, ცხოვრება მწარეა-მეთქი, ვუთხარი ნახევრად ხუმრობით. ისეთ დავალებებს მაძლევენ, მათი შესრულება მაინცდამაინც გულზე არ მეხატება, მაგრამ თუ არ შევასრულე, საქართველოში ვეღარ დავბრუნდებიო. მეტი აღარაფერი დაუზუსტებია. ვფიქრობ, გივის მაშინ იმ ბიზნესების მიხედვას ავალებდნენ, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს პირებს ჰქონდათ და დღესაც აქვთ უკრაინაში.

- თქვენ რა იცით ამ ბიზნესებზე?

- მეც მყავს ჩემი წრე ამ ქვეყანაში. ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს უკრაინის მეტალურგიულ ქარხანაში დიდი წილები აქვთ. საქართველოში რაც კი არმატურა შემოდიოდა უკრაინიდან, ყველა "ჩერეზ" გივი მოდიოდა. არმატურის ყიდვა-გაყიდვა კი, მოგეხსენებათ, მშენებლობებთან არის დაკავშირებული. გივის ძმას თბილისში აქვს საარქიტექტორო ბიურო, სადაც შენობის პროექტი თუ არ შეუკვეთე, ისე არ დაგიმტკიცებს მერია, ლიცენზიას არ მოგცემს მშენებლობაზე.

- ვიქტორ იანუკოვიჩი თუ გაპრეზიდენტდება, რაღა ეშველება მათ ბიზნესს?

- სხვაგან გადაიტანენ, გასაყიდს გაყიდიან, წასაღებს წაიღებენ.

- უკრაინაში თარგამაძეს მხოლოდ ერთხელ შეხვდით?

- არა, რამდენჯერმე.

- არ მითხრათ, რომ ყოველთვის შემთხვევით ხვდებოდით...

- მაშინ მერაბიშვილთან ოქრუაშვილის გამო დაძაბული ჰქონდა ურთიერთობა, მერე კი გაოპოზიციონერებულ თავდაცვის მინისტრს გაემიჯნა და თავიც გადაირჩინა. ერთხანს გივის დასაჭერედაც კი ჰქონდა საქმე. იგი იყო და დღემდე არის სამხედრო უწყების ფინანსური მენეჯერი. თავდაცვაში რაც ფული "იხსნება", წილში თარგამაძეც გადის.

- რას გულისხმობთ?

- თავდაცვის სამინისტრო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაციასა და შესყიდვებში მილიარდობით ხარჯს აჩვენებს, რეალურად კი შეძენილის ღირებულება დოკუმენტებში დაფიქსირებულ თანხას ასჯერ ან მეტჯერ ჩამოუვარდება. ვიცი, რომ დახურულია ის ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც შესყიდვები განხორციელდა განსაზღვრული დროის განმავლობაში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსაც და ნდობის ჯგუფსაც ამ თანხების განკარგვის მიზნობრიობის გაკონტროლება ევალებოდა, მაგრამ გივი დუმდა. ოქრუაშვილის მინისტრობის დროს ხომ აღმოაჩინეს ფინანსური დარღვევები თავდაცვის სამინისტროში? მგონი, 202 მილიონს ედავებოდნენ, მაგრამ შემდეგ ეს საქმე მიფუჩეჩდა, რადგან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გვარები ამოტივტივდა. ახლა ოქრუაშვილი ხომ არ იტყვის, კი ბატონო, ფულს ვაკეთებდი და მიშას და გივის ვუნაწილებდიო?

- თქვენ როდის გაგიფუჭდათ ურთიერთობა გივი თარგამაძესთან?

- ახლო ურთიერთობა არც არასდროს მქონია, მაგრამ ისეთ ვერაგობას მაინც არ ველოდი - გამოვიდა ტელევიზიით და მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში მეც დამდო ბრალი, ჩემი გვარი ებრალიძესთან ერთად მოიხსენია საკმაოდ ცუდად. არადა, ეს უკანასკნელი თვალითაც არ მყავდა ნანახი (ებრალიძეს პირადად დღესაც არ ვიცნობ). მაშინ ვერ ამოვხსენი, რისთვის დასჭირდა გივის ჩემი ხსენება. მერე ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, რა გიკვირს, ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსად გივის რეკომენდაციით არის დანიშნული, შენი გვარის ხსენებით კი მას იცავსო. საქმე ის არის, რომ იმხანად კოდუას ჩაჩოჩებაზე იყო ლაპარაკი, იმავე პერიოდში მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პირი ჩემზეც ელაპარაკა. პრეზიდენტს უთქვამს, ვიღაცები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, მაგალითად, ვალერი გელბახიანი, რაღაცები კი შეეშალა, მაგრამ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი არა ვარო. ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მომაწოდა. სწორედ ამის შემდეგ მომიხსენია თარგამაძემ ამბოხების ორგანიზატორად, ე.ი. ამით კოდუა დაიცვა. ასე რომ, უმიზეზოდ არაფერი ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბოხების ორგანიზატორად მე კი არა, იგორ გიორგაძეს გამოაცხადებდნენ.

- იგორ გიორგაძის მოღალატეობა ძველი ამბავია, თქვენი კი...

- ნუ გადამრევთ, მართლა გჯერათ ჩემი ამბოხების? რომელი ბოევიკი მე ვარ? მაგის თავი რომ მქონოდა, განა ვინმეს დავაცდიდი, მანდ არ ვიყავი? ფულის რესურსიც იყო და ყველაფერი, მაგრამ არა ვარ მე ის კაცი და რა ვქნა?!

- ე.ი. თქვენ მაინც გაქვთ მცირე შანსი, ხელისუფლებასთან პრობლემა მოაგვაროთ და საქართველოში დაბრუნდეთ?

- მე კოდუასთან პირადი ანგარიშსწორების სურვილი კი არ მამოძრავებდა, მას თავისი საქმე და ინტერესები ჰქონდა, მე - ჩემი. რომელი დავუშვებდით შეცდომას და რომელი არა, ეგ პოლიტიკურ პროცესზე იყო დამოკიდებული. მოგებული დარჩებოდა ის, რომელიც უფრო ადრე გამოაქვეყნებდა ჩანაწერს. თქვენ რა გგონიათ, ბადრი პატარკაციშვილი კოდუას 100 მილიონს რომ შეჰპირდა, მართლა მიმცემი იყო? ამდენ ფულს ის არჩევნებისთვისაც არ დახარჯავდა, კოდუას ანკესზე წამოსაგებად და ჩანაწერის გამოსაქვეყნებლად სჭირდებოდა ეს საუბარი. ჩემი და კოდუას ლაპარაკის ჩანაწერი რაც იყო, ვერც სკანდალურობითა და ვერც სამართლებრივი თვალსაზრისით ახლოსაც ვერ მივა იმ ჩანაწერთან, რაც ახლა თარგამაძეს უკრაინულ საიტებზე დაუდეს... ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევასა და არეულობის მოწყობაში ამხილეს. მე კი დღეს ხელისუფლებასთან პრობლემების მოგვარება ნაკლებად მჭირდება. ერთი სიტყვით, ჩემთვის ახლა მოთმინება საუკეთესო გამოსავალია.