რის თქმას აპირებს ვაზაგაშვილის საქმის მთავარი მოწმე ?! - კვირის პალიტრა

რის თქმას აპირებს ვაზაგაშვილის საქმის მთავარი მოწმე ?!

"დღესაც თანამდებობაზეა ის, ვინც ვაზაგაშვილის დისკრედიტაციაში ფულს იხდიდა"

20 იანვარს კასპის სოფელ ყარაფილაში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. ხალხი სამართალდამცველებისგან პასუხს ელოდება - ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი?

"თუ დანაშაული არ გაიხსნა, ვერავინ შეგვაკავებს, ხალხი ქუჩაში გამოვა. ასეთ დაუცველ ქვეყანაში მე ვერ ვიცხოვრებ, წავალ ყველა ჩემი მტკიცებულებით საზღვარგარეთ, რაც მოხდა საქართველოში 2004-2012 წლებში, ყველას გავაცნობ და მოვითხოვ თავშესაფარს. იური ვაზაგაშვილს ჰქონდა პრეტენზიები, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეები მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. დიდხანს ითხოვდა ამ ხალხის გადადგომას, მაინცდამაინც უნდა მომკვდარიყო, რომ გადამდგარიყვნენ? ეს არ არის საკმარისი, საქმე უნდა გაიხსნას. რას ველოდო ამ ქვეყანაში, შვილის საფლავზე რომ ამაფეთქონ? ძალიან მალე მოხდება მეორე ტერაქტი საქართველოში. დაარტყამენ საზოგადოებისთვის ცნობილ ხალხს", - აცხადებს ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე.

იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ ტრაგედიის წინადღეს “კვირის პალიტრაში”გამოქვეყნდა. ის კონკრეტულ გვარებს ასახელებდა: "პროკურატურაც და შსს-ც გაძეძგილია ძველი კადრებით. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო (ახლახან გაათავისუფლეს), მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანსა და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული... ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს". ამ ტრაგედიის შემდეგ ჭიკაიძე გადადგა, თანამდებობა დატოვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარორენჩი მირზოევმაც.

ტრაგედიის შემდეგ მალევე გამოირიცხა, რომ ყარაფილაში აფეთქება თვითმკვლელობა იყო ან ვაზაგაშვილის ბიზნესს უკავშირდებოდა. საზოგადოებაში ძირითად ვერსიად გავრცელდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმეები გაჩნდნენ, რომლებიც მზად იყვნენ, ჩვენება მიეცათ. ამ ვერსიის მიხედვით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზანი მოწმეების დაშინება იყო.

ვერსიის თანახმად, შესაძლოა, ერთ-ერთი ახალი მოწმე ბუბა ფუთურიძე ყოფილიყო, რომელიც კორტების სპეცოპერაციის დროს სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. თუმცა, ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამ ვარაუდს არ ადასტურებს:

"ფუთურიძემ 2012 წელს თავად მიმართა განცხადებით პროკურატურას და თქვა, როგორ აიძულეს ცრუ ჩვენების მიცემა. შიგნეულობა გარეთ მქონდა გამოყრილი, მემუქრებოდნენ, ჭრილობას არ გაგიკერავთ, ასე მოკვდები, თუ არ აღიარებ, რომ დანაშაულის ჩასადენად მიდიოდითო".

ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა: "გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან. ეს ამყარებდა გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვისზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. მან გვარიც ბევრი დაასახელა. ჩემი აზრით, ასეთი საზარელი ტერაქტის მიზანი მოწმეთა დაშინება იყო. ერთი ვერსიით, სურთ გამოძიებას ხელი შეუშალონ და ვინმე გადაურჩეს პასუხისმგებლობას. მეორე ვერსიით, ამ ჯგუფს იმედი აქვს, ქვეყანაში არეულობას, შიშსა და ნიჰილიზმს გამოიწვევს და ამ გზით მოახერხებს თავის გადარჩენას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ირმა ჭკადუა, ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი: "ვაზაგაშვილის საქმეზე სამი მოწმე ამჟამად უკრაინაშია. უკვე დაჰკითხეს ორი მათგანი. იმედია, თუ "ხელოვნური ჩარევა" არ მოხდა, მესამე მოწმე ჩვენებას მისცემს. იური ვაზაგაშვილი საუბრობდა იმ მოწმეზე, რომელიც იყო კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი და გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა. ამ მოწმეებისგან ზოგი ყოფილი სამართალდამცველია. კიდევ ერთი დეტალი: დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელიც პერიოდულად იხდიდა ფულს ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრედიტაციისთვის. ის ირაკლი ფირცხალავას გუნდის წევრია და დღესაც თანამდებობაზეა".

თუმცა, კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მთავარი მოწმე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე იყოს. Mმას 2006 წელს 9 სხვა გამომძიებელთან ერთად დაევალა კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიება. Gგარდა ამისა, კვინიკაძე თამაზ თამაზაშვილის საქმეშიც ფიგურირებს. 2013 წლის 26 მაისს ის სხვა პოლიციელებთან ერთად დააკავეს თამაზაშვილისთვის იარაღის ჩადების ბრალდებით. ოOფიციალური ინფორმაციით, მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

გასული წლის თებერვალში გრიგოლ კვინიკაძემ ჟურნალისტს გადასცა კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი 40-წუთიანი ვიდეომასალა, რომელიც ახალ გარემოებებს ააშკარავებდა (ექსპერტების თქმით, ის ადასტურებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა განზრახ მკვლელობას). ფირის გადაცემის შემდეგ გრიგოლ კვინიკაძემ უცხოეთს შეაფარა თავი.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, ტრაგედიაში რუსული სპეცსამსახურების ხელიც ერიოს. თუმცა, ამ ვერსიას არ ეთანხმება უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე: - ვინაიდან სადემარკაციო ხაზი ახლოს არის შემთხვევის ადგილთან, გახმაურდა ვერსია, კვალი უცხოურ სპეცსამსახურებთან ხომ არ მიდისო. ამან არ უნდა შეგვაცდინოს. ეს არის ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი. შს მინისტრი სწორად მოიქცა, რომ გადადგა, რადგან საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ შსს-ს ხელმძღვანელობა მფარველობდა იმ პირებს, ვინც პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ამ საქმესთან დაკავშირებული. ვფიქრობ, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნასაც შეუწყობს ხელს. ჩემი აზრით, ამ საქმეში იმ სოფლის მცხოვრებიც ურევია. ეს დანაშაული ცივსისხლიანი პროფესიონალების ჩადენილია. თუ გამოუძიებელი დარჩა, გამოდის, არავინ არაფერში ვვარგივართ.

"პატრული სულ მორიგეობდა..."

როგორც ყარაფილელები ამბობენ, იური ვაზაგაშვილს შვილის საფლავზე სენსორული განათება ჰქონდა დამონტაჟებული, რომელიც შებინდებისთანავე ავტომატურად ირთვებოდა. ხალხი გაოგნებულია, როგორ დანაღმეს საფლავი, როცა ამ ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებს. ,,ღამის საათებში სოფლის ორღობეში მოსიარულე თუ შეგნიშნეს, მაშინვე გაჩერებენ და საბუთებს გთხოვენ. სასაფლაოსთან თითქმის ყოველთვის დგას ერთი საპატრულო ეკიპაჟი... წესით, ღამით განათებულ საფლავზე უცხო პირის მისვლა არ უნდა გამოჰპარვოდათ. ჩვენი სოფელი კონფლიქტურ ზონად ითვლება და რუსული ბლოკპოსტი საფლავიდან რამდენიმე ასეულ მეტრზეა. ბლოკპოსტი და სასაფლაო ერთმანეთის პირდაპირ არის", - განაცხადა სოფლის მკვიდრმა.

"სულ ემუქრებოდნენ"

ჟუჟუნა ვაზაგაშვილი, იური ვაზაგაშვილის და: "ეს ტერორისტული აქტია! ჩემი ძმა ზურას მკვლელებმა მოკლეს. ჩემი ძმის ცხოვრების აზრი მკვლელების დასჯა იყო. ბოლო დროს ბევრი მასალა მოიპოვა. ჰქონდა იმედი, რომ შვილის მკვლელები დაისჯებოდნენ, მაგრამ... ემუქრებოდნენ, ამ საქმისთვის თავი გაენებებინა, მაგრამ როგორ გაჩერდებოდა?!" “

რა უთხრა ვაზაგაშვილმა ჟურნალისტს ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე

ნანა ფიცხელაური, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი: "იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე მის ოფისში შევხვდი. უსამართლობით დაღლილს, იმედი მაინც არ ჰქონდა გადაწურული. საუბრის დასრულების შემდეგ ბატონმა იურიმ მაგიდაზე ნერვიულად დაყარა გარდაცვლილი შვილის ფოტოები, თვალები აუცრემლდა და მითხრა: ამის გამკეთებლები ისევ თანამდებობაზე უნდა იყვნენ? მშვიდად როგორ სძინავთო. წამოსვლისას კი საგულისხმო რამ მითხრა: "იცით, რამდენი ხანია, მითვალთვალებენ? შავი მანქანა მუდმივად დგას ჩემი ოფისის წინ, სადაც მივდივარ, თან დამყვება. რომ იცოდე, ახლაც უსმენენ ჩვენს საუბარს. ვისაც საჭიროა, იმას არ უთვალთვალებენ და უსმენენ და მე რა მჭირს გასაკონტროლებელი?"”

"იური ვაზაგაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა"

ანზორ მაისურაძე, უშიშროების გენერალ-მაიორი: - ჩემი აზრით, ვაზაგაშვილი იმის გამო მოკლეს, რომ პირდაპირ გავიდა თავისი შვილის მკვლელებზე. პირთა ერთმა წრემ საფრთხე იგრძნო და შური იძია. Mმან არაერთხელ თქვა, ჭიკაიძე მკვლელებს იცავსო. ამასთან დაკავშირებით აწ უკვე ყოფილი მინისტრი უნდა დაჰკითხონ.A შსს-სა და უშიშროებას წინასწარ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია ასეთი საშინელი აქტის შესახებ და პრევენცია მოეხდინათ. პრემიერმა საქმის გასახსნელად ერთი თვე მისცა პროკურატურას. რად უნდა ამას ერთი თვე? წესით, ეს საქმე ერთ კვირაში უნდა გაიხსნას. არ არის გამორიცხული, ამასობაში სხვა რაღაც მოხდეს - ისეთი პროცესი დაიწყოს, რაც ხალხს ამ ამბავს დაავიწყებს. ვფიქრობ, ეს სასტიკი მკვლელობა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი თანამდებობის პირების ინიციატივა იყო.

მთავარია, მხოლოდ მინისტრს არ შეაწმინდონ ხელი...

ჯემალ ჯანაშია, უშიშროების გენერალ-მაიორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი: - იური ვაზაგაშვილი პირადად იძიებდა შვილის მკვლელობის საქმეს, შეაგროვა მტკიცებულებები სპეცოპერაციაში მონაწილე პირებზე... აქ მეორე საკითხიცაა: ვინაიდან ეს კაცი თავისი საქმიანობით პოლიტიკური პერსონა გახდა და მნიშვნელოვან ინფორმაციასაც ფლობდა, შესაბამის სამსახურებს უნდა დაეცვათ. ასეთ შემთხვევაში ეს დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნებოდა. წმინდა სამართლებრივად თუ განვსაზღვრავთ, ეს იყო მკვლელობა, მაგრამ თუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, საქმე გვაქვს ტერორისტული აქტის მსგავს ქმედებასთან. რამხელა ცინიზმია ადამიანის შვილის საფლავზე აფეთქება! მისი მკვლელობა თუ ვინმეს ჰქონდა განზრახული, ამას თბილისშიც მოახერხებდა, მაგრამ სპეციალურად სადისტური აქტი მოიფიქრეს, ამას თავისი დატვირთვა აქვს - რაც შეიძლება რეზონანსული ყოფილიყო მკვლელობა!  ეს არის პროფესიონალის ხელწერა. არ არის გამორიცხული, ამ საქმეში გარკვეული პირებისა და პოლიტიკური წრეების ინტერესებიც დაემთხვეს ერთმანეთს. ვფიქრობ, იური ვაზაგაშვილის საბედისწერო შეცდომა იყო მოწმის არსებობის გახმაურება. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორიც იყო...

- რატომ ვერ მოახერხეს ამ ტრაგედიის თავიდან აცილება ოპერატიულმა სამსახურებმა, მით უფრო მაშინ, როცა აწ გარდაცვლილი ამბობდა, რომ მას უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ?

- უშიშროებასა და შსს-ს პროკურატურასთან ურთიერთკავშირში აუცილებლად უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია მზადდებოდა. აბა, ოპერატიულ სამსახურს სხვა რა ევალება? კარგია, თუ უთვალთვალებდნენ, გამოდის, უფრთხილდებოდნენ, რათა თავს არავინ დასხმოდა. მაგრამ ეს მასალა უნდა დაიდოს ყოფილი ან მომავალი მინისტრის მაგიდაზე - რომ ვაზაგაშვილზე მზადდებოდა დანაშაულებრივი ქმედება და დაიწყოს მოკვლევა: ვინ და რა სახის ინფორმაცია მიიღო და რატომ არ მოხდა მისი რეალიზება, რატომ არ დაიცვეს ეს ადამიანი?

ნანა ფიცხელაური,

თეა ხურცილავა