ისლამური ექსტრემიზმი და საქართველო - კვირის პალიტრა

ისლამური ექსტრემიზმი და საქართველო

სად შეიძლება საქართველომ ეძებოს პარტნიორი ისლამურ ტერორიზმთან საბრძოლველად?!

ჩვენი ორი უახლოესი მეზობელი: რუსეთი და თურქეთი თავად დგანან ამ საფრთხის წინაშე და ესეც არ იყოს, ორივეა მეტ-ნაკლებად ბრალდებული ტერორისტების ხელშეწყობაში. განსაკუთრებით ეჭვიანები რუსულ და თურქულ კვალსაც კი ეძებდნენ ევროპაში ბოლო დროს ასე მომრავლებულ ტერაქტებში.

თურქეთის დღევანდელი მმართველი რეჟიმი: პრეზიდენტ ერდოღანისა და პრემიერ დავიდ-ოღლუს დუეტი, დასავლური პრესის თანახმად, აქტიურად უჭერდა მხარს სირიის მმართველ დინასტიასთან, ასადებთან მებრძოლ დაჯგუფებებს, რომელთა შორის მრავლად არიან ტერორისტული ჯგუფებიც. უფრო მეტიც, მაგალითად, ჟურნალი "ეკონომისტი" წერდა, რომ ტერორისტები თავისუფლად მიმოდიან სირიასა და ერაყში სწორედ თურქეთის სასაზღვრო ქალაქების გავლით, სადაც მათი საწვრთნელი ბანაკებიც იყო განთავსებულიო. თუმცა, ყველაზე სასტიკმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთს მადლობა იმით გადაუხადა, რომ გასულ ზაფხულს ქალაქ მოსულში მძევლად აიყვანა თურქეთის საკონსულოს მთელი შემადგენლობა. თურქეთი ამ გზით ცდილობდა და ცდილობს თავისი გავლენის გაფართოებას ისლამურ სამყაროზე და არა მხოლოდ, რაც პირდაპირ ემსახურება მისი დღევანდელი მმართველი დუეტის კონცეფციას: თურქეთის იმპერიის გავლენის აღდგენას ისტორიულ ფარგლებში. სწორედ ამ იდეოლოგიის რეალიზაციის სურვილი სულ უფრო მეტად აშორებს თურქეთს ევროპასა და შესაძლოა, ნატოსაც. ერდოღანი ამკვიდრებს მსოფლიო მოწყობის ახალ ფორმულას მინიმუმ ხუთი მმართველობით-რეგიონული ცენტრით. ამ ფორმულის თანახმად, მსოფლიოს აღარ ეყოლება ერთი - აშშ-ის სახით, ის სულ უფრო მეტად გადაინაცვლებს აზიისკენ და მისი „მმართველობითი“ ფუნქციები გადანაწილდება ისეთ რეგიონულ ცენტრებზე, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და თავისთავად, თურქეთი.

დღეს თურქეთი მრავალვექტორულ თამაშს თამაშობს: რუსეთთან ერთად დასავლეთის წინააღმდეგ და დასავლეთთან ერთად - რუსეთის დასასუსტებლად. დასუსტებული რუსეთი გაძლიერებულ თურქეთს ნიშნავს. დასავლეთი კი, თავის მხრივ, ორცეცხლშუაა: მას არც გაძლიერებული, ნეოოსმანიზმის იდეით შეპყრობილი რეგიონული მონსტრი - თურქეთი უნდა აწყობდეს და თავისთავად, არც რუსეთი.

რამდენად შესაძლებელია ევროპა მოვიაზროთ მთავარ დასაყრდენად ისლამური ტერორიზმის საფრთხესთან გასამკლავებლად? ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ევროპის სახელმწიფოების მიერ უზარმაზარი მუსლიმანური ანკლავების მიმართ წლების მანძილზე განხორციელებული უაღრესად ლიბერალური პოლიტიკა, სულაც არ აზღვევს ევროპას ტერორიზმის საფრთხისგან, პირიქით - ძალზე დამაფიქრებელ შედეგებს გვიჩვენებს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევა. კვლევის თანახმად, საუდის არაბელების - 5%, ეგვიპტელების - 3% და ლიბიელების - 1%-ია სიმპათიით განწყობილი ტერორისტების, კერძოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ. მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 7% აფიქსირებს დადებით განწყობას იმავე ტერორისტული დაჯგუფების მიმართ, ფრანგ გამოკითხულთა კი 16%,  18-24 წლის საფრანგეთის მოქალაქეებს შორის ეს ციფრი შემაშფოთებლად მაღალია - 27%. ათასობით ევროპელი მუსლიმანი იბრძვის უკვე "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და მათ შორის ასობით ქალია. სამწუხაროდ, ევროპას არა აქვს პასუხი კითხვაზე: როგორ უნდა შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეების გადინება ტერორისტულ ორგანიზაციებში და არც ის იცის, როგორ უნდა მოიქცეს მათი უკან დაბრუნების შემთხვევაში. ამ ტენდენციის მიზეზს კვლევის ავტორები შემდეგი ფაქტორებით ხსნიან: თურმე ევროპის ახალგაზრდობა დაიღალა კომფორტული, თუმცა, უმიზნო, უიდეო არსებობით - ევროპა დაცლილია ისეთი ღირებულებებისგან, რომელიც ღირს სიცოცხლედ ან თუნდაც სიკვდილადო. მძაფრ განცდებს მონატრებული ევროპელები ამიტომ მიესალმებიან ყველაფერ "ეგზოტიკურსა" და ნაციონალისტურს, მათ შორის, ვლადიმირ პუტინის იდეებსაცო.

დამეთანხმებით, ჩვენთვის ფრიად უცნაური და გაუგებარი დასკვნაა.

თურქეთის მზარდი ფუნდამენტალიზმის ფონზე, საერთაშორისო არენაზე სულ უფრო მეტად იზრდება აზერბაიჯანის, როგორც რეგიონში ყველაზე სტაბილური თანამედროვე ისლამური სახელმწიფოს წონა, რომელიც არ მიესალმება ისლამურ ფუნდამენტალიზმს და რელიგიას სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოებში აქცევს. ეს ის რესურსია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის ღერძს დასავლეთის თვალში კიდევ უფრო მომხიბლავს გახდის.

ეს ჭრელი მოზაიკა სრულიადაც არ არის საკმარისი რეგიონში მთავარი მოთამაშეების რესურსებისა და ტერორიზმთან ბრძოლის  მოტივების გასაგებად. ჩვენ ჯერ არაფერი გვითქვამს ყველაზე მსხვილ მოთამაშეზე - აშშ-ზე, რომელიც არავინ იცის, რა როლს მიაკუთვნებს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონს ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სტრატეგიაში, იმ რეგიონში, სადაც ორი უხერხული - ერთი მეტოქე და მეორე პარტნიორი სახელმწიფო ცდილობს დომინირებას; სად დაინახავს თურქეთი თავის როლს, ან ხომ არ განიხილავს დასავლეთი თურქეთის ნეოოსმანურ იდეოლოგიას, როგორც ერთგვარ საპირწონეს "ისლამური ხალიფატისას"? ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ტერორიზმს რეგიონში გავლენის გასაძლიერებლად? რამდენად რეალურია საქართველოს მუსლიმანური მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში ფუნდამენტალისტური ისლამის გავლენა და რა ჯგუფები აქტიურობენ? - საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.