რა სიურპრიზს უმზადებს ოფიციალურ თბილისს პოროშენკო?! - კვირის პალიტრა

რა სიურპრიზს უმზადებს ოფიციალურ თბილისს პოროშენკო?!

"ადეიშვილის  დანიშვნა სიკეთეს არ მოუტანს არც  საქართველო-უკრაინის ურთიერთობას და არც უკრაინას"

"ადეიშვილი - მურმანის ეკალი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში?!"

პეტრე პოროშენკო საზოგადოებას საკადრო სიურპრიზს ჰპირდება - კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უკრაინის ახალ მთავრობაში ინტერპოლის ძებნილი ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდეს.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი კიევის ხშირი სტუმარია და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ანტიკორუფციული რეფორმის კუთხით, კონსულტაციებსაც უწევს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ადეიშვილის უკრაინული კარიერა ოფიციალურად 14 იანვარს დაიწყება, როდესაც მას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად წარადგენენ.

ინფორმაციას პირად საუბრებში "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ადასტურებენ, თუმცა, პარტიაში საჯარო კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობენ, ვინაიდან შესაძლოა, გადაწყვეტილება შეიცვალოს. იმას, რომ ადეიშვილი სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ჩართულია უკრაინის ანტიკორუფციული რეფორმის პროცესში, ადასტურებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე: "უკრაინაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ საქმიანობაში. ამ ჯგუფის წევრი გახლავთ ზურაბ ადეიშვილიც."

რატომ იქცა უკრაინა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების - მით უმეტეს, მძიმე დანაშაულისთვის საერთაშორისო ძებნაში მყოფი ზურაბ ადეიშვილის კომფორტულ თავშესაფრად?

ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მარცხზე მიუთითებს: - უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა არის საქართველოს ხელისუფლების მარცხი, რადგან

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის კადრების დანიშვნის გადაწყვეტილებას დასავლეთის ჩარევის გარეშე ვერ მიიღებდა.

ხუხაშვილის უკრაინელი კოლეგა დიმიტრი გრომაკოვი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ პოროშენკოს დაანონსებული სიურპრიზი მართლაც ზურაბ ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდებოდეს.

დიმიტრი გრომაკოვი, ექსპერტი: - საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსვლა უკრაინის მთავრობაში ბიძგს მისცემს უკრაინულ რეფორმებს, რათა სწრაფად განხორციელდეს წარმატებული პროექტები. ჩემი აზრით, ეს არ გააფუჭებს ურთიერთობებს არც ხალხსა და არც პოლიტიკურ წრეებს შორის. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მე კონკრეტული კორუფციული საქმეების შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომ ამ თემაზე რამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში არსებობს პრეცედენტები, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსს ბრალს უყენებენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სამართალდამცველები ცდებოდნენ. გაგახსენებთ თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტის მაგალითს.

უკრაინის მთავრობაში ადეიშვილის დანიშვნაში რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ.

- საქართველოში იანუკოვიჩი ან მისი მთავრობის წევრები რომ  მაღალ პოსტებზე დანიშნონ, როგორ აღიქვამს ამას კიევი?

- თუ თქვენ იანუკოვიჩს საქართველოში შემოუშვებთ, როგორც მენეჯერს, კი ბატონო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ გამოგადგებათ.

უფრო მეტიც, თუ ის ოდესმე გახდება რუსეთის პრეზიდენტი, ამით უკრაინა არაფერს დაკარგავს.

- 14 იანვარს პრეზიდენტი პოროშენკო დაასახელებს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს... როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს ადეიშვილი?

- ამის ალბათობა არის 50/50-ზე. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მაინტერესებს, რა გეგმებით მივა ის უწყებაში. მას, ალბათ, ექნება პროგრამა, რომელიც კორუფციის მასშტაბს შეამცირებს.

თუ უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო ძებნაში მყოფ ზურაბ ადეიშვილს მაღალ თანამდებობაზე წარადგენს, რა იქნება ქართული მხარის საპასუხო ნაბიჯი? ამ კითხვით  მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის მივმართეთ.

- ადეიშვილის და სხვა ძებნილი პირების დანიშვნა სიკეთეს არ მოუტანს არც  საქართველო-უკრაინის ურთიერთობას და არც უკრაინას.

- ანუ ასეთი გადაწყვეტილება დააზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას...

- როდესაც ერთი ქვეყანა კრიმინალური დანაშაულისთვის ეძებს პიროვნებას და მას მეორე ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ, ეს, ორი ქვეყნის ურთიერთობას სასიკეთოდ არ წაადგება.

- ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯი საკმაოდ ხისტი იქნება... რამდენად შესაძლებელია, თუნდაც სავიზო რეჟიმს გადახედოს ხელისუფლებამ?

-  ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რა იქნება ჩვენი საპასუხო ნაბიჯი.

- უკრაინის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები ხელისუფლების, განსაკუთრებით კი დიპლომატიური სამსახურის სისუსტეზე ხომ არ მეტყველებს?

- და თქვენ გგონიათ, ჩვენი ელჩი რომ მისულიყო პოროშენკოსთან და ეთქვა, არ მიიღო ასეთი გადაწყვეტილებაო, რამე შეიცვლებოდა?

- ექსპერტთა ნაწილი, მაგალითად, გია ხუხაშვილი, ამას ხელისუფლების მარცხად მიიჩნევს... მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებას უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე არ მიიღებდა..

- გია ხუხაშვილი ცდება, თუ ჰგონია, რომ დასავლეთი ასეთ დონეზე ერევა უკრაინის საკადრო პოლიტიკაში. გია ხუხაშვილს არასდროს არც ერთ საერთაშორისო წარმომადგენელთან ან საელჩოს წარმომადგენელთან არ ჰქონია შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რომ მან იცოდეს, რა ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში.

ვახო ბერიძე