მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
19-01-2015
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
სად უნდა იყოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი?

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ისეთი ამბავი ატყდა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთმანეთი ლამის დუელში გამოიწვიონ! აქეთ მიშა გაიძახის, ბიძინამ "მოხურა" ჩემი დაწყებული უნივერსიტეტიო, იქით ღარიბაშვილი ამტკიცებს, ფონდი "ქართუ" ოცჯერ უკეთეს უნივერსიტეტს ააშენებსო. აქეთ მიშა ირწმუნება, მხოლოდ ბათუმია ის ადგილი, სადაც ეს უნივერსიტეტი უნდა გაკეთდესო, იქით "ოცნებიდან" პასუხობენ, ეგ შენობა უნივერსიტეტისთვის უვარგისიაო.  ძალიან კარგია, რომ  უნივერსიტეტი კეთდება და სულ არ მადარდებს, ვინ გააკეთებს და ვის მიეწერება ეს იდეა, მაგრამ
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გახსნა იქნება ყველაზე დიდი უგუნურება, რაც შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს! კარგი, ბათუმს და იმ შენობას თავი დავანებოთ! მაგალითად, ქუთაისში ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება მთელი ქალაქის ცხოვრება შეცვალოს! ეს მარტო საგანმანათლებლო პროექტი კი არა, ეკონომიკურ-სოციალური პროექტიც უნდა იყოს!

თბილისში
კი რა ეფექტი ექნება?!  ის კი არა, მე რომ ხელისუფლების ადგილზე ვიყო, უკვე მოქმედ პოპულარულ ქართულ კერძო სასწავლებლებსაც შევუწყობდი ხელს, რომ სხვადასხვა ქალაქში გადანაწილებულიყვნენ. მაგალითად, ამის სანაცვლოდ კამპუსებს ავუშენებდი უფასოდ. უფასოდ რა? თბილისის შენობებში გავუცვლიდი. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება, ვთქვათ, თავისუფალი უნივერსიტეტი თელავში რომ იყოს. სხვა ასევე პოპულარული უნივერსიტეტი ზუგდიდში და ასე შემდეგ! ეს პატარა ქალაქები განათლების ცენტრებად იქცეოდა.  თბილისში მარტო იმ სასწავლებლებს დავტოვებდი, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო. მესმის, რომ შეიძლება ეს არ იყოს იოლი, მაგრამ აუცილებელია, თორემ მალე მართლა მთელი საქართველო თბილისში იქნება თავმოყრილი.  რეგიონში სამუშაოდ გადასვლა შეიძლება ვინმეს გაუჭირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღირს სიძნელეების გადალახვა, შედეგად გამოცოცხლებულ პროვინციებს მივიღებთ და აღარ იქნება ჩვენი ქალაქები ჭაობი, საიდანაც ყველას თბილისში უნდა გამოქცევა! კერძო ინვესტორი რომ ვიყო, ქუთაისში სიამოვნებით გავხსნიდი უნივერსიტეტს, რომელსაც "გელათის აკადემიას" დავარქმევდი, ხოლო კახეთში გავაკეთებდი "იყალთოს აკადემიას". ეს სახელები მარტო ისტორიის კუთვნილება არ უნდა იყოს! ეს ჩვენი ხელისუფლება კი ახლა უნივერსიტეტის გახსნასაც კვლავ თბილისში გეგმავს - აქ გვაქვს საჭირო ინფრასტრუქტურაო. რა ასეთი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რომ ქუთაისში ვერ გაიხსნება?!

მიშა და ტერმინატორი


გასულ კვირას ლარის კურსი კვლავ დაეცა. დავით საგანელიძე "თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობიდან გადაყენებაზე ფიქრობს, პრემიერი კი არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში მნიშვნელოვანია და ამას მთავრობა უნდა დაესწროს, სამაგიეროდ, საწინააღმდეგოს ფიქრობს თითქმის ყველა დანარჩენი!  აუღიარებელი აფხაზეთის მთავრობა ენგურჰესთან დაკავშირებით რაღაცას ითხოვს, მაგრამ რას, ჯერ ვერ მივხვდი. ისევ გამოჩნდა მიშა და როგორც ყოველთვის, საინტერესო განცხადებები დაახვავა.

"ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის გაყიდვა დელფინარიუმის ფასად სურთ და თან ვის აძლევენ, ჩინელებს?" - შემთხვევით ჯონდი ბაღათურიას ციტატა არ გეგონოთ! სწორედ მიშამ თქვა.
"მე კარგად ვიცნობდი "შარლი ებდოს" რედაქტორს! კარგად რაა? ვიცნობდი, ძალიან კარგი კაცი იყო, რუსებზე ჰქონდა სწორი პოზიცია, ბევრი საერთო მეგობარი და საახლობლო წრე გვყავდა",”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ""რუსთავი 2""-ის ეთერში. ბოლოს ისიც თქვა: თქვენ რომ გგონიათ იმაზე ადრე დავბრუნდებიო. აქ დავამღერებდი ირაკლი ჩარკვიანის ცნობილ სიმღერას "დავბრუნდები", მაგრამ გამახსენდა, როცა პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო, განაცხადა, ჩემი საყვარელი მომღერლები ლელა წურწუმია და აჩიკო მეფარიძე არიანო, ამიტომ ამას არ ვიზამ! კარიკატურისტი რომ ვიყო, აუცილებლად დავხატავდი მას ტერმინატორის როლში და ინგლისურად მივაწერდი ამავე სიტყვებს, რომელსაც ფილმში შვარცენეგერი ამბობს I'll be back! სერიოზულად თუ ვიტყვით, მიშას რაც მეტს ვუსმენ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს კაცი უკვე ანაქრონიზმია.

ყველაზე სერიოზული თემა კი გასულ კვირას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე მსჯელობის დაწყება იყო. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ პოსტზე დიმიტრი გელოვანს ვეძებთ. ზოგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი ერთპიროვნულად უნდა შეარჩიოს,  ზოგი ფიქრობს, რომ ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, რომელსაც პოლიტიკასთან ახლოსაც არ გაუვლია, ზოგისთვის კი პოლიტიკოსობაც არ არის პრობლემა. ამ პოზიციაზე, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.  იმედია, ვიწროპარტიული ინტერესები "ოცნებას" თვალს არ დაუბრმავებს, ხოლო მარგველაშვილი ბოლომდე შეინარჩუნებს პრინციპულობას.
დასასრულ, წინა კვირას ვერაფრით მოვიყვანე გადაცემაში პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე, თუმცა, რა პრობლემაა: როცა ვერ მოვა გედი, აუცილებლად მოვა ჩიორა, გუგული ან ვინმე ბუმბულით!
kaxa
05 თებერვალი 2015 22:12
Romeli chamosuli gabrunda ukan metreveli ROM gabrundes?
მამუკა
27 იანვარი 2015 03:49
კაი გაძლება გქონია მერაბ მიშას თუ უსმენ კიდევ :)
უნივერსიტეტების მიმოფანტვა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ზუსტად იგივე მიზეზით(დეცენტრაკიზაცია,პერიფერიების განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.) ბერძნებმაც სცადეს.მიმოფანტეს და...პერიფერიებს ამითია რაფერი დატყობია.პრობლემები კი გაჩნდა ბლომად.
ჩემი აზრით ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მშვენიერი ქინებოდა რუსთავში!მგონი იქ საკმარისი ტერიტორიაც შეიძლება მოინახოს საწარმოო პოლიგონისათვის ვთქვათ.ინჟნერი დიპლომს რომ იღებს,უნდა იყოს უკვე ინჟინერი!ისე კი არა კომუნისტების დროს რომ ამბობდნენ "დაიწყებთ მუშაობას და ისწავლით"
გელა
24 იანვარი 2015 19:30
ღარიბაშვილმა ბრძანა, ამ უნივერსიტეტს კი დავანგრევთ, მაგრამ მალე 10-ჯერ უკეთეს აგიშენებთო და იქვე, ორიოდე წამში (ეს ნათქვამი გადაავიწყდა თუ დანაპირები ეცოტავა) დააზუსტა - 20-ჯერ უკეთესსო!(ისე მშვენიერი მაგალითი კი ჰქონდა - ივანიშვილმაც ამ სტილში რომ მიგვჯირყნა ერთხელ: რას მედავებით, ხალხოოოოო, 100 კი არა, 200 ქარხანა აგიშენეთ უკვეო!)

მოკლედ, ხალხი მთლად დებილი ჰგონიათ და ... კაცმა რომ თქვას, არა მგონია, სცდებოდნენ (ჯერჯერობით).


რედაქტორის რჩევით