მართავს თუ არ მართავს? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

მართავს თუ არ მართავს? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

საკითხავი აი, ეს არის! პრინციპში, რაღა საკითხავიაო, იტყვით თქვენ და შეიძლება მართალიც იყოთ, რამეთუ, მგონი, საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ კი არ მართავს, უბრალოდ რჩევებს აძლევს, თორემ მისი მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც ერთნაირად არიან დარწმუნებული, რომ მართავს. უბრალოდ, მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ცუდია და არ შეიძლება, ხოლო მომხრეები ამბობენ, ძალიანაც კარგი, თუ მართავს, აბა, როგორ გინდათ, ეგ რომ არ ყოფილიყო, არც ერთი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა, დიახაც უნდა მართოსო!

თავად ივანიშვილმა თავისი ინტერვიუს მოზრდილი ნაწილი სწორედ იმის მტკიცებას დაუთმო, რომ კულისებიდან არ მართავს, რომ მხოლოდ რჩევებს აძლევს და რომ  მის სიტყვას "ოცნების" ყველა სხვა წევრზე მეტი ფასი აქვს, ეს რა მისი ბრალია. აბა, ბერკეტები დამანახეთ, ბერკეტები, რომლითაც მართვას შევძლებო, იკითხა მან!

და მართლაც, რა ბერკეტი აქვს მას დღეს? აგერ, მარგველაშვილმა არ მოისურვა მისი გავლენის ქვეშ ყოფნა და ერთადერთი, რაც ივანიშვილს დარჩენია,  ის არის, რომ ყველა ინტერვიუში შენიშვნა მისცეს. ღარიბაშვილიც კი არ მემორჩილება უსიტყვოდო, რომან ჩხენკელზე ჯერ კიდევ როდის ვუთხარი, მოსახსნელია და მხოლოდ რვა თვის შემდეგ გაითვალისწინაო! და მართლაც, რა შეუძლია ბიძინას, თუ ღარიბაშვილიც მარგველაშვილის მსგავსად ერთ არამშვენიერ დღეს ეტყვის, არ ვითვალისწინებ შენს რჩევებსო და თუ მთელი "ქართული ოცნებაც" მას მხარს აუბამს? მესმის, რომ ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ თავიდან ვერც მარგველაშვილზე ვიფიქრებდით იმავეს!

შეიძლება ვიღაცამ თქვას, ვერ იზამს ამას ვერც ღარიბაშვილი და ვერც "ოცნება", რადგან ივანიშვილის გარეშე მათი რეიტინგი მკვეთრად დაეცემაო. ამაზე შეიძლება სხვამ უპასუხოს: რაც ბიძინას დაუპირისპირდა, მარგველაშვილის რეიტინგი მხოლოდ გაიზარდაო. კი გაიზარდა, მაგრამ დღეს მაინც არ არის იმხელა, რომ არჩევნები მოიგოს! დღეს საქართველოში ერთადერთი ადამიანი, ვისაც პოლიტიკური კაპიტალი აქვს და ვისაც არჩევნების მოგება ჯერ კიდევ შეუძლია, კვლავ ივანიშვილია.

კარგად იცის "ოცნებაში" ყველამ, რომ მათი რეიტინგი მანამდე იქნება მაღალი, ვიდრე ხალხს ეგონება, რომ მათ ივანიშვილი მართავს! აი, ეს არის სწორედ ივანიშვილის ბერკეტი! თუმცა, ეს არაა ულევი რესურსი. თუ "ოცნებამ" ვერ გაამართლა, ივანიშვილის რეიტინგიც უკან-უკან წავა. მერე კი ნამდვილად შეიძლება გაიყაროს მათი გზები, ოღონდ ამის ინიციატორი თავად ივანიშვილი იქნება, რომ "ოცნებას" პოლიტიკურ საფლავში არ ჩაჰყვეს!

"სწორი ანალიზი"

ივანიშვილის ბოლო ინტერვიუმ ჩემთვის მთავარი, რაც გამოაჩინა, არის ის, რომ ეს ადამიანი შორსაა ხალხის სურვილებისგან. ეს განსაკუთრებით ლარის კურსზე საუბრის დროს გამოჩნდა! ჯერ ჯანსაღი პროცესია, რაც ხდებაო. კი ბატონო, ეკონომისტი არა ვარ და არ ვაპირებ კამათს, რამდენად ჯანსა|ღია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, მეორე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდა და ჩარევის აუცილებლობაზე ისაუბრა. თუმცა, მთავარი მისი განცხადების მეორე ნაწილი იყო, როცა ჟურნალისტმა იმ ხალხის პრობლემებზე ჰკითხა, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, ხოლო ხელფასს ლარში იღებს და როდესაც სესხის გადახდის დრო მოდის, დოლარის ყიდვა უწევს. კურსის ვარდნის გამო ადამიანებს ბანკში ყოველთვიური შენატანი რამდენიმე ათეული ლარით გაეზარდათ (სესხის რაოდენობას გააჩნია). ივანიშვილმა კი, კარგად უნდა იფიქრონ ადამიანებმა, ფული რა ვალუტაში დააბანდონ, თუ თავად არ იციან, ან ბანკი დაიქირაონ, ან ბანკირი აიყვანონ, ვინც რჩევებს მისცემსო. კი მაგრამ, ბიზნესმენებზე ხომ არ ყოფილა ლაპარაკი! მოსახლეობაზე ეკითხებოდა ჟურნალისტი, რომელთაც კრედიტები ან ბინის საყიდლად, ან რამე სხვა საჭიროებისთვის აქვთ აღებული. თეთრს თეთრზე აწებებენ, რომ პროცენტები გადაიხადონ, ამან კიდევ, ბანკირი დაიქირავეთო. შეიძლება ვერც მიხვდა, რაზე ელაპარაკებოდა ჟურნალისტი. ან მის რჩევას რომ ხალხმა დაუჯეროს ფულის "სწორ" ვალუტაში დაბანდების თაობაზე, მაშინ ვისაც ანაბრები აქვს ბანკში, ყველამ დოლარზე უნდა გადაიტანოს, აქაოდა, ლარი უფასურდებაო. ეს რომ მოხდეს,  ქართულ ეკონომიკასა და ლარს რა მოუვა, თუ წარმოუდგენია ვინმეს?!

ან რატომ არის დღეს ქვეყნის მთავარი სატკივარი ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედი თუ ყოფილი ხელმძღვანელების საქმიანობის შესწავლა? ამ კვლევის მიზანი რა არის? ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლაზე რომ ეთქვა რამე, ესეც ბევრ კითხვას გააჩენდა, მაგრამ პიროვნებების შესწავლა რაღა ბედენაა?!  რომ შეისწავლიან ამ პირთა საქმიანობას თუ გამონათქვამებს, მერე რა მოხდება?  ამის მიზანი რა არის?  ხალხი ადგება და მათ აღარ მოუსმენს? რატომ ჰგონია, რომ ასე იქნება? ვინც აქამდე უსმენდა, მაინც მოუსმენს და რა საჭიროა წყლის ნაყვა და ამდენი ეჭვის ხელოვნურად გაჩენა, აქაოდა, ხელისუფლება არასამთავრობოების შეზღუდვას ხომ არ აპირებსო?!

თან ახლა გადაცემას აანონსებს, სადაც ყველაზე ხშირი სტუმარი თვითონ იქნება და იქიდან "სწორ ანალიზს გაგვიკეთებს!" კი ბატონო, პრობლემა არაა, უბრალოდ, მანამდე ერთ რჩევას მივცემდი: სანამ სტუდიაში შეხვალთ, ბატონო ბიძინა, იქნებ ხალხში გაგევლოთ  და მათი პრობლემები და განწყობები უკეთ გაგეგოთ. გენახათ, რას ფიქრობენ თქვენს დატოვებულ მთავრობაზე!