უნიათო ხელისუფლება? - კვირის პალიტრა

უნიათო ხელისუფლება?

მკვლელობაც არის და მკვლელობაც - ადამიანის საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქება; იმ შვილის, ვისი დაღუპვის საქმის გამოძიებისთვის იბრძოდა ბოლო რამდენიმე წელი... იური ვაზაგაშვილისადმი შეიძლება საზოგადოებაში განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდა, მაგრამ ის, რომ ასე თავდადებით იბრძოდა დამნაშავეების დასასჯელად, ნამდვილად იმსახურებს დაფასებას, მით უმეტეს, რომ ამ საქმეს შეეწირა კიდეც! ამან ბევრი რამ შეცვალა: ის, ფაქტობრივად, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას შეწირული გახდა. ხოლო ის, რომ ამ ბრძოლას დღესაც ადამიანი ეწირება, უკვე ახალი ხელისუფლების დანაშაულია. ყველაზე ხშირად დანაშაული სწორედ უმოქმედობაა, ხოლო ხელისუფლების უმოქმედობა ორმაგი დანაშაულია, რადგან ამას გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყვება, ვიდრე ჩემს ან თქვენს უმოქმედობას. ვაზაგაშვილის დაღუპვის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა: შოკირებული ვარ ამ მკვლელობითო. დროზე რომ გამოგეძიებინათ მისი შვილის საქმე, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა! მთავარი დამნაშავე კი ჭიკაიძე ყოფილა!

ის მფარველობდა თურმე სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს! ვინმე ფიქრობს, ზემოდან რომ პოლიტიკური ნება ყოფილიყო და ყველა ეჭვმიტანილი პოლიციელი თუ პროკურორი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს ჩამოშორებოდა, ჭიკაიძე წინააღმდეგობას გასწევდა? ან პროკურორებს ვინ მფარველობს, რომლებზეც ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი და დღესაც პროკურატურაში მუშაობენ, ზოგს კიდევ აწინაურებენ?! მიდგომა, რომ ის პირები, რომლებსაც დანაშაულის ჩადენას ან უკანონო ბრძანების შესრულებას ედავებიან, თურმე პროფესიონალები არიან და ყველას თუ გავუშვებთ, სისტემა დაინგრევა, ამიტომ საშუალო რგოლს ხელი არ უნდა მოვკიდოთ და მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირები დავიჭიროთო, დამღუპველია! ეს ვერ გაიგო ამ ხელისუფლებამ, რომ არ შეიძლება დამნაშავე  დაუსჯელი დარჩეს, მით უმეტეს, თანამდებობაზე! დამნაშავე, რომელიც ერთხელ დაუსჯელი დარჩა, სხვა დროსაც იმავეს გააკეთებს! მერე უკვე შენ ხდები მათი მძევალი და აუცილებლად გადაგიყოლებენ! ამ ხელისუფლებას კიდევ იმაში უმართლებს, რომ არც მთავარ პროკურორად და არც შს მინისტრად არ ჰყავს ადეიშვილისა და მერაბიშვილის კალიბრის ფიგურა, შესაბამისად, მათ იოლად ხსნის თანამდებობიდან და ხალხს უქმნის ილუზიას, რომ რაღაცას ცვლის. აბა, მიშა ვერც ადეიშვილს ხსნიდა და ვერც მერაბიშვილს, რა დანაშაულიც უნდა ჩაედინათ!

მაგრამ ასეთი ფასადური ცვლილებებით დიდხანს ვერ გაქაჩავ. ქვეყანაში ხალხის დიდი ნაწილი უკვე ნიჰილიზმმა მოიცვა. სულ უფრო ხშირად ისმის, რომ უნიათო ხელისუფლება გვყავს. უკვე წულუკიანმაც კი აღიარა ეს და განაცხადა, ვერ ვიტყვით, რომ ძლიერი ხელისუფლება ვართო. ისინი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს თავგამოდებით ებრძოდნენ, ახლა ამ ხელისუფლებას ემუქრებიან. ზოგი საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, რომ იქნებ როგორმე გამოაფხიზლოს ესენი. აქეთ ლარის კურსის ვარდნა უქმნის ხალხს არასტაბილურობის განცდას, ჩვენი მთავრობა კი დავოსიდან აკეთებს კომენტარებს.

მოკლედ, სანამ მთავრობა ნებივრობს დავოსში, ქვეყანა ჩაეშვას ლამის ქაოსში.

P.S. ვიდრე სათაურში გამოტანილი სიტყვების შემდეგ კითხვის ნიშანია დასმული, რაღაც შანსი კიდევ აქვთ. ძახილის ნიშანს რომ დასვამს ამომრჩევლის უმეტესობა, მერე ნახვამდის!