"ქვეყანაში რაღაც სხვა ხდება და ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში რაღაც სხვა ხდება და ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ"

სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ სცადა ოპოზიციის კონსოლიდირება. მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებისა, მიუღებელია ხალხის უმანდატო ოპოზიციის უდროო დიალოგი რუსეთთანო. მიწვეულთა შორის ზურაბ ნოღაიდელი და ის ოპოზიციონერებიც იყვნენ, რომელთაც რუსეთთან დიალოგის სურვილი გამოთქვეს. რატომ მიიჩნევს რუსეთთან დიალოგს უდროოდ საგარეო საქმეთა ექსმინისტრი, რომელიც ყოველთვის ემხრობოდა რუსეთთან მოლაპარაკებას, ინტერვიუთი შეიტყობთ:

-  ოპოზიციონერებმა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან სალაპარაკოდ მიდიან, უნდა აგვიხსნან, რა მიზნით მიდიან. როდესაც არც მოსახლეობისგან და არც ოპოზიციისაგან არა გაქვს მანდატი, რაზე მიდიხარ სალაპარაკოდ, რის დათმობასა  და რის მიღებას აპირებ, უნდა თქვა. ოპოზიციონერი, რომელსაც მთელი ოპოზიციის მანდატი არა აქვს, არაფერს წარმოადგენს და უფლება არა აქვს, ოპოზიციის სახელით ილაპარაკოს.  მეტსაც გეტყვით, ოპოზიციის სახელით ვინმეს წასვლა რუსეთში არ არის მართებული. პუტინს  შეუძლია ამით  მსოფლიოს დაანახოს, საქართველოში არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მოლაპარაკებისთვისო. შესაძლოა, ამის გაკეთება არც უნდოდა ნოღაიდელს, მაგრამ მოსკოვში მისი ჩასვლის შედეგი ასეთია. იმ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, არ შეასრულა პირობები, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი, აღიარა ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა და არ ცნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ყოველგვარი პირობის გარეშე როგორ უნდა ველაპარაკოთ?!

- შეიძლება ნოღაიდელმაც მიიღო ამ შეხვედრით სარგებელი?

- შეიძლება ის მიიღო, რომ ტელეეთერში ხშირად ახსენებენ როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის პირს. ხშირად აჩვენებენ პუტინთან მისი შეხვედრის კადრებს, რაც რეგიონებში დიდ ზეგავლენას ახდენს მოსახლეობაზე. მათთვის ნოღაიდელი იქცა ოპოზიციის იმ ლიდერად, რომელმაც მოსკოვში წასვლაც კი გაბედა. ასევე ხშირად აცხადებენ, რომ ცხინვალის ციხიდან ბავშვები მან გამოიყვანა და არც კი ახსენებენ თომას ჰამერბერგს, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა ცხინვალის მხარესთან. ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ ამ მეთოდებით ნოღაიდელისაგან პოლიტიკური ფიგურა, ოპოზიციის ლიდერი შეიქმნას, რათა უფრო თამამად  ილაპარაკოს  ოპოზიციისა და რუსეთის ურთიერთობაზე.

ხელისუფლება ხშირად ამბობს, 1921 წელს ევროპამ საქართველოს უღალატა, მიატოვაო,  რაც ისტორიის დამახინჯებაა. ევროპამ კი არ მიატოვა, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება ეთამაშებოდა ხან რუსეთს, ხან ევროპას და ევროპელებმა ვეღარ გაიგეს, რა ორიენტაცია გვქონდა. ახლაც იგივე ხდება. თუ ხვალ ევროპამ მხარი არ დაგვიჭირა, ამის მიზეზი ის იქნება, რომ ვერც ახლა გაუგია ჩვენი ორიენტაცია. მით უმეტეს, თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, ნატო არ გვჭირდებაო.

ხელისუფლების ქმედება და პროვოცირება, რომ მოსახლეობას საბჭოთა წყობილების მონატრება გაუღვიძოს, უკვე ცხადია. მემორიალის აფეთქების შემდეგ უცხოეთში გაჩნდა აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა საბჭოთა მემორიალის აფეთქება.  ასეთ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები რომ არ ჩატარდება, დასავლეთში იტყვიან, საქართველო ხომ მთლად ევროპა  არ არის, იქ ხომ ისევ საბჭოური განწყობაა, დემოკრატიაც არასოდეს ყოფილაო და არჩევნების გაყალბებასა და ხელისუფლების დანაშაულზე რეაქციაც ნაკლები იქნება.

- ნოღაიდელს მხარი დაუჭირეს კონსერვატორებმა და კობა დავითაშვილმა, ეს ხომ არ გახლეჩს ოპოზიციას?

- როდესაც განსხვავებული პოზიცია გაქვს, სწორედ ეს არის დემოკრატია. Aარ ვებრძვი ნოღაიდელს იმის გამო, რომ მისი არჩევანი რუსეთთან დაახლოებაა. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ დიპლომატიურად ეს მცდარი ნაბიჯი იყო. თანდათან გამოიკვეთება, ვინ არის პრორუსი, ჩემსავით პროევროპელი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრეა, მაგრამ უფრო მკაცრი პოზიცია აქვს, და ვინ - პროამერიკელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სააკაშვილი არჩევნების გზით  გავუშვათ ხელისუფლებიდან.   ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ გარემო უფრო დემოკრატიული გახდეს, ეს ჩვენ დაგვჭირდება ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც, რომელიც შეიძლება ხვალ დაინიშნოს. თუმც მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი არჩევნებიც, ფაქტობრივად, საპრეზიდენტოა. ეს იქნება პლებისციტი საკითხზე, გვინდა მიშა თუ არა.

საარჩევნო სიების დასაზუსტებლად ოპოზიციაც მიიწვიეს და მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. რაში  სჭირდება ხელისუფლებას სიების დასაზუსტებლად სალომე  ზურაბიშვილის პარტია? ამ საქმეს 6 წელია, ვერ მოაბეს თავი და 10 დღეში მოვასწრებთ? რა აზრი აქვს ამას, როდესაც ვიცი, რომ სამ ადგილას (იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში) დაზუსტებული სიები დევს, მაგრამ არ შეიძლება ბრძოლაზე უარის თქმა. წარმოადგინოს ხელისუფლებამ სია, რომელზეც პასუხისმგებლობას აიღებს და პირობას ვდებ, უფულოდ  გავაკეთებ მის მონიტორინგს, მაგრამ თუ სიაში 3 მილიონი ამომრჩეველი ვნახე (როდესაც 2 მილიონზე ნაკლებია), მაშინ ნახავენ სეირს. მიკვირს, რატომ არ უნდა ხელისუფლებას, ოპოზიციას ეჭვი არ გაუჩნდეს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. თუ სამართლიან არჩევნებში წავაგე, ქუჩაშიც ხომ ვეღარ გავალ?

- ზემოთ თქვით, არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც დაინიშნოსო.

- სააკაშვილის ადგილზე უგულავასთან ფრთხილად ვიქნებოდი. ის საარჩევნო კამპანიას ყველა რესურსის მობილიზებით ატარებს, ცდილობს, გავიდეს ხელისუფლების მხარდამჭერთა წრის მიღმაც. ამას ემსახურებოდა განცხადება "ნიუსვიკში". აქამდე უგულავას არ ულაპარაკია საგარეო საკითხებზე. ახლა კი აღარ სჯერდება მეურნე მერის როლს. როდესაც პატრიარქსა და ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობაა, უგულავა პატრიარქზეა მიწებებული. ბატონი მერი ცდილობს, ხელისუფლებისაგან განსხვავებულად წარმოადგინოს თავი.

ხალხს აჩვენებს, რომ არ არის თავისუფლების ინსტიტუტის ნაწილი და არც ჩვეულებრივი "ნაციონალი", რადგან ახლო ურთიერთობა აქვს პატრიარქთან. უგულავასია "რუსთავი 2", რომელიც ბოლო დროს საინტერესო აქცენტებს აკეთებს: "ვანოს შოუში" სააკაშვილს აშარჟებენ! ქვეყანაში, სადაც პიარზეა ყველაფერი აწყობილი და ყველაფერს აკონტროლებენ, "რუსთავი 2" გაბედულად აშარჟებს პრეზიდენტს! ამას რამდენიმე  ახსნა აქვს: ხელისუფლებაში პუტინი- მედვედევივით როლების გადანაწილება მიდის. ეს შეიძლება შეთანხმებით ან შეუთანხმებლადაც ხდება. შესაძლოა, მიშამ იფიქროს, რომ მისთვის მომგებიანი იქნება 2007 წლის ამბის ხელახალი გათამაშება, გადადგეს და ხალხისათვის შედარებით მისაღები საკუთარი კანდიდატი წამოაყენოს, თვითონ კი  პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინოს.

არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, მიშას საქმე წასულია, პოლიტიკური მომავალი აღარ აქვსო და დაწყებული ჰქონდეთ მისი მოშორების პროცესი. ამაში შეიძლება მისი ფიზიკური მოშორებაც ვიგულისხმოთ. რატომ აჩვენებენ ხშირად ძალიან ახლო პლანით ტელევიზიები  პრეზიდენტს, რომელსაც ან თვალები აქვს ამოშავებული, ან ძალიან ბევრი ტონალური კრემი აქვს წასმული? ვრცელდება ჭორიც, რომ ის ლამის მომაკვდავი მიიყვანეს თოდუას კლინიკაში. ეს ყველაფერი შეიძლება მიშას გარეშე ძალაუფლების შენარჩუნების პროცესიც იყოს. ამათგან რომელი ვარიანტია სწორი, არ ვიცი, მაგრამ ყველა სცენარში თავსდება უგულავას გაძლიერების საფუძველი. თუ ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციისთვის წაგებულია (ამას ჩემი კოლეგებიც ამბობენ ხშირად), რატომ ხარჯავს უგულავა ამდენ ფულს და თვითონაც რატომ იხარჯება ყოველდღიურად მიტინგებზე ხალხთან ყოფნით? ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში რაღაც სხვა ხდება და ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ.