ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

დროა, ხელისუფლებამ საზოგადოება პარტნიორად გაიხადოს

დღეს მთავარია, ქვეყანა დესტაბილიზაციისგან დავაზღვიოთ. რისკი საკმარისზე მეტია: თუ ხელისუფლებამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ვერ გამოიძია, ეს იქნება მისი უსუსურობის დასტური, რაც ყველა ბნელ ძალას მისცემს დაუსჯელობის იმპულსს და ამ ვანდალური დანაშაულის ავტორს ხელ-ფეხს გაუხსნის კიდევ არაერთი დანაშაულის დასაგეგმად. ხელისუფლებას არა აქვს საკმარისი არც ავტორიტეტი და არც გამოცდილება, რომ საზოგადოებრივი გამოსვლები შეაკავოს. ამით ისარგებლებს არა მარტო კეთილშობილური მიზნებით მოქმედი, არამედ ყველა ბნელი ძალაც, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მხოლოდ დესტაბილიზაციისა და ქაოსური პროცესების შემთხვევაში აქვს.

არის იმის ალბათობაც, რომ ხელისუფლებამ "გამოსავალი" ""კუდიანებზე ნადირობაში"" იპოვოს, ანუ აჰყვეს ყველაზე ცუდ იმპულსებს და ადამიანის უფლებების მასობრივი და უკანონო შეზღუდვები დაიწყოს განუკითხავი დაკავებებით. ამასთან, არ გვყავს იმგვარი მორალური ავტორიტეტის მქონე ოპოზიცია, რომელიც ამ ბნელ ძალებს საზოგადოებრივი პროცესების მართვის სადავეებს არ დაუთმობს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს საგარეო გამოწვევები: როცა აშშ-ის პირდაპირი პროტეჟე უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მრჩევლად ნიშნავს, თავის ტერიტორიაზე დაუფარავად ამყოფებს, და თანაც ამის საერთაშორისო ტირაჟირებას ახდენს, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებულ პირს და ამასთან მას მსოფლიო დონის რეფორმატორად აღიარებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის მმართველი ელიტა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, არ ცნობს; და ეს იმ დროს, როცა თავად უკრაინის მმართველ ძალას ყოფილი ხელისუფლების 24 წარმომადგენელი ჰყავს გამოცხადებული საერთაშორისო ძებნილად! ასეთ დროს, ნაცვლად იმისა, მხარდამჭერი საკუთარ საზოგადოებაში ეძებოს, საქართველოს ხელისუფლებას საკუთარსავე საზოგადოებასთან კომუნიკაციური ომი აქვს გამართული. ამ სიტუაციით სარგებლობას ყველაზე მარტივად ვინ შეეცდება, ეს დღესავით ნათელია. თუ ასე გაგრძელდა, ყველა წინა პირობა იქნება, რომ საქართველოში უმართავი პროცესები დაიწყოს.

ამ სცენარის განხორციელებისგან რომ თავი დავიცვათ, ღონისძიებათა მთელი კომპლექსია საჭირო. რამდენიმეზე შევაჩერებ ყურადღებას:

შს მინისტრის გადადგომა ხელისუფლების სწრაფი და ადეკვატური რეაქცია იყო, თუმცა, ერთი მინისტრის ან თუნდაც მთელი მინისტრთა კაბინეტის შეცვლა ნაყოფს არ გამოიღებს, თუ რადიკალურად არ შეიცვალა თავად საკადრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი: თანამდებობებზე დანიშვნისას დღემდე მიღებული ერთადერთი კრიტერიუმი - მორჩილება, მორჩილება და ისევ მორჩილება უნდა ჩაანაცვლოს კვალიფიკაციამ, პროფესიონალიზმმა და შემოქმედებითობამ. ხელისუფლებას ეშინია ამბიციური და პოლიტიკურად მზარდი პირებისა. შს მინისტრის ახალი კანდიდატურა ამ მხრივ ხელისუფლების გამოცდა იქნება: თუ დანიშნავს ამ პოსტზე საზოგადოებისთვის მისაღებ, თუნდაც ამბიციურ ფიგურას, ეს იმედს დღევანდელი მმართველი ელიტის მიმართ კვლავ გააჩენს. თავად ჭიკაიძე კი, ალბათ, მუდმივად დარჩება როგორც ყველაზე უწყინარი და უბოროტო შს მინისტრების სიაში.

მეორე და უმნიშვნელოვანესი არის ხელისუფლებაში მთავარი ბომბის განეიტრალება: საუბარია იმ ათასობით კომპრომატის შემცველ ფაილზე, რომელიც ამ ხელისუფლებამ წინასგან მემკვიდრეობით მიიღო... და დღეს თბილისის ქუჩებში დადის: ლეილა, შოთა, ელგუჯა, ლალი -„დაფაილებულ მოქალაქეთა მთელი წყება, რომლებიც ავსებენ პარლამენტს, მთავრობას, სამართალდამცავ ორგანოებს, ოპოზიციურ სპექტრს თუ სამოქალაქო სექტორს. ისინი არიან ყველგან, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ. როგორი წარმოსადგენია, ათასობით ადამიანი, რომლებიც კომპრომატებით შეიძლება მართოს ყველამ, ვის ხელშიც შეიძლება იყოს ამ ფაილების ასლები. რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურების სამიზნე შეიძლება გახდნენ ეს პირები, წარმოუდგენია ვინმეს?! აღარაფერს ვამბობთ შიდაპოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ასევე დიდი ალბათობით ხელი მიუწვდებათ ამ ფაილებზე. არადა, ამ ფაილების ასლები რომ არსებობს, ამას მოწმობს ბოლო თვეებში მედიით გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიოფაილების კომპრომატების შემცველი ნაწყვეტები. ხელისუფლება ამ უზარმაზარ საფრთხეს არ ან ვერ იმჩნევს, ან თავადაც სიამოვნებით იყენებს მორჩილი უმრავლესობის სამართავად. სასწრაფოდ შესამუშავებელია მექანიზმი, როგორ უნდა განეიტრალდეს ამ ფაილების დამანგრეველი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე.

მესამე: იმისათვის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნას და გამოძიების მიმართ საზოგადოებას ნდობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს, აუცილებელია გამოძიების პროცესში უცხოელი პროფესიონალების ჩართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიების შედეგები, თუნდაც სამართალდამცავები კონკრეტულ დამკვეთსა და შემსრულებელზე გავიდნენ, მაინც დარჩება მუდმივი მანიპულაციის საგანი.

დღეს სწორედ ის ვითარებაა, როცა ხელისუფლებისა და საზოგადოების ინტერესი ერთმანეთს თანხვდება: არც ერთს უნდა აწყობდეს დესტაბილიზაცია და არც მეორეს. დროა, ხელისუფლება მომწიფდეს და საზოგადოება პარტნიორად გაიხადოს საერთო მიზნის მიღწევაში.