“ევროპა რუსეთი არაა, ვერც 37 ევროდ გაფრინდები და ვერც ერთი ბოთლი არყით შეაბამ "ნაშას" - კვირის პალიტრა

“ევროპა რუსეთი არაა, ვერც 37 ევროდ გაფრინდები და ვერც ერთი ბოთლი არყით შეაბამ "ნაშას"

ძიუდოს ახალი ილეთები

წლის ბოლოსაც არ დაგვწყვიტეს გული ჩვენმა პარლამენტარებმა და ისეთი იჩხუბეს, მაგის სანახავად ბილეთი რომ ყოფილიყო, ფულს არ დავინანებდი. რა არ ვნახეთ: გინება, მუშტი, წიხლი, მოქნეული მიკროფონი და გალახული კაკო ბობოხიძე და რაც მთავარია, ძიუდოს ახალი ილეთი: ჰაერიდან დაცემა მუცლით. ეს ილეთი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა გვიჩვენა. კაკო ბობოხიძესთან ქვევიდან რომ არ მიუშვეს, ზევიდან მოუარა, ალბათ, თავზე დახტომას აპირებდა, მაგრამ ფეხები გაუკავეს, ჰოდა, წავიდა მუცლით! ბობოხიძის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი! მოკლედ, აკაკი ბობოხიძემ მანამ არ მოისვენა, სანამ ზვიადაურს პარლამენტში ფუნქცია არ უპოვა! თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბატონი კაკო კარგად გადარჩა: მთელი უმრავლესობა შენს ცემას რომ ცდილობს, თავისი მოჭიდავეებიან-მკლავჭიდელებიანად და შენ მაინც ერთი "სინიაკის" გარეშე გამოძვრები, კარგად უნდა გაგიმართლოს! ამათმა შემყურე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: ამ ხელისუფლებას მარტო ქვეყნის მართვა კი არა, ჩხუბიც არ შესძლებიაო. არადა, ჩხუბი სულაც არ არის ხელისუფლების და საზოგადოდ, პოლიტიკოსების საქმე. მათი საქმე სხვა რამეა და ჯობია, ის აკეთონ!

მთელ ამ ამბავს ერთი დადებითი ახლდა - უცხოურ მედიაში მოვხვდით. მთავარია, არ დაგვივიწყონ! და კიდევ, თქვენც არ დაგავიწყდეთ, რომ პუტინიც პოლიტიკაში ძიუდოდან მოვიდა!

წლის ფიქრები...

წინ, ევროპისკენ!

ასული წლის მთავარი მოვლენა ნამდვილად არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ეს არის ერთი ნაბიჯი წინ, ევროპისკენ. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ წელს ამას მეორე ნაბიჯიც მოჰყვება - უვიზო მიმოსვლა და მერე ნახეთ თქვენ ქართველი კაცების "გულავი" ევროპელ ნაშებში და 37-ევროიანი ბილეთით ფრენა ბრიუსელებში, ამსტერდამებსა და პარიზებში! ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ევროპა რუსეთი არაა, ვერც 37 ევროდ გაფრინდები და ვერც ერთი ბოთლი არყით შეაბამ "ნაშას". ევროპა - ეს არის დემოკრატია, ევროპა - ეს არის წესრიგი, ეკონომიკური წინსვლა, ადამიანის უფლებების დაცვა, სისუფთავე ქუჩებში, მოხუცებისთვის უზრუნველი სიბერე და ა.შ. ევროპის მოწინააღმდეგეები ამის საპასუხოდ მეტყვიან: ერთსქესიანთა ქორწინებაცაა ევროპაო! სასაცილოა! ჯერ ერთი, ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ეს დაშვებული და მეორე - არც ერთი რეზოლუცია თუ დოკუმენტი ამას არც საქართველოს და არც სხვა ქვეყანას არ ავალდებულებს, არც არავინ მოგიწოდებს, თუ ამის დაშვება არ გინდა. მოკლედ, ევროპა თავისუფლებაა და თან შეზღუდვები წესრიგისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

ბოლოს და ბოლოს, ფსიქოლოგიურად იმოქმედებს ჩვენზე დადებითად, როცა გვეცოდინება, რომ ჩვენი პასპორტი ევროპაში ისევე ჭრის, როგორც, მაგალითად, ფრანგის, აღარ სჭირდება ქართველს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში მომქანცველი და ზოგჯერ დამამცირებელი პროცედურების გავლა, როცა რომელიღაც კონსულის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული, ჩაგირტყამს თუ არა ვიზას. აღარ დასჭირდებათ ჩვენს ქალებს ავტობუსის თუ მანქანის საბარგულში დამალვა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება იმისთვის, რომ საბერძნეთის თუ იტალიის საზღვარი გადალახონ. მართალია, უვიზოდ მხოლოდ სამი თვე შეგეძლება დარჩენა, მაგრამ როცა არალეგალურად მიდიოდნენ, მაშინ ერთი დღეც არ ჰქონდათ დარჩენის უფლება. ვიღაცებს იმის ეშინიათ, მთელი საქართველო გაიხვეტებაო. არსადაც არ გაიხვეტება. ყველას კი არ შეუძლია არალეგალურად ცხოვრება (ლეგალურად, როგორც უკვე ვთქვი, სამი თვე გექნება უფლება). მოგზაურობის წყალობით კი რაც მეტი ადამიანი ნახავს, რა არის წესრიგი და კანონის პატივისცემა, უფრო მეტს მოუნდება საქართველოშიც ასე იყოს. აქაც ასე მოიქცეს! 37 მანეთად არ ვიცი, მაგრამ 40-50 ევროდ, მაგალითად, ნაღდად შეგიძლია უკვე დღეს ქუთაისიდან ბუდაპეშტში გაფრენა. ალბათ, არც ისე შორია ის დღე, როდესაც სხვა ქალაქების მიმართულებებიც გაიაფდება და ევროპაში ისე ვივლით, როგორც ჩვენი მშობლები რუსეთში დადიოდნენ! ჰოდა, მერე იმედი მაქვს, აღარასოდეს გაგვახსენდება და მოგვენატრება რუსეთი, სადაც წესრიგს, კანონის პატივისცემასა და დემოკრატიას კიდევ დიდხანს ვერ ისწავლიან! ევროპა და ევროკავშირი, რა თქმა უნდა, არ არის სამოთხე, მაგრამ ყველაფერი შედარებითია!

გადამწყვეტი წელი

საქართველოსთვის ევროპულ გზაზე სვლა კი იყო წარმატებული, მაგრამ კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" ეს წელი მთლად უდანაკარგო ვერ გამოდგა. ჯერ მარგველაშვილი მოისაკლისეს, მერე - ალასანია. მარგველაშვილი თუ ერთი კაცია, ალასანიამ მთელი გუნდი გაიყოლა: სამი მინისტრი, ერთი მოადგილე და ერთი ფრაქცია პარლამენტში. კოალიცია ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ფორმალურად, რადგან რესპუბლიკელები ზოგჯერ ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ოპოზიციას შეშურდება! უბრალოდ, რესპუბლიკელებს ასეთი ტაქტიკა აქვთ არჩეული: კოალიციას მანამ არ დავტოვებთ, ვიდრე არ გაგვაგდებთ, თუმცა, იმას ვიტყვით, რაც მოგვინდებაო! ვნახოთ, "ოცნებას" მოთმინება სადამდე ეყოფა! არადა, საკრიტიკო ხელისუფლებას მართლაც ბევრი დაუგროვდა: აქეთ დანამატები და პრემიებიო (ვერ მოიშალეს), იქით საყდრისის აფეთქებაო, ლარის კურსის ვარდნა და პროდუქტების და წამლების გაძვირება, პენსიის მხოლოდ 10 ლარით გაზრდა, ისიც მომავალი წლის სექტემბრიდან!

ინგა გრიგოლიას ბოლო გადაცემის ინტერაქტივში ხელისუფლებისთვის სავალალო შედეგი დაფიქსირდა: კითხვაზე, ამ წლის განმავლობაში თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა როგორ შეიცვალა, პასუხი 47 580 მაყურებელმა გასცა. აქედან 36 852-მა თქვა, რომ უარესობისკენ, 7 497-მა, უკეთესობისკენო, ხოლო 3 231-მა, არ შეცვლილაო. არ დამითვლია, პროცენტებში ეს როგორ გამოვა, მაგრამ თავადაც ხვდებით, რომ უდიდესი უმრავლესობა ამბობს, უარესობისკენ შეიცვალა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობაო. ამიტომ დამდეგი წელი, ალბათ, "ოცნებისთვის" გადამწყვეტი იქნება! ან რაღაცას შეცვლის, ან ხალხი საბოლოოდ ზურგს შეაქცევს!