2015 წლის პოლიტიკური პროგნოზი - კვირის პალიტრა

2015 წლის პოლიტიკური პროგნოზი

ახალი წლის მოლოდინში, როცა ყველა განვლილ წელს აჯამებს, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რა გველოდება 2015-ში და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების ტაქტიკა.

ხელისუფლებამ წლის ბოლოს რამდენიმე საინტერესო ინიციატივა წამოაყენა, რომელთა განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული მისი და ქვეყნის წარმატებული მომავალი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია, ბოლო პრესკონფერენციაზე პრემიერის დაანონსებული ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც ხელისუფლებამ შეისწავლა ქვეყნის ყველა რაიონის პოტენციალი და იწყებს შეხვედრებს ბიზნესმენებთან, რათა ისინი დააინტერესოს, ჩადონ ფული საქართველოს რაიონების ბიზნესაღორძინებაში და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ყველაზე მტკივნეული თემა: როგორც პრემიერი დაგვპირდა, ხელისუფლება აპირებს, თებერვალში წარმოადგინოს "ნაციონალური მოძრაობის" დროს ქონებაწართმეულთა კომპენსაციის და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა; ამ მიზნით პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი. ხელისუფლების ეს ინიციატივა ძალიან გაბედული ნაბიჯია, რადგან ბევრ საფრთხეს შეიცავს, რამაც მას საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად, შეიძლება უკმაყოფილებაც არგუნოს და ამიტომაც მისასალმებელია, რომ ის მზად არის, ამ სირთულეებს შეეჭიდოს.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად სადავეების ხელისუფლების ხელში გადასვლა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ექსტრემისტულ ძალებს ამ მტკივნეული საკითხით მანიპულირების საფუძველს გამოაცლის. ამას ემატება პრემიერის წინა ინიციატივა აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოში მოწვევის თაობაზე და ხელისუფლების აქტიურობა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღწევად. თუ ხელისუფლების ყველა ინიციატივა ლოგიკურ შედეგამდე მივა, მისი წინასაარჩევნო ყულაბა იმდენად სოლიდური იქნება, რომ 2016 წლის არჩევნებზე ხელისუფლების შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ.

საკვირველი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელსაც ამდენი აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის, საქმიანობის მეორე წელს ისე ამთავრებს, საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციის სწორი ფორმა ვერ გამონახა და მათთან ურთიერთობისას აგრესიულ-ისტერიკული ტონი ვერ მოიშორა.

რადგან იმაზე ვსაუბრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ წარმატებისთვის, ისიც უნდა ვთქვათ, რა ცუდი ჩვევა უნდა მოიშოროს მან და რა შეცდომებისგან დაიზღვიოს თავი. ამიტომ არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ შევეხო პრემიერის ბოლო პრესკონფერენციას, რომელიც ასე კარგად დაიწყო და ასე ნერვიულად დაამთავრა, რადგან კარგა ხანს პასუხი ვერ გასცა იმ კითხვებს, რომლებიც წინასწარ უნდა სცოდნოდა, რომ აუცილებლად დაისმებოდა - კითხვებს რუსეთ-საქართველოს და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორი ფორმულირებით თუ ქვეტექსტით დაისვა კითხვები, მათზე პასუხი ძალზე მარტივი და სტანდარტული იყო. კერძოდ ის, რომ პუტინი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტი, რომელთან მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება მომიხდეს დაჯდომა, ისევე, როგორც მასთან ომში მყოფ უკრაინის პრეზიდენტს. რაც შეეხება უკრაინის დახმარების თემას, აქაც ყველაფერი ნათელია: საქართველო გვერდით უდგას უკრაინას პოლიტიკურად, მორალურად, უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას, ერთი სიტყვით, უცხადებს ყველანაირ თანადგომას, გარდა სამხედრო მხარდაჭერისა, იმიტომ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ნიშნავს რუსეთთან საომარ კონფრონტაციას, რაც არც საქართველოს სჭირდება და არც მის დასავლელ პარტნიორებს. და ხაზი უნდა გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმავეს ელის უკრაინის ხელისუფლებისგან. ამ საკითხებზე ერთი და იმავე კითხვის ხუთჯერ უპასუხოდ დატოვების შემდეგ პრემიერი ეცადა, დაახლოებით ანალოგიური რამ ეთქვა, მაგრამ მის ნათქვამს უკვე ფასი არ ჰქონდა. როგორც წინა წერილში მაინტერესებდა, ვინ არ მოუმზადა პრეზიდენტს ვიზიტი, ახლაც მაინტერესებს - ვინ არ მოამზადა პრემიერი პრესკონფერენციისთვის?!

ამ პრესკონფერენციის შემდეგ, სამწუხაროდ, დასკვნა ასეთია: საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ზეწოლას განიცდის, მაგრამ უცნობია, არის თუ არა მზად "ქართული ოცნება", გაუძლოს ამ ზეწოლას და ქვეყანა რუსული სივრცის ნაწილად ქცევისგან დაიცვას. საქართველოს რაიონებში ერთიმეორის მიყოლებით იხსნება რუსული სახლები, რომელთა მიზანი საქართველოს მოსახლეობის მოსყიდვა და აქტიური პროპაგანდის წარმოებაა, "ქართულ ოცნებას" კი არ აქვს ამ საფრთხესთან გამკლავებისა და მისი განეიტრალების სტრატეგია. მომავალ წელს რუსული საფრთხეების ჩამონათვალი ამით რომ არ შემოიფარგლება, ამას რუსეთის მიერ წლის ბოლოს დაანონსებული რამდენიმე „მოთხოვნაც“ მოწმობს: სეპარატისტთა„პრეტენზიები ენგურჰესზე და თრუსოს ხეობაში, კახეთში კომპაქტურად მცხოვრები ლეკების აქციები რუსეთის მხარდაჭერის მოთხოვნით და მათთვისვე რუსული პასპორტების დარიგება, რითიც კარგად ჩანს, სად შეიგულეს ახალი ცხელი წერტილი რუსულმა სპეცსამსახურებმა, ასევე - საქართველოზე გამავალი სტრატეგიული გაზსადენების გაკონტროლების დაუოკებელი სურვილი;

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებსა და დანაპირების შესრულებაში, არის ის, რომ მისი რიტორიკის და დღის წესრიგის დიდი ნაწილი კვლავ ტრიალებს„"ნაციონალური მოძრაობის" გარშემო.

ამიტომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, უპირველესად, საკუთარი შთამბეჭდავი დაპირებების შესრულებაზე კონცენტრირება, საკადრო პოლიტიკის პრინციპების შეცვლა და მორჩილების პრინციპით დანიშნულთა პროფესიონალებით შეცვლა. მეორე და აუცილებელი ნაბიჯი საზოგადოებასთან ურთიერთობის აგრესიულ-ისტერიკული ტონის კეთილგანწყობილი და პარტნიორული დამოკიდებულებით შეცვლაა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გაზარდოს საზოგადოების თანამონაწილეობა მისი პროექტების განხორციელებაში. მესამე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიმუშაოს რუსეთის მცოცავი, მათ შორის - საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ექსპანსიის შემაკავებელი სტრატეგია და ინსტრუმენტები. ასეთ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი მისი მხარდამჭერი გახდება და ხელისუფლებასაც არ გაუღრმავდება ცდუნება, დემოკრატიული მმართველობის სტილი ავტორიტარულით შეცვალოს.