იდუმალი ჩანთა და პარიკი ჟვანიას საქმეში
12-01-2015
იდუმალი ჩანთა და პარიკი  ჟვანიას საქმეში
"იუსუპოვს მკერდზე ნაჩხვლეტები პროზექტურაში გადასვენებამდე ჰქონდა"

"გარდაცვლილს ბალზამირება ოქრუაშვილისადა სამხარაულის გადაწყვეტილებით გაუკეთეს"


ზურაბ ჟვანიას საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, სამედიცინო ექსპერტ  ლევან ჩაჩუას (გამოძიება მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედავება) პროცესზე, აქამდე უცნობი დეტალი გამოვლინდა. კერძოდ, ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, გამომძიებელ კახა ჭუმბაძის (რომელიც ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა) დაკითხვისას, დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა გამომძიებელმა შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა, რომელშიც პარიკი და წვერი იდო. მან შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა,
რომ ჩანთა არ დაუთვალიერებია. იმ მოტივით, რომ გამოძიების საიდუმლოებაა, ჩაჩუას ადვოკატი არ განმარტავს, რატომ წამოჭრა ჩანთისა და პარიკის საკითხი და რა კავშირი აქვს მას საქმესთან.


ასევე, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, რაულ იუსუპოვის მკერდის არეში არსებული ორი ნაჩხვლეტი დაზიანებაა თუ ბალზამირების კვალი. დაცვის მხარისგან განსხვავებით, პროკურორი ირწმუნება,
რომ იუსუპოვის ცხედარს ბალზამირება არ ჩასტარებია და ნაჩხვლეტები მას პროზექტურაში გადასვენებამდე ჰქონდა.

მთავარი პროკურატურის გამომძიებელ ზაზა შანშიაშვილს 2012 წლის ნოემბერში გადასცეს ზურაბ ჟვანიას საქმე. "კბილაშვილის პროკურორობის დროს  გადმომცეს დიდი ფუთა, რომელშიც ნივთმტკიცებები: დოკუმენტები, 5 პატარა და ერთიც ძველებური დიდი კასეტა იდო. კასეტებს ჰქონდა მინაწერი: "ჟვანია - პროზექტურა" და "იუსუპოვი - პროზექტურა". საქმეში იდო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დისკიც. კასეტები გავაცანი სპეციალისტებს. ის, რაც არ იყო ლევან ჩაჩუას ექსპერტიზის დასკვნაში, ჩემ მიერ მოწვეულმა უძლიერესმა ნეიროქირურგებმა - გოჩა ჩუტკერაშვილმა და ირაკლი ჭეიშვილმა დააფიქსირეს. კასეტების დათვალიერების შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ პრემიერს თავის ქალაზე, კერძოდ, რბილ ქსოვილზე, აღენიშნებოდა ლურჯი ლაქა, რომელიც დაჟეჟილობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ასევე, ქალა-სარქველზე ჰქონდა ამობურცული ადგილი, შეშუპება, ხოლო შიდა ქალაზე - წერტილოვანი ლაქები. რაც შეეხება ბალზამირებას, ის მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ჩაუტარდა, იუსუპოვს კი - არა. ამასთან, იუსუპოვს მკერდზე ნაჩხვლეტები პროზექტურაში გადასვენებამდე ჰქონდა, პერანგზე კი სისხლის წერტილი".

რევაზ ნადოი, ჟვანიას საქმის პროკურორი:
- ლევან ჩაჩუას თქმით, რაულ იუსუპოვს ნაჩხვლეტები გულმკერდის არეში ბალზამირების შედეგად აქვს. სასამართლო სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მთელი მსვლელობა. ვიდეომასალაზე კარგად ჩანს, რომ როდესაც შემთხვევის ადგილიდან იუსუპოვი პროზექტურაში გადაასვენეს და სანიტრებმა ტანსაცმელი გახადეს, მას უკვე ჰქონდა ნაჩხვლეტები. როცა სანიტრები დავკითხეთ, თქვეს, გვამის დათვალიერება ჩვენი მოვალეობა არ არის, ჩვენ ტექნიკური სამუშაო შევასრულეთ, გაკვეთა, ტრეპანაცია და ცხედრის მოწესრიგებაო. ჩვენ დავასრულეთ მტკიცებულებების გამოკვლევა, რამაც ცხადყო, რომ ჩაჩუამ არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა.  მოწმე შანშიაშვილმა, რომელიც საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო, აღნიშნა, რომ ჟვანიას თავის ქალაზე შეშუპება ჰქონდა. ეს ვიდეომასალაშიც ჩანს. ჩვენ ჩაჩუას იმას ვედავებით, რომ არაჯეროვნად შეასრულა ის, რაც კანონით ევალებოდა - ექსპერტიზა. ვიდეომასალის ავთენტურობა დადასტურებულია, მონტაჟი გამორიცხულია...
ლევან ჩაჩუას ადვოკატის მტკიცებით კი, პროკურატურამ საქმეს ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი არასრული ვიდეოჩანაწერი დაურთო, ბალზამირება კი ცხედრებს მაღალჩინოსნების მითითებით ჩაუტარდა.

ზურაბ ტაბიძე, ლევან ჩაჩუას ადვოკატი: - ოპერატორის თქმით, თითო კასეტა ერთსაათიანი იყო და თუ გავითვალისწინებთ ექსპერტიზის მიმდინარეობის დროს, საქმეში 8-9 კასეტა მაინც უნდა ყოფილიყო. ლევან ჩაჩუა დილიდან დაღამებამდე მორგში იყო და სადილადაც არ გასულა. ფირი, რომელზეც ექსპერტიზის მიმდინარეობაა აღბეჭდილი, 8 საათს გრძელდება, ბრალდების მხარემ კი 4,5-საათიანი წარმოადგინა.
ბალზამირება ორივე ცხედარს ჩაუტარდა, რაც სანიტრების ჩვენებითაც დადასტურდა. მოლებმა განაცხადეს, რომ იუსუპოვის მკერდზე არსებული ნაჩხვლეტებიდან სითხე გადმოდიოდა - ეს ბალზამია.

- პროკურორ ნადოის თქმით, იუსუპოვს პროზექტურაში მიყვანამდე ჰქონდა ნაჩხვლეტები მკერდზე, მოწმე შანშიაშვილმაც დაადასტურა, რომ იუსუპოვისთვის ბალზამირება არ გაუკეთებიათ, პერანგზე კი სისხლის ლაქა ჰქონდა.
- ეს სისხლი რომ ყოფილიყო, ექსპერტი რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. პროზექტურაში ასი კაცი მაინც იყო და არავინ არაფერი თქვა? იმას, რომ იუსუპოვს ბალზამირება გაუკეთდა, ამას ადასტურებს ორი დაკითხული სანიტარი. მათ წინასწარ გამოძიებაში განაცხადეს, რომ ორივე ცხედარს ჩაუტარდა ბალზამირება ფორმალინის ხსნარით.

- ბალზამირებას ცხედარს ჭირისუფლების მოთხოვნით უკეთებენ. მუსლიმანები, ალბათ, ადათებიდან გამომდინარე, ამას  არ დათანხმდებოდნენ.
- გარდაცვლილები სახელმწიფო მოხელეები იყვნენ, ამიტომ ექსპერტების გადაწყვეტილებით ბალზამირება გაკეთდა. ამასთან, პროზექტურაში იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან სამხარაული და მათ გადაწყვიტეს ბალზამირების გაკეთება. ჩაჩუა ეტყოდა მათ, არ ჩაუტარდესო?  სხვათა შორის, როცა ბალზამირება კეთდება, ცნობა არ დგება და არც ექსპერტიზის ოქმში აღინიშნება.

- რას იტყვით გამომძიებლის ჩვენებაზე, რომელიც მიუთითებს, რომ ნეიროქირურგებმა ჟვანიას თავის ქალაზე შეშუპება და ლურჯი ლაქები დააფიქსირეს?
- გვამს თუ რაღაც დაზიანება ჰქონდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტ ერისთავს უნდა ეკარნახა გამომძიებლისთვის და კახა ჭუმბაძე ოქმში შეიტანდა. მსგავსი არაფერი მომხდარა.

- რა კავშირი და დატვირთვა აქვს ამ საქმეში შემთხვევის ადგილას ნაპოვნ ტყავის ჩანთას, რომელშიც თქვენი თქმით, პარიკი და წვერი იდო და რატომ მოითხოვეთ ამ დეტალზე სასაუბროდ სასამართლო სხდომის დახურვა?

-  ჩვენ მოვითხოვეთ სხდომის დახურვა,  გამომძიებელ ჭუმბაძეს თავისუფლად რომ გაეცა ჩვენს კითხვებზე პასუხი, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა. ამ დეტალზე პასუხის გაცემის უფლება არა მაქვს, ეს გამოძიების საიდუმლოებაა, მოწმისთვის კი ამ კითხვის დასმის საფუძველს საქმის მასალები მაძლევდა. არის თუ არა ეს საქმესთან კავშირში, ალბათ, გაირკვევა. ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიტყვი.

ახალაღმოჩენილ დეტალზე საკუთარი მოსაზრება აქვს ექსპრემიერის ძმას, გოგლა ჟვანიას, რომელიც ამბობს, რომ იდუმალებით მოცულ ტყავის ჩანთას კავშირი არა აქვს ძირითად საქმესთან: "ეს დეტალი არანაირად არ არის მნიშვნელოვანი, მას ჩაჩუას პროცესთან კავშირი არა აქვს. ეს არის "ნაციონალების" ჩვეული მეთოდი, როცა ერთ რაღაცას ეკითხები და სულ სხვა რაღაცაზე ცდილობენ ყურადღების გადატანას. რაღაც იდუმალებით მოცული ჩანთა გამოიტანეს წინა პლანზე, როცა მარტივ შეკითხვაზეა პასუხი გასაცემი: რატომ არ ჩაატარა ამ კაცმა ექსპერტიზა? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ეს ჩანთა შეიძლება იყოს არსებული ან არარსებული ნივთმტკიცება, მაგრამ უფრო საინტერესო უნდა იყოს ძირითადი საქმე - ზურას საქმის გამოძიება, რომელიც დღეს დასრულებული არ არის".
იაშარ იუსუპოვი, რაულის მამა: "რაულს მკერდზე ნაჩხვლეტები ექსპერტიზის ჩატარებამდე ჰქონდა, პერანგზეც იყო სისხლის ლაქა. ალბათ, ოდესმე დაადგენენ ამ ნაჩხვლეტების წარმომავლობას. ჩემს შვილს შხამი აქვს შეყვანილი ორგანიზმში, არანაირი ბალზამი. ჩაჩუა თავის მართლებასა და ყველას შეცდომაში შეყვანას შეეცდება.

ნანა ფიცხელაური
Alekos
15 იანვარი 2015 17:26
შსიკვდილის მიზეზი არც პარიკიტ სადმე ცასვლაა და არც იუსუპოვტან ერტად ყოფნა, ნანემსარებიაოოო პროზექტურამდე და რატომ არ დაცერე დასკვნასიოოო, მარტივი გასაგებია დავის საგანი,პარიკი არაპერს ცვლის ნანემსარების არდაფიქსირებაა საქმ
aleko
14 იანვარი 2015 17:26
გოგლა ჟვანია და პროკურორი ნადოი აცხადებენ რომ ტყავის ჩანთას და პარიკს არანაირი კავშირი არა აქვს მკვლელობასთანო.
ცხადია პარიკი არ მოკლავდა ჟვანიას,მაგრამ პარიკით საზოგადოებისგან მალულად შეგიძლია შეხვიდე ბინაშიც და რესტორანშიც გინდ იუსუპოვთან და გინდ ანჯელინა ჯოლთან ერთად. ამაშია საქმე და დააყენეთ ის კაცი საფლავში

რედაქტორის რჩევით