"მე შარლი ვარ" - საქართველოშიც არ გვაკლია რელიგიური ექსტრემისტები - კვირის პალიტრა

"მე შარლი ვარ" - საქართველოშიც არ გვაკლია რელიგიური ექსტრემისტები

- ამ ლოზუნგმა დღეს თითქმის მთელი მსოფლიო გააერთიანა და არა იმიტომ, რომ ყველა მათგანი ეთანხმება იმას, რაც ამ ჟურნალში იბეჭდებოდა (შეიძლება ბევრს არც მოსწონდა), არამედ იმიტომ, რომ ტერორიზმის ფონზე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენად მისაღები იყო მათი კარიკატურები, ან რამდენად გამაღიზიანებელი ან შეურაცხმყოფელი. "ჰესბოლას" და ირანის ლიდერებმაც კი დაგმეს მომხდარი და მას ისლამის დისკრიმინაცია უწოდეს! დღეს მსჯელობის მთავარ საგნად იმის გადაქცევა, უნდა აქვეყნებდეს თუ არა ჟურნალი ასეთ კარიკატურებს, თუ არ უნდა აქვეყნებდეს; არის თუ არა ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა თუ პრესის თავისუფლება, ტერორისტების გამარჯვება იქნება! გამოვა, რომ მათ მიზანს მიაღწიეს! გამოვა, რომ ასეთი ფორმით, ანუ ტერორიზმით შეიძლება საზოგადოება რაღაცაზე დააფიქრო, რაღაც შეაცვლევინო! და თუ ერთხელ ეს გამოუვათ, მაშინ სხვა დროსაც მოუნდებათ. გამოვა, რომ ტერორიზმი ეფექტური ფორმაა შენთვის მიუღებელ მოვლენებთან საბრძოლველად! ეს ყველაფერი  ტერორიზმის წახალისება გამოვა! ამიტომაც ცივილიზებული სამყარო ერთხმად გმობს მომხდარს და ლაპარაკობს გამოხატვის თავისუფლების შელახვაზე და არავინ ახსენებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას! რა თქმა უნდა, ამ თემაზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ არა დღეს!

საქართველოში კი რა ხდება? ლამის ყველა ამაზე ლაპარაკობს! მთელი სოციალური ქსელი აჭრელებულია Charlie Hebdo-ს უხამსი კარიკატურებით რელიგიურ თემაზე და რეპლიკებით: "აბა, რა ეგონათ, ასეთ რაღაცებს რომ ხატავდნენ!"; "რელიგიას არ უნდა შეეხო, ძმაო!" და ა.შ. ზოგჯერ მგონია, ბევრი მათგანი ტერორისტებს ამართლებს კიდეც, ან მინიმუმ, ესმის მათი და თავადაც სიამოვნებით ჩაცხრილავდნენ ვინმეს, ანალოგიური რამ საქართველოში რომ გაებედა!

არადა, რაც დრო გადის, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კარიკატურები და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფა მხოლოდ საბაბი იყო ტერორისტებისთვის. ეს ცხადყო კიდევ ერთი ტერორისტის ებრაულ მაღაზიაში შეჭრამ და "ალ-ქაიდას" კვალის გამოჩენამ! სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი შეტევა იყო საფრანგეთზე, კარიკატურები კი - კარგი მასალა ხალხისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად! და ასე მგონია, ამ ნაცარს ყველაზე მეტად სწორედ საქართველოში აქვს გასავალი!

არა - ღლიცინს,კი - კრიტიკას!

საქართველო, ალბათ, ამ ყველაფერს ასე მგრძნობიარედ იმიტომ შეხვდა, რომ აქაც არ გვაკლია რელიგიური ექსტრემისტები, რომლებიც მოსაკლავად თუ არა, თავ-პირის გასაერთიანებლად ნამდვილად მზად არიან მათთვის, ვინც მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს! ამ ნაახალწლევს ჯერ ნინია კაკაბაძე ლანძღეს თავისი პოსტის გამო, მერე კიდევ "იდენტობის" ლიდერ ირაკლი ვაჭარაძეს მუქარის წერილები მისწერეს! აქციაც დაგეგმეს მის ოფისთან და შემდეგ მხოლოდ საპატრიარქოს მოწოდების გამო გადაიფიქრეს!

არადა, ღმერთი-რჯული, არც მე მომწონს რელიგიურ თემებზე უხამსი ან "ხამსიანი" ხუმრობები, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვფიქრობ, მათ ამის უფლება არა აქვთ... უფლება ყველას ყველაფრის აქვს, რაც კანონით აკრძალული არ არის. უბრალოდ, ამის აზრს ვერ ვხედავ. ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, ხალხის გაღიზიანების გარდა. შესაბამისად, ადამიანს როცა რაღაცის უფლება აქვს, მას პასუხისმგებლობაც გააჩნია თავის ქმედებაზე და ზოგიერთ ისეთ უფლებას, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ნეგატიური შედეგი მოჰყვეს, არ იყენებს. მაგალითად, მე სრული უფლება მაქვს, გადავხტე მტკვარში, მაგრამ ამ უფლებას არ ვიყენებ. იმიტომ კი არა, რომ დავიხრჩობი, უბრალოდ, გავიყინები და გავცივდები, შესაბამისად, ვითვალისწინებ ამ ნეგატიურ შედეგს და ვგრძნობ პასუხისმგებლობას საკუთარი ჯანმრთელობის წინაშე და არ ვხტები! მგონი, მარტივია! კარგი იქნება, თუ ეს ადამიანებიც იგრძნობენ აზრის თავისუფლებას რამხელა პასუხისმგებლობა ახლავს თან და რელიგიურ თემებზე ღლიცინისგან თავს შეიკავებენ.

თუმცა, ეს არ ვრცელდება კრიტიკაზე. კორექტული კრიტიკა თუნდაც საპატრიარქოს და ქართული ეკლესიისა, პრობლემა არ უნდა იყოს. უაზრო ღლიცინისა და დაცინვისგან განსხვავებით,  კრიტიკას შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს. ამიტომ ამ საქმეში საპატრიარქომაც უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და იმ ხალხს, ვინც ეკლესიის კორექტულ კრიტიკასაც კი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამს და კრიტიკოსებს ემუქრება, სიმშვიდისა და კეთილგონიერებისკენ მოუწოდოს, ხოლო კრიტიკას დასაბუთებული პასუხი გასცეს, როგორც ეს ყბადაღებულ 25 მილიონთან დაკავშირებით მოხდა. რამდენი ხანია საზოგადოების ნაწილი სრულიად ლეგიტიმურად სვამს კითხვას, სად მიდის ეკლესიისთვის გადარიცხული ამხელა თანხა? რადგან ეს თანხა ბიუჯეტის ფულია, შესაბამისად, მოსახლეობის გადასახადებიდან არის აკრეფილი და ხალხს სრული უფლება აქვს, იცოდეს, როგორ იხარჯება. ამიტომაც კარგი იყო, როდესაც რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა თავად გასცა პასუხი მას, თუმცა, მრევლის ერთი ნაწილი შეკითხვის ავტორებს მაინც ლანძღავდა და აგინებდა!

და კიდევ: არავითარ შემთხვევაში არ ვემხრობი რაიმეს აკრძალვას და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თემის კანონით დარეგულირებას, რადგან "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" ძალიან სუბიექტური შეგრძნებაა და ვერავინ ვერასდროს დაადგენს, რომელი ადამიანი როდის იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად, ანუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს! შესაბამისად, რას აკრძალავ?!