"პროკურატურაში გახმაურებული საქმეების დაბლოკვაში ფულს იღებდნენ"
22-12-2014
"პროკურატურაში გახმაურებული საქმეების დაბლოკვაში ფულს იღებდნენ"
"ქურასბედიანმა პირდაპირ მითხრა, ეს საქმე პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილთან გვაქვს "გაიასნებულიო"

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურას ასობით ბიზნესმენმა მიმართა, რომლებიც აცხადებენ, რომ ბიზნესტერორის მსხვერპლი გახდნენ და ქონება ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თუ მათთან დაახლოებულმა პირებმა იძულებით დაათმობინეს. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენა ჭიანურდება. ზემოხსენებულ ბიზნესმენთა შორის არის ბესო ხარძიანიც, რომელიც კომპლექს "კუს ტბის" წილის დაბრუნებას სასამართლო გზით ცდილობს.


ბესო ხარძიანი:
- 2011 წლის 16 თებერვალს დამაკავეს გმირთა მოედანზე, ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება, პირშიც
ჩამაყარეს ნარკოტიკი და გლდანის ციხეში გამამწესეს. ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ, ჩემს ოჯახს წილის დათმობა აიძულეს (მინდობილობა ოჯახის წევრებზე მქონდა გაფორმებული). წინა ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩემს დას 5-6-ჯერ შეხვდა, ჩემს ძმას კი სცემა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ციხეში ჩემზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
მოკლედ, იძულებით დამათმობინეს კომპლექს "კუს ტბის" აქციები. რა თქმა უნდა, მომატყუეს, არ გამათავისუფლეს და 2 წელი გავატარე პატიმრობაში. რომ არა ახალი ხელისუფლება, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შევეწირე და დღეს "კუს ტბის" აქციების 43% ბადრი ქურასბედიანისა და გია უდესიანის ხელშია. ეს ადამიანები ამოეფარნენ კომპანიას ოფშორში, რომელიც "უოლმილ სერვისის" სახელით არის დარეგისტრირებული. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, 5 მილიონი გადამახდევინეს, იმ პირობით, რომ "კუს ტბის" თაობაზე არ შემეხებოდნენ. ასევე, შემომთავაზეს პარლამენტარობა და მთხოვეს კენჭი მეყარა, რაზეც უარი ვუთხარი. ასევე, მთავაზობდნენ სხვისთვის წართმეულ ბიზნესებს, მაგ. "ჟინვალჰესი" უნდა წაერთმიათ ბიზნესმენ ჭიჭინაძისთვის და ჩემთვის გადმოეცათ, ამაზეც არ დავთანხმდი. მოკლედ, არ ვიყავი "მათიანი" და ამიტომაც დამსაჯეს. სხვათა შორის, "კუს ტბის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უდესიანის თანამზრახველი იყო მხედრიონელი ირაკლი შიხიაშვილი - საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვეტერანთა დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი. შიხიაშვილი ცდილობდა, "კუს ტბა" არაბებზე გაეყიდა, მაგრამ ვერ მოახერხა. 

საკრებულოს არჩევნების წინ შიხიაშვილი ცდილობდა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩაესვა. თუმცა, კახა კალაძემ დროზე მიიღო ზომები და ეს ამბავი დაბლოკა...

უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში პროცესი მოვიგე, საქმის განხილვა სააპელაციომ დაიწყო. სანამ უზენაეს სასამართლოშიც არ მოვიგებ პროცესს, გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ ასეც იქნება. მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: პროკურატურა ძალიან ნელი ტემპით - 2 წელია იძიებს ჩემს საქმეს. როგორც გავიგე, ჩემს საქმეს ბლოკავდნენ პროკურატურაში.

- ვინ ბლოკავდა თქვენს საქმეს?

- ვინ და, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. იგი თავის დროზე შეხვდა გია უდესიანს და ამის შემდეგ საქმე თაროზე შემოდო, გამოძიება შეაჩერა. ნაცვლიშვილი პროკურატურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ როგორც პროკურორი კი არა, როგორც ჩამწყობი, ისე იქცეოდა. მე მას ვეძებდი, მაგრამ მემალებოდა. როცა ქურასბედიანს შევხვდი, პირდაპირ მითხრა, ეს საქმე პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილთან  გვაქვს "გაიასნებულიო"...

რადგან ლაშა არ შემხვდა, მისი სიმამრი ვნახე და ვუთხარი, შენს სიძეს ხელს ადებენ იმაში, რომ ფული აიღო და ჩემი საქმე გადადო-მეთქი...

ჩემს წინააღმდეგ უდესიანის მოკავშირე იყო პროკურატურის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხატარაშვილი. ლაშა ნაცვლიშვილი, მინიმუმ, უნდა დაჰკითხოს პროკურატურამ და შესაძლოა, საქმე მის დაკავებამდეც მივიდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურაში ნაცვლიშვილი და შესაძლოა, ერთი-ორი ადამიანი, გახმაურებული საქმეების დაბლოკვაში ფულს იღებდნენ. ისე, დღესაც ვეძებ ლაშა ნაცვლიშვილს, არ ვიტყოდი უარს მასთან შეხვედრაზე, რათა პირადად მისგან მოვისმინო - რატომ გაჭიანურდა ჩემი საქმის გამოძიება. სად არის გაუჩინარებული, არ ვიცი... 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი: - ფინანსური პოლიცია, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა, ნაცვლიშვილისგან იღებდა სიტყვიერ თუ წერილობით მითითებებს. ასევე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ფარცხალაძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის გარკვეული საქმიანი ურთიერთობები არსებობდა. იყო თუ არა ეს დაკავშირებული შევიწროებული ბიზნესმენების ინტერესებთან, ამაზე ალბათ, პასუხი კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გასცენ...

ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაიძრა ბევრი საქმე, მათ შორის კეზერაშვილის, უგულავას, მერაბიშვილის საქმეები, რომლებიც  ხანგრძლივი დროის განმავლობაში შემოდებული იყო თაროზე
და პროკურატურა არ ჩქარობდა გამოძიების დაწყებას.

ჩვენ დავუკავშირდით მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
- ჯერ ერთი, გეტყვით, რომ მე საქართველოდან არსად წავსულვარ, მხოლოდ გასულ ახალ წელს გავემგზავრე შვილებთან შვეიცარიაში, სადაც ისინი ცხოვრობენ. მეორეც, არც ინტერვიუს ვიძლევი და არც კომენტარს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩემ მიმართ აგორებული ბრალდებები სისულელე და უსინდისობაა. კაცის სახედაკარგულ, ორღობის ჭორიკანად ქცეული ცილისმწამებლების უსინდისო ნაბოდვარზე კომენტარი საკუთარი ღირსების შემლახავ ქმედებად მიმაჩნია. რაღაცასთან  მაინც ხომ უნდა იყოს ახლოს ბრალდება, კომენტარის ღირსად რომ ჩავთვალო? ასევე, ვიტყვ, -  ქვეყნიდან ჩემს გაუჩინარებას ვერავინ ეღირსება!

ნანა ფიცხელაური
nia
29 მარტი 2015 15:03
ყველას ლანზგავტ რა მოგდიტ.. ლელა კაკულიასაც ლანცგავდიტ და აფერისტს უცოდებდიტ მაგრამ რაც იწინასწარმეტყველა ახდა- მოკლეს ბიზნესმენი.ახლა ბესოზე იბოგმებიტ. გმერტმა გაანატლოს.რატომ იმ ხალხზე არ დაიბოგმეტ გაცირვებული ხალხის ანაბრები ვინც შეწამა.ხმასაც არ იგებტ.
R
29 მარტი 2015 03:09
რა დეგრადირებულია ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ნაციონალების დანაშაულების შესახებ უკვე ბევრი რამ იცის და მაინც ნაციონალებს უჭერს მხარს! ან რა ბრიყვულია ისეთი აზროვნება, რასაც აქ ვიღაც "shtirlici" ავლენს. სამწუხაროდ, ესეც გავრცელებული ერთერთი სტერეოტიპია მახინჯი აზროვნების.
shtirlici
23 დეკემბერი 2014 10:29
ამ ხარძიანს საიდან ქონდა თავის დროზე კუს ტბა ჩაგდებული ხელში? რა კომუნისტებმა თავის მამას დაუტოვეს თუ, მაგის ბაღში იყო? კარგი უქნიათ თუ წაართვეს

რედაქტორის რჩევით