იოჰანეს ჰანი: "ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და შეშფოთებულიც ვართ" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

იოჰანეს ჰანი: "ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და შეშფოთებულიც ვართ" (ექსკლუზივი)

"ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ, განვიხილოთ საქართველოს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები, მაგრამ ნაბიჯი პირველად რუსეთმა უნდა გადადგას"

გასულ კვირას თბილისს ევროკავშირის ახალი კომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი ეწვია. შტეფან ფულეს შემცვლელი ავსტრიელი დიპლომატი “ევროპის სახალხო პარტიის” წევრია და ევროკავშირის გაფართოებამდე რეგიონული პოლიტიკის საკითხები ებარა. თბილისში ჩამოსულ ევროკომისარს "კვირის პალიტრა" საქართველოს ევროპულ პერსპექტივებსა და პოსტსაბჭოთა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" ტერორისტული თავდასხმის შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში აქტიურად დაიწყო სავიზო და სასაზღვრო პოლიტიკის გადახედვაზე მსჯელობა. თქვენი აზრით, რა გავლენა ექნება ამ ინციდენტს ევროკავშირის გაფართოებაზე? ხომ არ იტყვიან ევროპელი ლიდერები, უკვე საკმარისად გავფართოვდით, დროა, შევჩერდეთო?

- ის ტრაგედია, რაც საფრანგეთში დატრიალდა, მთელ ევროპაზე, და არა მარტო ევროპაზე, მოახდენს გავლენას. თქვენ თავადაც ნახეთ, რამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ევროპული ღირებულებებისა და კერძოდ, მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს, აქ შემიძლია ცალსახად ვთქვა: ჩვენ ვიყენებთ მეთოდოლოგიას, რომელიც ეყრდნობა ფაქტებსა და რიცხვებს, და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის შეფასების მეორე ეტაპზეც, რომელიც იანვრის მიწურულს დაიწყება.

- მიუხედავად ამისა, თვალს ვერ ავარიდებთ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ლაპარაკია არსებული წესრიგის გადახედვაზე. მაგალითად, ესპანეთის მთავრობა ითხოვს შენგენის ზონის წესების გადახედვას იმ პირების უფრო მკაცრად გასაკონტროლებლად, რომლებიც ევროპიდან სირიასა და ერაყში მიდიან "ისლამური სახელმწიფოს" დროშით საბრძოლველად, შემდეგ კი უკან ბრუნდებიან. ხომ არ იქონიებს წესების ეს "გადახედვა" გავლენას თქვენ მიერ ნახსენებ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესზე, რომელიც ოფიციალური კონსენსუსით 2015 წლისთვის რიგის სამიტზე უნდა შევიდეს ძალაში?

- ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რაზე გაიმართება პოლიტიკური დებატები, მაგრამ რაც შეეხება ესპანეთის მთავრობის განცხადებას, ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს უფრო მკაცრი სასაზღვრო პოლიტიკა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი.

- რუსეთისთვის დაწესებული ევროკავშირის სანქციების ეფექტურობას დღეს უკვე აღარავინ უარყოფს - მაგალითისთვის რუბლის ვარდნაც კმარა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, მისმა მთავრობამ და ქართველმა ხალხმა, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს ტერიტორიული პრობლემებიც უკრაინის ჭრილში განიხილებოდეს?

- უპირველესად ვიტყვი, რომ ევროპელი ლიდერები, ევროპარლამენტი - ყველანი კარგად აცნობიერებენ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია ამის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ პრინციპში, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და შეშფოთებულიც ვართ მოვლენათა არასასურველი განვითარებით აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. შეშფოთებული ვართ იმით, რასაც რუსეთი აკეთებს უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, წლებზე რომ არაფერი ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ზღუდავს მოლაპარაკებების, დისკუსიების შესაძლებლობას. არადა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ, ვისაუბროთ, განვიხილოთ საქართველოს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები, მაგრამ

ნაბიჯი პირველად რუსეთმა უნდა გადადგას. სწორედ მან დაარღვია უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს საკითხები მეორე პლანზე არ უნდა გადავიდეს.

- თუმცა, 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ შესრულებულა ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება.

- აქ ერთი განსხვავებაა: აღმოსავლეთ უკრაინაში სავსებით ცხადად ჩანს, რომ იქ რუსი ჯარისკაცები აშკარად არიან ჩაბმული ბრძოლაში. არსებობს მინსკის შეთანხმება (ე. წ. მინსკის პროტოკოლი - 2014 წლის 5 სექტემბერს უკრაინის, რუსეთისა და ლუგანსკისა და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკების" წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დონბასში ომის შეწყვეტის შესახებ), რომელიც უნდა შესრულდეს, მით უმეტეს, რომ მასში რუსეთიც მონაწილეობდა, მაგრამ ჯერჯერობით მოვლენათა ასეთ განვითარებას ვერ ვხედავთ. პირადად მე და ბევრი თქვენგანიც, ალბათ, ვისურვებდით, რომ სიტუაცია იმ დონემდე გაუმჯობესებულიყო, რომ შეგვძლებოდა სანქციების მოხსნა, რადგან სანქციები არ არის საუკეთესო გამოსავალი. სანქციების გამო უპირველესად ხალხი ზარალდება რუსეთშიც, უკრაინაშიც, საქართველოშიც და ევროპაშიც. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ, როდესაც საქმე გვაქვს საერთაშორისო სამართლის ასეთ აშკარა დარღვევასთან.

- რუსეთსა და სოხუმ-ცხინვალის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებებზეც გკითხავთ. ამ შეთანხმებებში ფიგურირებს ერთი საინტერესო დეტალი: რუსეთი ვალდებულებას იღებს, დაეხმაროს ამ "ქვეყნებს" დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მიღწევაში. რამდენად არის ეს რეალური და რამდენად აქვს ევროკავშირს ბერკეტები, მოვლენათა ამნაირი განვითარება არ დაუშვას თუნდაც ევროპის მასშტაბით? მაგალითად, კონკრეტული შემთხვევა რომ ავიღოთ, რას იზამს ევროკავშირი, თუ ბალკანეთის რუსეთთან დაახლოებული რომელიმე ქვეყანა აფხაზეთს ან ე. წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებს?

- ვფიქრობ, არა გვაქვს საფუძველი, მოვლენათა ამგვარ განვითარებას ველოდოთ. მეტიც,

ვერ ვამჩნევ ტენდენციებს, რომ რომელიმე ქვეყანამ, თუნდაც არაევროპულმა, ახლო მომავალში საქართველოს ამ რეგიონების სუვერენიტეტი აღიაროს.

ვაჟა თავბერიძე