ვინ შემოსვა საქართველოს პრეზიდენტი ქანდარაზე?! - კვირის პალიტრა

ვინ შემოსვა საქართველოს პრეზიდენტი ქანდარაზე?!

რუსეთი შეეცდება, საქართველო, როგორც შუა რგოლი, რუსულ-თურქული ენერგეტიკული თამაშის მონაწილე გახადოს

გასული კვირა მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა: ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება; პრემიერ-მინისტრის მიერ პროკურატურის რეფორმის ინიცირება და პუტინის შეთავაზება რუსეთ-საქართველოს დიალოგის განახლების შესახებ.

სამართალდამცავი სტრუქტურების -  შსს-სა და პროკურატურის რეფორმირების იდეა ხელისუფლების მისასალმებელი ინიციატივაა, რაც მას რამდენიმე კურდღლის დაჭერის საშუალებას მისცემს: შემოიკრიბოს საზოგადოების აქტიური ნაწილი რეფორმირების პროცესში, საქართველოზე აშკარად აღრენილი დასავლეთის თვალში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება დაადასტუროს და ესოდენ აუცილებელი ქულები ჩაიწეროს წინასაარჩევნოდ. ამასთან, ხელისუფლება, რომელიც კრახს განიცდის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, იმედია, იმდენს მოახერხებს, რომ ეს პროცესიც საკუთარი თავის წინააღმდეგ მორიგი უკმაყოფილების ტალღის ასაგორებლად არ შემოაბრუნოს.

რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირებას, აღარაფერს ვამბობ მის მნიშვნელობაზე... ყურადღებას შევაჩერებ იმ დამცირებაზე, რომელიც ამ ღონისძიებაზე საქართველომ იწვნია: მთელმა პროცესმა არა მოქმედი და ასოცირების დოკუმენტზე ხელმომწერი ხელისუფლების, არამედ "სააკაშვილის ნიშნით" ჩაიარა. მან შეადგინა ამ მოვლენის დღის წესრიგი და ბოლომდე გაიტანა. ისმის კითხვა: მაშ, ვინ წარმოადგენს დღეს საქართველოს რეალურად საგარეო ურთიერთობებში: დღევანდელი ხელისუფლება თუ  სააკაშვილი? ვინ ადგენს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგს?! შესთავაზეთ ბარემ სააკაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობა, ნახეთ, თუ არ დაგთანხმდეთ! ვინ შემოსვა საქართველოს პრეზიდენტი ქანდარაზე?! ეს არა მარტო მისი, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფა იყო. რატომ არ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ამ საზეიმო სხდომაზე სიტყვით?! მიუხედავად იმისა, ვინ დაგეგმა პრეზიდენტის ვიზიტი ევროპარლამენტში: მისმა ადმინისტრაციამ თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს იყო მოუმზადებელი, მეტიც, ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტი.

მარგველაშვილს ჰქონდა შანსი, სააკაშვილის ფონზე დასავლეთის წინაშე წარმდგარიყო საქართველოს ახალი გენერაციის ლიდერად და სამწუხაროა, რომ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

მას, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, უნდა ჰქონოდა ყოფილ მთავარსარდალთან მინიმუმ ერთი კითხვა: რატომ უბიძგებს ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი ქართველ ოფიცრებს დეზერტირობისკენ, როცა მათ საქართველოს მოქალაქეობის დატოვების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის ჯარებში სამსახურისკენ მოუწოდებს?! ეს კითხვა დღემდე დაუსმელია. აქ ჩნდება მთავარი საკითხი: საქართველოს ხელისუფლების საგარეო ფლანგზე ასეთი უსუსურობის ფონზე, როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა იმ გამოწვევებს, რომლებიც მის წინაშე დგას - დღეს უკრაინას ჰყავს ექსპერიმენტული ხელისუფლება, სადაც საკვანძო პოსტებზე არაუკრაინელები არიან დანიშნული. დასავლეთის ეს ექსპერიმენტი გასაგებიცაა, იმდენად, რამდენადაც სწორედ მისი დიდძალი ფინანსური და ინსტიტუციური დახმარებით უნდა შეძლოს უკრაინამ რუსეთთან ომის დამთავრება და ფეხზე დადგომა. უკრაინის ყველა წინამორბედი ხელისუფლება, პროდასავლური და პრორუსულიც, იმდენად იყო კორუფციაში ჩაძირული და ამიტომაც იმდენად ეწინააღმდეგებოდა სტრუქტურულ ძირეულ რეფორმებს, რომ მწარე გაკვეთილნაგემი დასავლეთი უკრაინელებით დაკომპლექტებულ ხელისუფლებას ვერც ფინანსებს და ვერც რეფორმებს ვეღარ ანდობს. ღმერთმა უშველოს უკრაინელ ხალხს შიდასახელმწიფოებრივი აღმავლობის ამ ურთულეს გზაზე. ჩვენთვის ნიშანდობლივი ამ პროცესში ის არის, რომ ამ ექსპერიმენტის როგორც იდეური, ასევე პრაქტიკული გამწევი ძალა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება - "ნაციონალური მოძრაობაა". ეს ნიშნავს მინიმუმ იმას, რომ დასავლეთის ლიდერების ის ჯგუფი, რომელიც უკრაინის დღევანდელი გარდამავალი ხელისუფლების ავტორი თუ მხარდამჭერია, "ნაციონალების" მმართველობას საქართველოში უკიდურესად წარმატებულად აღიარებს, რომ მან დაამარცხა კორუფცია, შექმნა გამართული ინსტიტუციები... მართალია, ამ პროცესში ხელყო კერძო საკუთრების ცნება, თავისუფალი მედია, ატერორებდა მოსახლეობას, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი შედეგია და არა პროცესი. და განა გასაკვირი იქნება, რომ ვინმეს კვლავ გაუჩნდეს ამჯერად უკვე უკრაინული ექსპერიმენტის საქართველოში გადმოტანის სურვილი. მით უფრო, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც თვითონ არის იმდენად ექსპერიმენტული, რომ მეტი აღარ შეიძლება, დიდად მისაღები ვერ გახდა იმავე დასავლეთისთვის. ეს კი სერიოზული სამოქალაქო ძვრებისა და ესკალაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამ ფონზე პუტინის უჩვეულოდ შერბილებული ტონი და დიალოგისთვის მზაობა არანაკლები გამოწვევაა ახალშობილ ხბოსავით წელმოუმაგრებელი ხელისუფლებისთვის. მინიმუმ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბოლო დროს რუსებისა და მათი მარიონეტული აფხაზური და სამხრეთოსური რეჟიმების მიერ დაანონსებული ახალი ბომბები: ენგურჰესსა და თრუსოს ხეობაზე პრეტენზიები და რუსეთის მხარდასაჭერად კახეთში გამართული აქციები დროებით მაინც გადავადდება. რაში სჭირდება პუტინს საქართველოსთან აგრესიული რიტორიკის შენელება და დიალოგის რეჟიმი? დღევანდელი ექსტრაორდინარული ვითარება არა მარტო რუსეთს აიძულებს, გადადგას მისთვის უჩვეულო ნაბიჯები და ამის დასტური აშშ-კუბას შორის ურთიერთობების აღდგენაა. თითქოსდა დასავლური სანქციების შედეგად რუსეთში განვითარებული ღრმა ფინანსური კრიზისის ფონზე, რუსეთს ახალი კონფლიქტი საქართველოსთან არ უნდა აწყობდეს. მით უფრო, რუსეთი დღეს თურქეთთანაც ცდილობს საერთო ენის გამონახვას ერთობლივი დიდი ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. რუსეთი შეეცდება, საქართველო, როგორც შუა რგოლი, რუსულ-თურქული ენერგეტიკული თამაშის მონაწილე გახადოს.

ამასთან, რუსეთს ქვეყანაში სოციალური კრიზისის გამო საქართველოსთან საერთო ხედვის შემუშავება ჩრდილო კავკასიის საკითხზეც შეიძლება დასჭირდეს. მას ხელს აძლევს პროდასავლური კურსის მქონე საქართველოსთან ცივილიზებული ურთიერთობის იმიჯი. თუმცა, მას საქართველოსთან სვლები მაქსიმალურად შეზღუდული აქვს: რუსული ბაზარი, რომელიც აქამდე პანაცეად აღიქმებოდა, რუსეთის ფინანსური კრიზისის გამო, მიმზიდველობას ნაწილობრივ დაკარგავს; ხოლო, იმ ფონზე, როცა რუსეთს კარტები საკუთარი მოსახლეობის დასაშოშმინებლად ისედაც ელევა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის დარეგულირებაზე საუბარი მირაჟია. თანაც, დასავლეთის გარეშე რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება ახლა უკვე დასავლეთმა დაგვისვას ძვირად. მაგრამ შექმნილი ვითარება საქართველოს გამოწვევების გარდა, საინტერესო, თუმცა, რთულად რეალიზებად შანსებსაც სთავაზობს. ამიტომ უპრიანი იქნება, თუ ისევ დასავლეთთან გავააქტიურებთ საქართველოს თემას, რათა, ერთი მხრივ, რუსეთთან მიმდინარე დიდი ვაჭრობის პროცესში მინიმუმ უსაფრთხოების გარანტია მოვიპოვოთ, ხოლო მეორე მხრივ, თავად დასავლეთი მიხვდეს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და ჩვენთვის უკვე მირაჟად ქცეულ ევროატლანტიკურ სივრცეში მისი რეალური ინტეგრაციისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას.