"მაშინდელი ორჯონიკიძე და ბერია დღევანდელი ადეიშვილ-სააკაშვილია" - კვირის პალიტრა

"მაშინდელი ორჯონიკიძე და ბერია დღევანდელი ადეიშვილ-სააკაშვილია"

"მეხუთე კოლონა გეოგრაფიული ტერმინი არ არის. "სახელოვნებო სამყარო ფარისევლების თავშესაფრად იქცა."

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს, თუმცა, "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებებს ქვეყნის კურსის ცვლასთან დაკავშირებით  არ ეთანხმება. არც ოპოზიციის დაანონსებული მასშტაბური გამოსვლების სჯერა. "კვირის პალიტრასთან" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პოეტი დავით მაღრაძე აფასებს.

- 2014 წელი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გათავისუფლების მოთხოვნით დაასრულეთ. თქვენი განცხადება ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ მხარდაჭერად უნდა აღვიქვათ?

- ჩემი განცხადება პოლიტიკური მხარდაჭერა არ არის, უბრალოდ, ხელისუფლებას ლოიალობისკენ მოვუწოდებ.

არასწორია, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები საბჭოთა პროკურორებივით აცხადებენ, საქმე განვიხილეთო. საკითხავია, როცა ადვოკატებს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მასალებს უმრავლესობის წევრები რატომ ეცნობოდნენ?

- 2015 წელს საპარლამენტო უმცირესობა, ფაქტობრივად, რევოლუციის გამეორებას აანონსებს, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ვადამდე არჩევნებისთვის ემზადება...

- საბედნიეროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავს ოპოზიციად ასაღებენ, ხალხი არ ენდობა. სხვათა შორის, "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ პოტენციალი, ოპოზიციის ნიშა დაიკავონ.

იმისათვის, რომ ხელისუფლება არ გაირყვნას, ქვეყანას ნამდვილი ოპოზიცია სჭირდება.

თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების საყოველთაო მხარდაჭერა დაკარგა, რაც, ჩემი აზრით, ნიჭიერების ნაკლებობის შედეგია.

- ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ხომ არ ელოდებით?

- "ქართული ოცნება" მიზიდულობის მუხტს კი კარგავს, მაგრამ მისი მხარდამჭერები სხვა პოლიტიკური ძალის მომხრეები არ ხდებიან. სამწუხაროდ, დღეს ქართულ პოლიტიკას პროფესიონალიზმი აკლია. პოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს მთელი სიმძაფრით გვეხება. არჩევნებზე დავდივართ, მაშასადამე, პროცესშიც ჩართული ვართ. არ ვეკუთვნი იმ ხელოვანთა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანას მხოლოდ საკუთარი საქმის კეთებით ემსახურებიან. სახელოვნებო სამყარო ფარისევლების თავშესაფრად იქცა.

როგორც საკუთარ ცოლ-შვილს არ ეტყვი, სახლში შემოვარდნილი ყაჩაღებისგან თავი თქვენ დაიცავით, მე ჩემს პროფესიას ვემსახურებიო, განსაცდელში ქვეყანასაც არ უნდა უთხრა, ნოტებით თუ მოლბერტით გემსახურებიო.

- ვის გულისხმობთ ფარისეველ ხელოვანებში?

- ამ ადამიანებს იმდენ პატივს ვერ დავდებ, მათი გვარები თქვენი გაზეთით ვახსენო.

- რა შეიცვალა ხელოვანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გარდა იმისა, რომ პარლამენტში მუშტებს იქნევენ?

- არა მგონია, მათ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება მოსწონდეთ. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩათვალეს, პოლიტიკაში აქტიურად ჩართულიყვნენ... დეპუტატები დავალებებს იღებენ, უხამსი სიტყვებით ისაუბრონ, რათა ქაოსი შექმნან და უცხოელს დაანახვონ, რომ მეხუთე კოლონის შემოსასვლელად ნიადაგი მზადდება. მეხუთე კოლონა გეოგრაფიული ტერმინი არ არის და მაშინდელი ორჯონიკიძე და ბერია დღევანდელი ადეიშვილ-სააკაშვილია. დიდი განსხვავებაა ხალხის ხელისუფლებასა და სხვა ქვეყანაში მომზადებულ პროექტს შორის. "ნაციონალური მოძრაობაც" ასეთივე პროექტია, მაგრამ მათი შესაძლებლობის მაქსიმუმი კრახისთვის განწირული უსუსური პროვოკაციაა. ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ შეძლებენ. გამწარებული ადამიანების აგრესია კი რთული შესაკავებელია. ხალხს აწუხებს, რომ სანთელ-საკმეველმა საკუთარი გზა ვერ იპოვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ორი წლის განმავლობაში მოხდა, საარსებო სივრცის გათავისუფლებაა. რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი კურსი გაჩნდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას არ არსებობდა. ეს კურსი რუსეთთან ომის გარეშე ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს. ირაკლი ალასანიას და მის გუნდს სწორედ ამ საკითხში არ ვეთანხმები. წლების განმავლობაში საგარეო კურსი საერთოდ არ არსებობდა და რა უნდა შეცვლილიყო? ამერიკის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, უბრალოდ, პოლიტიკურ წრეში გაჩნდა ტენდენცია - თუ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვება, უკრაინის შემდეგ მეორე ფრონტს საქართველოში გახსნის. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთადერთი ფუნქცია აქვს - ჩრდილოელ მეზობელს მსხვერპლად შეეწიროს, რათა დასავლეთს სანქციების გამკაცრების შესაძლებლობა გაუჩნდეს. "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ საქართველოს მსხვერპლად შეწირვის პოლიტიკას ახორციელებდა.

არსებულით კმაყოფილება არ ვარგა, ისევე, როგორც უმადურობაა გაუმართლებელი. ის, რაც კულტურის სამინისტროში ხდება, არ მომწონს - უწყება იურისტებითა და ეკონომისტებით გაივსო, ხისტმა პოლიტიკამ კი საყდრისის აფეთქებამდე მიგვიყვანა. გული მწყდება, რომ ხელისუფლებამ ეს შეცდომა მოიწონა.

არავის ვურჩევ საზოგადოების მოსაზრებების უგულებელყოფას.

საერთოდ, ქართველებმა თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. რა უნდა მოვითხოვოთ, ისიც უნდა ვიცოდეთ. მუდმივად მესმის, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ დღემდე საქმე ვერ დავინახე. თუმცა, იმედს ახალგაზრდა თაობა მაძლევს - ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში გახლდით, სადაც სამკითხველო დარბაზში თავისუფალი ადგილი არ იყო...

რუსუდან შელია