სხდომა წესების გარეშე - "პარლამენტი კი არა, ტატამია, ტატამი!.." - კვირის პალიტრა

სხდომა წესების გარეშე - "პარლამენტი კი არა, ტატამია, ტატამი!.."

წლის ჩხუბი

ასეთი "მასშტაბური" ჩხუბი პარლამენტში ჯერ არ გამართულა

"ბობოხიძე იმის მაგივრად, რომ ბოდიშს იხდიდეს, პირდაპირ ეთერში დედას იგინება. პარლამენტის დარბაზში ვაჟკაცობა ადვილია"

დავით ლორთქიფანიძე: "როდესაც ქართველ კაცს დედას შეგაგინებენ, ძნელია თავის მოთოკვა. მე ჯერ კაცი ვარ და შემდეგ პარლამენტის წევრი"

საქართველოს პარლამენტი უკვე რინგს დაემსგავსა, სადაც მუშტი-კრივი და დედის გინება აღარავის უკვირს. ამის დასტურია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გასულ კვირას განვითარებული მოვლენებიც, როდესაც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა აკაკი ბობოხიძის მრავალსართულიანი გინება, ჰაერში მფრინავი ზვიად ზვიადაური და ჩხუბი პრინციპით - "ყველა ყველაზე". ასეთი "მასშტაბური" ჩხუბი პარლამენტში ჯერ არ გამართულა. სხვათა შორის, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა პარლამენტში ზვიადაური აქტიურობდა, რადგან, როგორც წესი, ის საკითხების განხილვებში არ მონაწილეობს და შეიძლება ითქვას, მხოლოდ დეპუტატის გრაფაში მოხსენიებით კმაყოფილდება.

ამ ცემა-ტყეპამდე ორიოდე დღით ადრე პარლამენტში კიდევ ერთი ჩხუბი იყო. მაშიIნ ერთმანეთს დეპუტატები -"ნაციონალი" ლევან ბეჟაშვილი და "ქართული ოცნების" წევრი დავით ლორთქიფანიძე დაუპირისპირდნენ.

უფრო ადრე, ლამის წლის ფრაზად იქცა სოსო ჯაჭვლიანის მიმართვა გია ბარამიძისადმი: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", რასაც ასევე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

დავით ლორთქიფანიძე: "აურზაური გამოიწვია აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც უმრავლესობის წევრებს პირდაპირ სხდომათა დარბაზში, ჩართულ მიკროფონში დედა გვაგინა. ბუნებრივია, როდესაც ქართველ კაცს დედას შეგაგინებენ, გექნება ადეკვატური რეაქცია. ძნელია ამ დროს თავის მოთოკვა. მე ჯერ კაცი ვარ და შემდეგ პარლამენტის წევრი და დედის გინებას არავის შევარჩენ. ზვიადაური თავშეკავებული კაცია, მაგრამ ისე გამწარდა, რომ გადმოხტა და ქორივით დააცხრა ბობოხიძეს".

აკაკი ბობოხიძე: "მე საქართველოს მოსახლეობას იქვე მოვუხადე ბოდიში, რადგან ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული ის არის, რომ ჩართულ მიკროფონებში შევიგინე, თავის შეკავება ვერ შევძელი. როცა სიტყვით გამოვდიოდი, "ქართული ოცნების" წევრმა შემაგინა, მეც გინებით ვუპასუხე და ყოველთვის ვუპასუხებ, ოღონდ ვეცდები, გამოვრთო მიკროფონი".

ფსიქოლოგების თქმით, ასეთი ქმედებით პოლიტიკოსები საზოგადოებას პირდაპირ თუ ირიბად ძალადობისკენ უბიძგებენ.

ნანა მამულაშვილი, ფსიქოლოგი: "ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტი კი არა, ტატამია. ძალისმიერი მეთოდები და ერთმანეთის აზრის სრული აუტანლობა ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ძალიან შორს არიან დიპლომატიისგან და შესაბამისად, პოლიტიკისგან. მიუღებელია, რომ დეპუტატები ამ გზით ცდილობენ ერთმანეთთან სიტუაციის გარკვევას.

ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებს არაფერი აქვთ სათქმელი და არ ძალუძთ ვერბალურად, ადამიანურ ენაზე გამოხატონ აზრი და არ გამოამჟღავნონ ის ინსტინქტები, რომელიც უფრო ცხოველისთვის არის დამახასიათებელი. მოვუწოდებ დეპუტატებს, ნუ დაემსგავსებიან ცხოველებს. მუშტი-კრივი ძალიან ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. ეს პირდაპირ თუ ირიბად ძალადობისკენ უბიძგებს ხალხს და მათივე რიტორიკული საუბრები იმის შესახებ, თუ რატომ არის ქვეყანაში ძალადობა, სრულიად უადგილოა. ამით პოლიტიკოსები პირდაპირ აჩვენებენ ხალხს, რომ ურთიერთობის ეს ფორმა მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია. მერე რატომ უკვირს ვინმეს, რომ თუნდაც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ძალადობის შემთხვევები გახშირდა".

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: "აკაკი ბობოხიძე იმის მაგივრად, რომ ბოდიშს იხდიდეს, პირდაპირ ეთერში დედას იგინება. პარლამენტის დარბაზში ვაჟკაცობა ადვილია, აბა, თუ მაგარია, შეხვდეს იმ გამწარებულ ხალხს, რომელთაც ბობოხიძესა და მის თანაგუნდელებთან პრეტენზიები აქვს.

პარლამენტში ბოლო დროს გახშირებული ინციდენტები გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტის, "ნაციონალური მოძრაობის", თვითაქტივაციის ერთადერთი ფორმაა. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონსტრუქციული ოპოზიცია, არ მუშაობს სახელმწიფოებრივ მიზნებზე, არ ჰყავს მხარდამჭერთა საზოგადოებრივი სივრცე, გარდა პარტიული აქტივისტებისა, მათი გამოსვლების მოტივაცია ლამის მთელი მსოფლიოსთვის არის უკვე გასაგები, ისინი ვერ ქმნიან ეფექტს ვერც ერთ დონეზე. საზოგადოებამ კარგად იცის მათი მავნებლობა, ამიტომ აქტივაციის ერთადერთი ფორმა მათგან დესტრუქციული ქმედებებია - სხვა რესურსები მათ პრაქტიკულად ამოწურული აქვთ და თავადაც კარგად იციან ეს. ამდენად, მსგავსი კონფლიქტები შეგვიძლია განვიხილოთ ხერხად, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი არასრულფასოვნების გადაფარვას ცდილობს".

"პარლამენტში მომხდარი ინციდენტი დაუსჯელი არ დარჩება", - ირწმუნება დავით უსუფაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე პირობას დებს, რომ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა ზომასა და სანქციას გამოიყენებენ.

"რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი, ნამდვილად არ იმსახურებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასეთ ინციდენტებს ხედავდეს. აქ ამისთვის არა ვართ. ამიტომ დღევანდელი ინციდენტი სრულფასოვნად გაირკვევა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჩხუბი პრეზიდენტისთვის

მსოფლიო პარლამენტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩხუბი რამდენიმე წლის წინ მექსიკის პარლამენტში, პრეზიდენტ ფელიპე კალდერონის ინაუგურაციამდე მოხდა. კალდერონის თანაგუნდელებმა არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს და მისი ტრიბუნიდან ჩამოგდება სცადეს. ამის გამო ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ დეპუტატთა დასაშოშმინებლად სპეცრაზმი გამოიძახეს. რამდენიმე დეპუტატი მძიმედ დაშავდა.

ბარიკადები პარლამენტში

2010 წელს სამხრეთ კორეის პარლამენტში ჩხუბი ადგილობრივი მდინარეების გასაწმენდად გამოყოფილი მილიარდობით დოლარის გათეთრების საკითხის განხილვისას გაიმართა. მასშტაბური ჩხუბის შედეგად დარბაზში გაჩნდა ბარიკადები, ჩაამსხვრიეს ფანჯრები...

ვახო ბერიძე