პოლიტიკური ლიდერების ანატომია - ივანიშვილის შეგირდები გათვლას გრძელვადიან დისტანციაზე არ აკეთებენ - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ლიდერების ანატომია - ივანიშვილის შეგირდები გათვლას გრძელვადიან დისტანციაზე არ აკეთებენ

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი ახალი ფიგურა გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე - შეიძლებოდა პოლიტიკური ეპოქის შეცვლასთანაც კი გვქონოდა საქმე, რომ არა ერთი ბარიერი - მათ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერებად ჩამოყალიბებისა და საზოგადოების შემოკრების საშუალება არა აქვთ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ პოლიტიკურ სარბიელზე გზა გაუხსნა ყველას: ყოფილი კომუნისტურ-კომკავშირული ნომენკლატურიდან დაწყებული, ეროვნული მოძრაობიდან გამოსული ძალებითა და პროდასავლურ-ლიბერალური ახალგაზრდებით დამთავრებული. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე სწორედ შევარდნაძის შექმნილ-დანატოვარი პოლიტიკური ელიტა მართავდა ქვეყანას სხვადასხვა კონფიგურაციით. შევარდნაძის შემდეგ ელიტათქმნადობის მისია ივანიშვილმა აიღო თავის თავზე - რომ არა ის, უმაღლეს და მაღალ თანამდებობებზე ვერ ვიხილავდით: გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახი კალაძეს, დავით ნარმანიას, გია ალიბეგაშვილს და სხვათა. ოღონდ შევარდნაძისგან განსხვავებით, რომელმაც დამოუკიდებელი განვითარებისა და თვითშემოქმედების შეუზღუდავი შესაძლებლობები მისცა თავის ნაშიერებს და, პრინციპში, ამ თავის გადაწყვეტილებას შეეწირა კიდეც, ივანიშვილის შეგირდების დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით შეზღუდულია. შეიძლება სწორედ იმიტომაც, რომ ივანიშვილმა შევარდნაძის მწარე გამოცდილება გაითვალისწინა. მაგრამ თავისუფალი განვითარების გარეშე, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური ფიგურები თანამდებობებთან ერთად დაემშვიდობებიან საკუთარ პოლიტიკურ მომავალს და ისევე უკვალოდ ჩაქრებიან, როგორ მოულოდნელადაც აანთო ისინი ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკურ კაბადონზე. როგორც ჩანს, შევარდნაძისგან განსხვავებით ივანიშვილის მიზანი ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირება სულაც არ არის, ან მისთვისაც დღეს თანამდებობებზე მყოფნი დროებითი ფიგურები არიან და ძირითად აქცენტს თავის ორგანიზაცია "2030"-ში თავმოყრილ ახალგაზრდებზე აკეთებს, სადაც ახალი ფორმაციის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოღვაწეები უნდა აღზარდოს.

ამასობაში კი დავით ნარმანია, ისედაც მიუღებელი თბილისელი ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის, არჩევნების მერე თბილისის საზოგადოებისთვის კიდევ უფრო უცხო სხეულად იქცა, მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრების კეთილდღეობაზე მორგებული გადაწყვეტილებებით. არც სოციალურად ორიენტირებული, არც ეკონომიკურად დასაბუთებული ქალაქის განვითარების იდეები მის ყულაბაში არ ჩანს. აღარაფერს ვამბობთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზე, რომლის ყველაზე დასამახსოვრებელი ინიციატივა საკრებულოს წევრებისთვის პრემია-დანამატების უშურველი გაცემაა. არადა, როგორც მახსოვს, განსაკუთრებული მენეჯერული თვისებებით დაჯილდოებულ პირს ეძებდნენ ამ პოსტზე. და ეს სწორედ ის პოსტია, საიდანაც სააკაშვილს ერთი ხელის გაწვდენა დასჭირდა პრეზიდენტობამდე.

მთავრობის წევრთაგან ყველაზე სწრაფად, დრიბლინგით, კახი კალაძე ცდილობს დაფაროს არცთუ მარტივი დისტანცია ფეხბურთელობიდან პოლიტიკოსობამდე. აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყველაზე ნაკლებად მას ახასიათებს "მეოცნებე" მთავრობის "საფირმო" ჩვევა - აგრესიული რიტორიკა და საზოგადოების მიუღებლობა. მისი საქმიანობის სფეროში საინტერესო სოციალური ინიციატივებიც ვიხილეთ, თუმცა, ის მუდმივად ბეწვის ხიდზე გადის, რათა არ დაისაჯოს ზედმეტი "ინიციატივებისთვის".

ყველაზე "იდუმალი" მინისტრის სახელს მყარად ინარჩუნებს დავით სერგეენკო და სწორედ ამიტომაც მის მიმართ საზოგადოებაში ყველაზე დიდია მოლოდინიც.

რაც შეეხება ჯერ კიდევ მთავრობის თავს - ირაკლი ღარიბაშვილს - თუ მას სურს პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს, მინიმუმ რამდენიმე ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებაში უნდა დაინახოს პარტნიორი და არა - მტერი; აქედან გამომდინარე, მან უნდა დაიწყოს საზოგადოების აქტიური ფენების შემოკრება და რეფორმების თანამონაწილედ გადაქცევა. ქვეყანას არა აქვს სახელმწიფოებრივი იდეა, ის ღერძი, რომელზეც უნდა აიგოს სახელმწიფო და გააერთიანოს საზოგადოება. თუ ღარიბაშვილი გამოვა ამ იდეის შემუშავების ინიციატორად და ამ საქმეში თანამონაწილედ ქვეყნის საუკეთესო პროფესიულ და ინტელექტუალურ ძალებს მოიხმობს, ის ამით პოლიტიკური ცხოვრების რეალურ ცენტრადაც იქცევა და ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე საკადრო რეზერვის შექმნის საშუალებაც მიეცემა. ასევე, ის უნდა შეეცადოს, რომ მედიის მიმართ მკვეთრი უნდობლობის პოლიტიკა შეცვალოს მედიასთან თანამშრომლობის პოლიტიკით, როცა მედია იქნება მისი პარტნიორი როგორც რეფორმების გატარების, ასევე მისსავე მთავრობასა და გარემოცვაში უარყოფითი ტენდენციების დაძლევის პროცესში. თუმცა, რამდენად მოისურვებს და შეძლებს ის ამგვარ ტრანსფორმაციას, ძნელი სათქმელია.

და ბოლოს, ივანიშვილის კიდევ ერთი ყოფილი ფავორიტი: საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მას აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია და თავისუფლებაც, იქცეს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატორად, როგორიცაა საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაცია და არჩეული მერებისა და გამგებლების რეალური ძალაუფლებით აღჭურვა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტების გარეშე წარმოუდგენელია და ა.შ. თუმცა, ჩვენ არ ვიცით მთავარ კითხვაზე პასუხი: სურს თუ არა მას მეორე ვადით პრეზიდენტობა? თუ სურს გაიხანგრძლივოს პოლიტიკური მომავალი, მაშინ უნდა შეეცადოს, პოლიტიკური სივრცის კონსტრუირება საკუთარი თავის გარშემო მოახდინოს.

მაგრამ, ერთია პერსპექტივები და მეორე - რეალობა: ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ივანიშვილის შეგირდები გათვლას გრძელვადიან პოლიტიკურ დისტანციაზე არ აკეთებენ და ერთჯერადი გამოყენების პოლიტიკოსების ბედს სჯერდებიან.